(რეზონანსი) ახალციხეში 37 წლის დედას ხუთი წლის შვილის ცემაში ადანაშაულებენ, რის გამოც მას ბიჭთან ერთად ოთხი წლის გოგოც ჩამოართვეს. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დაბრუნდებიან თუ არა ბავშვები დედასთან. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბრალდებული ქალი ამბობს, რომ ბავშვისთვის არ დაურტყამს. მისი თქმით, ბავშვს ბაღში სიარული არ უყვარს და შემთხვევის დღეს ბევრი იტირა, რის გამოც ბაღიდან მისი ადრე გამოყვანა მოუხდა. ამის გამო კი შვილი კუთხეში დაყენებით დასაჯა.
ქალის მეზობელი კი ამბობს, რომ დედამ შვილი სცემა და ბავშვის ტირილის ხმა მათ ხშირად ესმით, სასწრაფოც სწორედ ამ თვითმხილველის ოჯახის წევრმა გამოიძახა.
სასწრაფოს შემდეგ ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან, ხუთი წლის ბიჭთან და ოთხი წლის გოგონასთან ერთად, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. აქ ხუთი წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარეს, დასკვნის მიხედვით, ბავშვს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. პოლიციიდან მცირეწლოვნები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.
ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ ქალი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1000 ლარითაც დააჯარიმა. დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.
ბრალდებული ქალი ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსს ლევან ტორუასა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
რაც შეეხება ბავშვების მამას, ის მომხდარის შესახებ არ ლაპარაკობს.
სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.