თამარ შუკვანი
25.10.2018

 პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ სამშაბათის ინტერვიუში საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას "დასამახსოვრებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი დამოკიდებულება ივანიშვილსაც და სახელმწიფოსაც ვნებს.

სოსო ცისკარიშვილი: ასეთი შეხვედრის ფორმატი წინასწარ იყო განწირული. ტელევიზორებთან ჩასაფრებული საზოგადოება მიხვდა, რომ შოკის საშიშროება არსებობს ასეთი გამონათქვამების მოსმენისას. იგი ცდილობდა, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ მას სიცრუე არ გამოსდის.

"რეზონანსი": თავად ივანიშვილი მოსალოდნელი შეკითხვებისთვის რამდენად იყო მომზადებული და, ასევე, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს როგორ შეაფასებთ?

სოსო ცისკარიშვილი: ეს შეხვედრა არც ერთი მხრიდან არ იყო მომზადებული. გაღიზიანება ერთმანეთის მიმართ მაყურებელთათვის ისედაც ცნობილია. უფრო დასამახსოვრებელი ბატონი ბიძინას გამონათქვამებია არსებული რეალობის შეფასებისას, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავად ივანიშვილს ვნებს, მაგრამ ვნებს სახელმწიფოსაც.

"რ": "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისადმი ივანიშვილის დამოკიდებულებაზე რას იტყვით?

ს.ც.: ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-თან მარცხი განიცადა. არ შეიძლებოდა, უფრო მკაცრი პაექრობა ყოფილიყო ჟურნალისტსა და საქართველოს მთავარ მწყემსს შორის.

"რ": თქვენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა ივანიშვილს და მისმა ჩანაფიქრმა თუ გაამართლა?

ს.ც.: მე რომ ივანიშვილის ოჯახის წევრი ვყოფილიყავი, აუცილებლად ვინერვიულებდი მის ჯანმრთელობაზე, რადგან იგი არ არის შეჩვეული, რომ ვინმე რაიმე სხვას ეუბნება, განსხვავებულს საკუთარი აზრისგან.

თემა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ეყოლება ქალბატონი სალომეს სახით, შეიძლებოდა უფრო ვრცლად ყოფილიყო შესწავლილი ამ შეხვედრაზე, მაგრამ ადამიანი როდესაც ქება-დიდებით იწყებს საუბარს, მისი გადათქმა დამაჯერებელი არ არის.

მე ამ ჟურნალისტების ადგილას ვთხოვდი იმას, რასაც დიდი ხანია, ველოდებით. ჩვენ ვიქნებოდით აღტაცებულნი, თუკი ბატონი ბიძინა საჯარო სივრცეში სიტყვა "ნატო"-ს იტყოდა. მეშვიდე წელია, მთავარი პოლიტიკური სივრცის მამა-მარჩენალი ერიდება ამ სიტყვის თქმას, არსად უთქვამს. ეჭვია, რომ შესაძლოა, მას ამ თემაზე საუბრის უფლება არ ჰქონდეს.

"რ": კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ს.ც.: არცთუ ძნელია, გამოვითვალოთ, ვის ინტერესებს ატარებს ქალბატონი ზურაბიშვილი - თბილისის ქართვლის დედისა თუ მოსკოვის კრემლისა. მისი გამონათქვამები და ბატონი ბიძინას მუდმივი მდუმარება ამ თემაზე არის ერთნაირი.

გამიხარდებოდა, მომცემოდა საშუალება, მომესმინა ბატონი ბიძინასგან, რომ მისთვის მიუღებელია ახალგაზრდების კანაფითა და სხვა ასეთი მომაკვდინებელი ნივთიერებებით განადგურება. თურმე 500-ჯერ მეტია მოგება.

"რ": თუკი კანაფის შესახებ კანონპროექტი განხილვას დაუბრუნდა, თქვენი აზრით, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია?

ს.ს.: ეჭვი არ მეპარება, რომ ასეთი განხილვა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩრდილოეთ მეზობელს თავისი სურვილი ბრძანების სახით წარმოეჩინა.

ამ თემამ უცებ იჩინა თავი, მეორე დილას კი, სრულიად მოულოდნელად, ციდან ჩამოვარდნილი თემა პარლამენტის აქტიური განხილვის საკითხი გახდა. კიდევ მითხარით ერთი ისეთი საკითხი, რომელიც ღამე შესულიყოს პარლამენტში და მეორე დილას ამაზე ვინმეს რაიმე ეთქვა. ასეთი რამ არ მომხდარა.

"რ": კარსმომდგარ არჩევნებზე რას იტყვით?

ს.ც.: ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს, რადგან სხვა გამოსავალი მას არ აქვს. სიმშვიდე საქართველოში მისთვის მიუღებელია.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთმინება უკიდეგანო არ არის, თუ დაიწყება დავიდარაბა და გაგრძელდება ურთიერთლანძღვა, დაკნინება დემოკრატიული პროცესებისა, რასაკვირველია, ევროკავშირიც და ნატო-ც ზურგით მოგვიტრიალდება. მაშინ შეიძლება რამდენიმე მილიარდმა ვიღაცის ჯიბეში იფეთქოს.

"რ": მეორე ტურს გამორიცხავთ?

ს.ც.: ამას არ აქვს მნიშვნელობა. ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს პირველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×