„თავდასხმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტზე მიდიოდა იმდენად, რამდენადაც, თავად „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თავდასხმის ხაზზე მეტად აქტიურობდა. ეს რეალურად ინტერვიუ არ იყო. სწორედ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა შეიტანა უფრო პოლიტიკური პოლემიკის სტილი, ვიდრე ინტერვიუსი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ივანიშვილთან ინტერვიუ, როგორც პარტიის თავმჯდომარის, ასევე ჟურნალისტების მხრიდან, მოუმზადებელი გახლდათ.
„როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდანაც, იყო თავდასხმა. თავად ინტერვიუ ორივე მხრიდან საკმაოდ მოუმზადებელი იყო," - დასძინა მან.
საყვარელიძის თქმით, ივანიშვილის პასუხი ფარცხალაძეს დასჯა-არ დასჯასთან დაკავშირებით, საკმაოდ ლოგიკური იყო. თუკი იგი იტყოდა, რომ ფარცხალაძე დასაჭერია, გაჩნდებოდა შეკითხვა - ამ შემთხვევაში მისი დაკავება რატომ არ ხდება.
„დავუშვათ ივანიშვილს ეთქვა, რომ ფარცხალაძე დასაჭერიაო, მერე არ კითხავდნენ, რატომ არ იჭერენო? ზომიერი პასუხიც შეიძლებოდა გაცემულიყო - რომ დასადგენი და გასარკვევია. მან თქვა კიდევაც, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თუკი გამოძიების გარეშე უნდათ ვინმე დაიჭირონ, ასე იყოს," - აცხადებს საყვარელიძე.
ივანიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ფაქტიურად „რუსთავი-2"მართავს, საყვარელიძის შეფასებით არასწორია.
„თქმა იმისა, რომ „რუსთავი 2"-ის ჭკუაზე დადის მთელი ქვეყანა, ყველაზე მცირე არასწორია თუნდაც იმ პოლიტიკური რეიტინგებით და პრეტენზიებით, რაც თვითონ პარტიას აქვს. მათ მიაჩნიათ და და სოციოლოგიური გამოკვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ვერ მიიღებს 27%-ზე მეტს. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი 2"-ის ჭკუაზე არ დადის მთელი ქვეყანა? ტელევიზია არის გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.