მმართველი პარტიის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება, მისი მორიგირ შეუსრულებელი დაპირებაა, - ასე აფასებს ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
„უკვე ამოწურულია ყოველგვარი ნდობა, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია უკვე დიდი ხანია და რეალურად კარგად აჩვენა, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან, ვერ ღებულობენ პრინციპულ გადაწყვეტილებას და მიყვებიან დინებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყოფილი მინისტრი „რეზონანსთან" ასევე აფასებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს.
„თვითონ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი კი არაა, მან უკვე აჩვენა, რომ ამ წლების განმავლობაში ის გაურბის პოლიტიკას, არ არის ამ პოლიტიკაში და თუ არის, არის იძულებით და არ არის ხალხისთვის.
„მას უყვარს საქართველო, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, გარდა სიყვარულისა, სხვა მას არაფერი შეუძლია, შეუძლია მხოლოდ ფულის ხარჯვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე აზრით, ჯობია ბიძინა ივანიშვილმა თავი დაანებოს პოლიტიკას და მიანდოს ეს საქმე ისეთ ადამიანებს, ვისაც უკეთ ესმით და შესწევთ უნარი უხელმძღვანელონ ქვეყანას.
„ჯობია თქვას, რომ მას არ გამოვუიდა და საქმე პოლიტიკოსებს, კონკურენტუნარიან გარემოს მიანდოს, ხელი შეუწყოს პარტიებში თანასწორობას, გაანებოს თავი ამ მკვდარი ორგანიზაციის - „ქართული ოცნების" მხარდაჭერას და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ თვითონ განვითარდეს", - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
გუშინდელ ინტერვიუს კი ის შემდეგნაირად აფასებს:
„უფრო მეტი კითხვა დაისვა, ვიდრე პასუხი გაიცა გუშინ. ბევრი კითხვა დაუკმაყოფილებეელი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით ფარცხალაძესთან დაკავშირებით იყო ძალიან შემაშფოთებელი პასუხი, როცა ასეთ ადმიანს იცავს ივანიშვილი, ეს ძალიან შემაშფოთებელია და მე მისგან ველოდი უფრო მკაცრ შეფასებას ფარცხალაძის მიმართ", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ „TV პირველის", „რუსთავი 2"-ისა და „იმედის" ჟურნალისტებთან გუშინ შედგა.