ეკატერინე ბასილაია
24.10.2018

 "ქართული ოცნების" მხრიდან არასამთავრობო სექტორზე შეტევა გრძელდება - ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "აღმოაჩინა", რომ არასამთავრობი სექტორში "ფაშიზმის მხარდამჭერები" არიან, ახლა კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი ეკა გიგაური დაადანაშაულა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლის თანამონაწილეობაში.

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ერთიანდება და ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს არის მორიგი თავდასმა და ზღვარგადასული კრიტიკა, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს და არა არასამთავრობო სექტორს.

"საერთაშორისო გამვჭირვალობა-საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მომენტებში ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს ესხმის თავს და ტყუილია, რომ 7 ნოემბრის საქმეში გამოძიებას საერთოდ რაიმე კითხვა ჰქონოდა ეკა გიგაურთან და ის გამოკითხვაზე დაებარებინათ. პირიქით, ეკა გიგაურს 2015 წელს ორგანიზაცია "პოზიციის" დირექტორ გურამ ადამაშვილისა და მოქალაქე გიორგი ხაინდრავას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის, პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჩივარი აქვს შეტანილი სწორედ იმ ცრუ ბრალდების გამო, რაც ახლა თეა წულუკიანმა გაახმოვანა."ზოგადად, ყველა აქტიური და გამოცდილი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბინძური კამპანია. ბოლოს ფაშისტებსაც შეგვადარეს. ვინც აქტიურია და საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს, ვისაც უცხოელებიც უსმენენ და ვისიც სჯერათ, სწორედ ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს ხელისუფლება. სწორედ იმ ორგანიზაციებს ესხმის თავს, ვინც ხარისხიანად ცდილობს მოვლენების შეფასებას და უღრმავდება იმ საკითხებს, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს. ახლა რაც ხდება, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასულია," - აცხადებს "რეზონანსთან საუბრისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამების მენეჯერი გია გვილავა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე და მასთან ერთად სხვა აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ფაშიზმის თანამონაწილეობაში" დაადანაშაულა, "ოცნება" არასამთავრობოებზე შეტევას ახლა უკვე საერთაშორისო არენაზეც აგრძელებს.

იუსტიციის მინისტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე კოპენჰაგენში ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა. მინისტრის განრისხება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელ გიორგი ონიანის გამოსვლასა და წულუკიანისთვის დასმულ კითხვას მოჰყვა საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ. ონიანმა, ასევე, აღნიშნა, რომ მმართველი პარტია, იუსტიციის მინისტრის ჩათვლით, თავს ესხმის სამოქალაქო სექტორს.

კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, თეა წულუკიანი ეკა გიგაურს დაესხა თავს. განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა როლი ჰქონდა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელია, წინა ხელისუფლების დროს მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაშიო.

წულუკიანის თქმით, ეკა გიგაურმა, სავარაუდოდ, წვლილი შეიტანა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლაში. სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამას დოკუმენტებით ხელში ამტკიცებენ, თუმცა ეკა გიგაური კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში არ გამოცხადებულა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორს საქართველოში საქმიანობისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი.

"საქართველოს ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში, შეგიძლიათ. არასამთავრობო ორგანიზაცია 2 საათში, ყველანაირი ბარიერის გარეშე დააფუძნოთ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ერთი ორგანიზაცია მთელი არასამთავრობო სექტორის სახელით ლაპარაკობს და შემდეგ ამის გამო საკუთარივე კოლეგების კრიტიკის ობიექტი ხდება. თუმცა ეს შიდა დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქ განხილვის საგანი არ არის," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის განცხადება "ქართულ ოცნებაში" ჩვეულებისამებრ მოიწონეს და თქვეს, რომ ეს იყო "ღირსეული პასუხი არაობიექტურ კრიტიკაზე". ერთადერთი კრიტიკული შეფასება გაისმა "ოცნებიდან" ახლად წამოსული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძისგან.

"თეა წულუკიანს ვურჩევდი, სჯობს, 7 ნოემბერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაცვლად იმ კოლეგებს გაახსენოს, ვინც გვერდით უზის, ისინიც იყვნენ 7 ნოემბერში გახვეული", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

არასამთავრობო სექტორმა კი წულუკიანის გამოსვლას მესამე სექტორზე მიზანმიმართული შეტევა უწოდა.

ბრალდების ადრესატმა ეკა გიგაურმა კი განაცხადა, რომ წულუკიანი "სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად პირად თავდასხმაზე გადადის და სამოქალაქო სექტორზე სრულიად უადგილო შეტევას აგრძელებს".

"ფაქტობრივად, ჭორაობს საერთაშორისო ფორუმზე, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებს დარტყმას და წარმოაჩენს არასერიოზულად და შემდეგ ქვეყანას, რაც ძალიან სამწუხაროა," - აცხადებს გიგაური.

გიგაურმა თეა წულუკიანს "ფეისბუქიდანაც" უპასუხა.

"არ გრცხვენია, თეა, აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით ", - წერს გიგაური.

საგულისხმოა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ბოლო პერიოდში ხელისუფლების მისამართით ბევრი კითხვა და კრიტიკა გაისმა, "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებისა და გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერების შინაარსის გამო, რამაც "ოცნების" დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

16 ოქტომბერს კი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნომ გაავრცელა განცხადება, რომ საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფოს მიტაცების (თეფეუ სფზეგკუ) მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო, რაც შეფასდა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მწვავე კრიტიკად და არასამთავრობო სექტორი მათზე თავდასხმის ახალ ტალღას ამ განცხადებასაც უკავშირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×