"მინისტრი არ უნდა დაშვებულიყო ამ დონემდე. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის გამოხდომაზე ამგვარი პასუხის გაცემა არ ღირდა. მინისტრი უფრო მაღლა უნდა დადგეს. შეეძლო, სხვანაირი პასუხიც გაეცა," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, სადაც მან "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.
მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობის კანდიდატების შანსზე, მეორე ტურის ალბათობასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე "რეზონანსი" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
"რეზონანსი": პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებთ?
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ისე, როგორც შეეფერება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კულტურასა და დონეს. ვგულისხმობ როგორც პოლიტიკური კლასის პოლიტიკურ კულტურას, ასევე, ზოგადად, ჩვენი საზოგადოებისასაც, რომელმაც, სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მაინცდამაინც წინ ვერ წაიწია და მთელი ეს მარგალიტები, რასაც ვხედავთ წინასაარჩევო კამპანიისას, ამის მკაფიო გამოვლინებაა.
"რ": რას უნდა ელოდოს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს?
ზ.ა.: ამომრჩეველი უნდა ელოდოს, რომ საკმაოდ დაძაბული საარჩევნო გარემო შეიქმნება, რადგან მოგვეხსენება, ოპოზიციურმა პარტიებმა როგორი დაძაბულობა შემოიტანეს. სამწუხაროდ, არ ვლოდები, რომ იქნება ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა.
"რ": პარტიებსა და მათ კანიდიდატებზეც რომ ვისაუბროთ, გამარჯვების ვის მეტი შანსი აქვს?
ზ.ა.: სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს გარკვეული შანსი აქვს მიუხედავად იმისა, ვის მიერ არის ეს გამოკითხვები ჩატარებული.
სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება, მაგრამ თუკი ამომრჩეველში ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება იგრძნეს, ამან შეიძლება ერთგვარი სამობილიზაციო ბიძგის როლი ითამაშოს და იმაზე მეტი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, ვიდრე ველოდებით.
გასაგებია, რომ საზოგადოება დიდ ინტერესს ამ არჩევნების მიმართ არ იჩენს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, სამობილიზაციო რესურსი "ქართული ოცნების" რესურსი აღმოჩნდეს და ხელი შეუწყოს სალომე ზურაბიშვილის პირველსავე ტურში გამარჯვებას.
"რ": ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის მიერ შეტანილ სარჩელში არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებია მოყვანილი. ამაზე რას იტყვით?
ზ.ა.: ვერ გეტყვით, ვიდრე დოკუმენტს არ გავეცნობი. არ ვიცი, ოპოზიციას საიდან აქვს წვდომა ამ დოკუმენტებზე, როდესაც მათ, წესით, ამაზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ. ეს დოკუმენტები კონფიდენციალურია. რაც საჯარო სივრცეში არის გამოტანილი, ასეთი ინფორმაცია არ ყოფილა.
რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ თავი გაიმართლოს, ამაში გასაკვირი არაფერია. ისიც შეუძლიათ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და ციტატები თავისებურად შემოატრიალონ და საკუთარი ინტერპრეტაცია მისცენ. მთავარია, ჰააგის სასამართლო ამას როგორ შეხედავს.
"რეზონანსი": იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი გააკრიტიკა. თქვა, რომ იგი 2007 წლის ნოემბერში მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევას ხელს უწყობდა.
ზ.ა.: ქალბატონ წულუკიანს, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა. მან დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების განქიქება. ეს საერთაშორისო წრეებში მაინცდამაინც კარგ ტონად არ მიიჩნევა.