მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბეჭდურ და ონლაინმედიას იგნორირებას უკეთებს
ია აბულაშვილი
25.10.2018

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11 საათზე, ტელევიზიის ჟურნალისტებთან მორიგ შეხვედრას გეგმავს, რომელზედაც მიწვეულები არიან "მაესტროს", "ობიქტივის", "პალიტრა ნიუსის", "კავკასიისა" და "იბერიის" ჟურნალისტები. იგი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ხელმეორედ იწვევს ამ შეხვედრაზე.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ივანიშვილისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ყველა მედიასაშუალებას 26 ოქტომბერს, საღამოს, შეხვედროდა, რაც წინასაარჩევნოდ ბოლო აკორდი იქნებოდა.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა თავისი გამოსვლით, თავად ნახა და შეაფასა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და არაფერზე პასუხი არ ჰქონია. ერთადერთი, რასაც ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა ფიქრობს, მეორე ჯერზე უფრო მეტი პოზიტივი შეიტანოს.

"ჩემი აზრით, მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, ყველა მედიასაშუალებას ერთად 26 ოქტომბერს შეხვედროდა და ეს უნდა ყოფილიყო წინასაარჩევნოდ ბოლო აკორდი.

"კატასტროფა იქნება, თუ ამ შეხვედრაზეც იგივე განმეორდა და იმავე შინაარსით ილაპარაკა, რადგან ვინც ამჯერად არიან მიწვეული, მათაც იგივე კითხვები ექნებათ, ეს კითხვები არსად გამქრალა.

"ამ შეხვედრაზეც რომ არ არიან მიწვეული ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები, ესეც კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯია. ეტყობა, დღეს ივანიშვილის სამიზნე არ არის პრესა და უნდა, რომ არჩევნებმდე სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები, ამის ყველაზე ეფექტური საშუალება კი არის ტელევიზია.

"რა გამოვა აქედან, არ ვიცი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" თავად მოიქცია თავი იზოლაციაში, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაარღვიოს, თორემ დროის ათვლა უკვე დაიწყო", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

კორნელი კაკაჩია: "როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე კმაყოფილი არ არის ამ ინტერვიუთი და ცდილობს ვითარების გამოსწორებას, უნდა აჩვენოს, რომ შეკითხვების არ ეშინია. არადა, ბოლო მოვლენებმა, რაც ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება, ბევრი კითხვა გააჩინა და პასუხი უნდა გაეცეს.

"არის მეორე ვერსიაც - რომ "ოცნებას" გაუჭირდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წამოწევა და მისი გამარჯვება სათუო გახდა. ამიტომ ივანიშვილი შეეცდება, თავისი ავტორიტეტი მიაშველოს ამ საქმეს და დაარწმუნოს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. მან კარგად იცის, რომ მოსახლეობის 90% ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით იღებს და ამიტომაც შეეცდება, რომ ეს ტრიბუნა მაქსიმალურად გამოიყენოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×