მარი გოცირიძე
25.10.2018

 საქართველოს ფოსტის მომხმარებლები "თიბისი ბანკის" პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის დეტალების შესახებ კომპანიების გენერალურმა დირექტორებმა 24 ოქტომბერს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

არსებული ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გააგზავნონ ან მიიღონ გზანილები და ამავდროულად ისარგებლონ "თიბისი ბანკისა" და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით, ასევე, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელონ მათთვის სასურველი ფინანსური ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა და საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვისცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში დაინერგება.

"ჩვენი გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა საბანკო სექტორთან, კომპანიის მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკა. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურებისა და პროდუქტის შეთავაზება, რომელთაც ერთობლივად განვახორციელებთ. ვფიქრობ, თანამშრომლობას ექნება მრავალი მიმართულება, არ შემოიფარგლება მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა მეტი ინოვაციის ინიცირებისთვის. ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლობა იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს ჯერჯერობით გაცხადდა. ბევრად მეტი სიახლის შეთავაზებას შევძლებთ მომხმარებლისთვის, რასაც სამომავლოდ "თიბისი ბანკთან" ერთობლივად განვახორციელებთ, რამდენადაც "თიბისის" გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან", - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის - ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ხელშეკრულება მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას ითვალისწინებს.

"მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან, ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. კერძოდ, საქართველოს ფოსტას დღეს ჰყავს 1 მილიონ მომხმარებელზე მეტი და აღსანიშნავია ასევე 120 ათასი ემიგრანტი, რომლებიც საქართველოს გარეთ იმყოფებიან. თავის მხრივ, "თიბისის" ჰყავს 2 მილიონზე მეტი ფიზიკური პირი მომხმარებელი და ჩვენი ერთობლივი მომსახურება სწორედ სერვისების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ, ორივე კომპანიას, ბევრი საერთო გვაქვს - ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება და საქართველოს ფოსტა და "თიბისი ბანკი" ერთობლივად არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"თიბისი ბანკი" საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით. "ბანკი რესპუბლიკის" შემოერთების შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, "თიბისი ბანკის" მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 37.1%-ს, სასესხო პორტფელი - 38.3%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 39.5%-ს. "თიბისი ბანკი" ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს. "თიბისი ბანკს" საქართველოს მასშტაბით 7,200 თანამშრომელი ჰყავს, ბანკის ფილიალების რაოდენობა კი 152-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).

"თიბისი ბანკის" აქციებით 2014 წლიდან ვაჭრობენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, ქვეყანაში უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×