თამარ შუკვანი
25.10.2018

 „დებატებში ვაშაძემ და ბაქრაძემ ქალბატონი ზურაბიშვილი დაამარცხეს. მას ბევრ კითხვაზე პასუხი არც გააჩნდა. იგი ამტკიცებდა, რომ საქართველოში არც თუ ისეთი ცუდი მდგომარეობაა, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ. ბაქრაძემ და ვაშაძემ, ორივემ, არგუმენტირებული პოზიცია დააფიქსირა," - გუშინდელ დებატებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ასე აფასებს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარაძე კისაპირისპირო შეხედულებისაა. მისი თქმით, არცერთ მხარეს აშკარა უპირატესობა არ ჰქონია და ასევე დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი თავი იმაზე უკეთ წარმოაჩინა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გუშინ პირველი არხის ეთერში ერთმანეთს გადაცემა „დებატები 2018"-ის ეთერში დაუპირისპირდნენ.

მსგავს დებატებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამ დებატებმა გარკვეულწილად საზოგადოებას ჩანაწერების სკანდალი დროებით გადაავიწყდა და დასძინა, რომ საუბარი საგარეო პოლიტიკასა და მომავლის ხედვებზე აუცილებელია, რაზეც გუშინ პრეზიდენტობის კანდიდატებს საუბარი ჰქონდათ.

„მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, მოვესალმები მსგავს დებატებს. დებატების დროს განხილული იყო, როგორც საქართველოს საშიანო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც იყო საუბარი და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დებატები შედგა.

„ამ დებატებმა გარკვეულწილად გადაფარა და ნაწილობრივ ხალხს დაავიწყდა ის ჩანაწერები, რომელიც არსებობს. დებატები მეტწილად მომავალზე იყო ორიენტირებული და მივესალმები მსავსი დებატების გამართვას.

„მეტ-ნაკლებად შესაძლოა ამ დებატებმა შეცვალოს რამე. სხვადასხვა სოციალური კვლევების მიხედვით, 20-დან 40%-მდე მერყეობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ ვის მისცემენ ხმას. ამიტომაც, შესაძლოა ამ დებატებმა არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს, მაგრამ რადიკალურ ცვლილებას მაინც არ მოახდენს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარაძე საპირისპირო შეხედულებისაა. მისი თქმით, არცერთ მხარეს აშკარა უპირატესობა არ ჰქონია და ასევე დასძინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი თავი იმაზე უკეთ წარმოაჩინა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ანალიტიკოსმა მათ გამოსვლას „აგრესიული" უწოდა.

„ვერ ვიტყვით იმას, რომ რომელიმე მხარე აშკარად მოგებული გამოვიდა. მონაწილეებს ჰქონდათ თავისი პლუსები და მინუსები. სახელისუფლებო კანდიდატი იმაზე უფრო მეტად მომზადებული გამოვიდა დებატებზე, ვიდრე პირადად მე ველოდი. ოპოზიციის კანდიდატები ვერ მალავდნენ საკუთარ აგრესიულ დამოკიდებულებას და ეს ჩანდა, სამწუხაროდ, ამ დებატების პროცესში, რაც არ ტოვებდა დადებით შთაბეჭდილებას," - აღნიშნა მან.

ანჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული დებატები წინასაარჩევნოდ არ იმოქმედებს და თუკი ვინმეზე გავლენას მოახდენს, ეს ძალიან ვიწრო წრე იქნება.

„ჩვენი პოლიტიკური კულტურა განსხვავდება დასავლური პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციებისაგან. ეს დებატები თუკი მოახდენს გავლენას, ეს იქნება ადამიანთ ძალიან ვიწრო წრეზე, ვინც უყურებდა ამ დებატებს და კანდიდატებს ამ დებატების მიხედვით შეაფასებენ. არ მგონია, რომ ამ დებატებმა რამე გავლენა მოახდინოს. უფრო მეტი დრო უნდა გავიდეს, რომ წინასაარჩევნო დებატებმა შეიძინოს ის დატვირთვა და მნიშვნელობა, რაც აქვს დასავლურ დემოკრატიებში," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×