რა ეშველება მანამდე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას, ამაზე პასუხი არავის აქვს
თამარ მუკბანიანი
24.10.2018

 წლის ბოლოს ლარის კურსი 2.60-ს ჩამოსცდება და 2,55-ის ფარგლებში იტრიალებს. მანამდე თითქმის 2 თვეა დარჩენილი. როგორ გადაიტანს ქვეყანა და მისი მოსახლეობა ეროვნული ვალუტის მორიგ გაუფასურებას, ამის შესახებ სამთავრობო უწყებებში წარმოდგენაც კი არ აქვთ.

მომავალი წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 2.63-ია, ამიტომაც წლის დასაწყისში დაწყებული გამყარების ტენდენცია მხოლოდ მეორე კვარტალის დასაწყისამდე გასტანს.

საინვესტიციო კომპანია "გალტ ენდ თაგარტი" ანალიზს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში დოლარი-ლარის კურსი 2.50-იან ნიშნულთან ახლოს იქნება. ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლარის სეზონური გაუფასურება 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და კურსი 2.70-2.75 ფარგლებში იქნება.

კომპანიის ექსპერტებმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კორექტირებაც მოახდინეს და 5.4 პროცენტიდან მაჩვენებელი 5 პროცენტამდე შეამცირეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი სახელდება.

"ალტ ენდა თაგარტის" ცნობით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება ძირითადად თურქული ლირის კურსის ვარდნას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის გაუფასურება ან გამყარება. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია, რომელიც პატარა ქვეყნებისთვის ოპტიმალურია.

"გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელია რყევა. შეუძლებელია, იმის გარკვევა, ამა თუ იმ დღეს რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება, ან გამყარება. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ოპტიმალური გაცვლითი რეჟიმი პატარა ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს გახსნილი ეკონომიკა.

არაერთხელ აღინიშნა სარეიტინგო კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს. ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის რამე ნიშნული მაჩვენებელი არ გააჩნია", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამ შეფასებამ ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება უდავოდ მეტყველებს აკადემიური პირებისა და ანალიტიკოსების დეფიციტზე ცენტრალურ ბანკში.

"ლარის კურსის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს: ქვეყნის ვალი, საგადასახდელო ბალანსი, პოლიტიკური არასტაბილურობა და არაეფექტიანობა, საპროცენტო განაკვეთი, სპეკულაციები. გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამბობს, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება ან გამყარებაო. ეს ცალსახად მეტყველებს აკადემიური პირებისა და ანალიტიკოსების დეფიციტზე სებ-ში.

სხვა შემთხვევაში, არ შეიძლება, სახელმწიფო თუნდაც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ თქვას, რომ ის ვერ დაასახელებს ფაქტორებს. ეს არ შეიძლება. სახელმწიფო ინსტიტუტის სიძლიერეს განსაზღვრავს თითოეული მმართველი პირის სიტყვა. ამან კიდევ უფრო გაზარდა დისტანცია ინსტიტუტებსა და საზოგადოებას შორის", - აცხადებს "რეზონანსთან" აბულაძე.

რაც შეეხება ლარის კურსის სამომავლო პროგნოზს, ამაზე კონკრეტულად საუბრობს "ფინექს 1970-ის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. მისი ვარაუდით, წლის ბოლოდან რამდენიმე თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 2.55-2.57 ფარგლებში იმერყევებს.

"დაახლოებით 20 დეკემბრიდან ლარის გამყარება დაიწყება, რაც ჩვენს ანალიზშიც ავსახეთ. 10 იანვრიდან კი ეს პროცესი თვალში საცემი იქნება. კურსი დაახლოებით 2.55-ის ფარგლებში დასტაბილურდება 2-3 პუნქტის სიზუსტით. ეს არის ცდომილების ზღვარი.

რასაკვირველია, გაცვლითი კურსი რაღაც პერიოდი საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი იქნება, მაგრამ მხოლოდ ზაფხულამდე. სავარაუდოდ, ივნისიდან იგი კვლავ გაიზრდება. საშუალოვადიანი პერიოდისთვის კი ჩვენ ვხედავთ კურსს 2.55-.2.77 ფარგლებში", - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×