2018 წლის იანვარ-სეტემბერში ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის 600 მლნ-ით გაიზარდა. მზარდია ექსპორტი, კიდევ უფრო დიდი სისწრაფით მატულობს იმპორტი. წელს ეს დამანგრეველი ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინო გახდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ ეს ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდოა. დაპირება ქვეყნაში ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტის შემცირების შესახებ ვერ შესრულდა.
ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, 2015-2017 წლებში, იმპორტის მოცულობამ იკლო, რაც ვალუტის დევალვაციასა და მოხმარების შემცირებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია კვლავ გრძელდება, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის წილი ნახტომისებურად გაიზარდა და 6.676 მლრდ დოლარს მიაღწია. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 5.3-5.6 მლრდ დოლარის ფარგლებში ტრიალებდა.
გაზრდილია ექსპორტიც, მისი მოცულობა 2.448 აშშ დოლარია, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 474 მლნ-ით მეტია. 2017 წელს ექსპორტი 1.947 მლრდ-ს შეადგენდა. ამის მიუხედავად, მკვეთრად გაზრდილია უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც. 2017 წლის 3 კვარტალში იგი 3.660 მლრდ იყო, ხოლო 2018 წელს - 4.228 მლრდ.
ასეთი ცუდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში არ ყოფილა. გამოდის, ქვეყანა წლიდან წლამდე უფრო მეტად იმპორტდამოკიდებული ხდება, არადა, დაპირება სულ სხვაგვარი იყო. მიუხედავად ევროკავშირთან ამოქმედებული ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებისა, ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფოს ეკონომიკურმა გუნდმა შენგენის ბაზრის ათვისება მაინც ვერ მოახერხა. იზრდება ექსპორტი, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე ხდება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მუშაობა და მაღალი ეკონომიკური ზრდაა საჭირო უარყოფითი სალდოს შესაცვლელად.
"ბალანსის პრობლემა წლების დაგროვილია. ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ექსპორტი თითქოს იზრდება, თუმცა იმპორტს იმდენად მაღალი ტემპი უჭირავს, ვითარება უარესდება.
უარყოფითი ტენდენციის შემოტრიალებას წლები, დიდი მუშაობა და ეკონომიკის მუდმივი წახალისება სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ მხრივ ბაზრების ათვისებაა. ჩვენ შევედით ჩინეთის ბაზარზე აქტიურად, მაგრამ თუ დეტალურად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ აქაც უარყოფითია სალდო, მაგრამ თუ შევხედავთ ბაზრის თვალსაზრისით, ჩინეთი გაცილებით დიდია და ამიტომ მეტი რესურსი გვაქვს.
სამწუხაროდ, რაც მუდმივ პრობლემად რჩება, ეს არის ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენი მეწარმეებისთვის პრიორიტეტი ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეა. ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, მაგრამ მეტი მუშაობაა ხელისუფლების მხრიდან საჭირო, რათა ეს შეიცვალოს. მით უფრო, ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილურია.
რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიდის ინდოეთთან, რათა გახსნას ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი და შემდგომი პოპულარიზაციაა საჭირო. ციფრები ადასტურებს, რომ არასაკმარისად მიდის მუშაობა ჩვენი ნაწარმის ცნობადობის გასაზრდელად", - ამბობს "რეზონანსთან" ბაირახტარი.
როგორც აფბას ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ბევრად მაღალი იქნებოდა, რომ არა რეექსპორტის დიდი წილი.
"უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმინდა ექსპორტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მთლიანი მოცულობა. ამ კომპონენტში საკმაოდ დიდი წილი რეექსპორტს უკავია, სადაც დიდია ავტომობილების გადინება მეზობელ ქვეყნებში.
კიდევ უფრო დიდი უარყოფითი სალდო გვექნებოდა, რომ არა ეს მომენტი. გამოდის, ექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზი რეექსპორტია და არა ადგილობრივი წარმოება.
ასეთ რეალობაში, ეტაპობრივად, წლების განმავლობაში შეიძლება შემცირდეს უარყოფითი სავაჭრო სალდო, თუ ამ პერიოდში მზარდი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ეს ჯერ არ ჩანს. უნდა არსებობდეს პროდუქცია, რომელსაც შესთავაზებ სავაჭრო პარტნიორებს", - განაცხადა ბაირახტარმა.
ლარის გაუფასურების შემდეგ იმპორტის წილი წლიდან წლამდე მცირდებოდა, ტენდენცია 2018 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შეიცვალა. ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ იმპორტის ერთბაშად ზრდის მიზეზი სახელმწიფო შესყიდვაა.
"ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტს სესხულობს ქვეყანა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყანაში მოხმარება ნამდვილად არ არის გაზრდილი და, სავარაუდოდ, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების მომენტი ამ ნაზარდში. როგორც ჩანს, კაპიტალი ქვეყნის გარეთ გაედინება", - ამბობს ეკონომისტი "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქვეყანაში წარმოების სიმცირის გამოა. რაც შეეხება ბოლო 9 თვეში იმპორტის მკვეთრ ზრდას, ეს ტურისტული ნაკადის მატებითაა განპირობებული, რომელთა მოთხოვნასაც ქართული ბაზარი ვერ აკმაყოფილებს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში იზრდება ექსპორტი, თუმცა იმპორტიც ტოლს არ უდებს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ეს პრობლემა უცვლელია. ადგილობრივი წარმოება და გასატანი პროდუქცია მცირეა, ქვეყნის ბაზრის 80%-ზე მეტი კი იმპორტულ საქონელს უკავია.
ლარის დევალვაცია აიაფებს ექსპორტს და აძვირებს იმპორტს. ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად მცირდებოდა იმპორტიც, მიმდინარე წელს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჩემი აზრით, იმპორტის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ტურისტების ნაკადს.
ნებისმიერ დიდ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ძირითადი წილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც თვალის ერთი შევლებითაც ჩანს. შესაბამისად, იზრდება პროდუქციაზე მოთხოვნა, საქართველოში არაფერია წარმოებული იქედან, რასაც ისინი ყიდულობენ და რაც დიდ სავაჭრო ცენტრებში იყიდება. ამ ადამიანების დაკმაყოფილებას ეკონომიკა ახერხებს ისევ იმპორტირებული საქონლით", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.