თამარ შუკვანი
25.10.2018

 „ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი მეუღლის შასახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება; დასტურდება ფაქტი, რომ აღნიშნულ პირებს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება გადაეცათ, მაგრამ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს," - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

უგულავას თქმით, „შპს ოლსიზენის" 30%-იანი წილის მფლობელი წელს ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი გახდა, რომელმაც ახლახან „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა.

„არსებობს შპს „ ოლსიზენი", რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს სახელმწიფომ გადასცა უძრავი ქონება მესტიაში. მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია ან უნდა აემუშავებინა სასტუმრო. „ოლსიზენმა" სახელმწიფოსგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. 2015 წელს, უკვე 26 მარტს მთავრობის განკარგულებით ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ოლსიზენის" 30% ის მფლობელი ხოლო უკვე ამ არჩევნებზე ქალბატონი ნათია ხვისტანი, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილს წირავს 50 000 ლარს.

„ანუ კომპანია, რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება იმისათვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო, ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომპანიას "ქართული ოცნების" მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო, რომელიც უნდა გადაეხადა, ჩამოუწერა და მეტიც, წინსწრებით ინდულიგენციის მსგავსად, წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეასრულებ პირგასამტეხლოს, მაინც არ გადაიხდიო.

„საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის რომ ვიქტორ ჯაფარიძე, "ქართული ოცნების" დეპუტატი გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი. მე მინდა გითხრათ, რომ მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ.

„უკვე 6 წელი გავიდა და ქართული ოცნების მავნებლობა და კორუფციული ჟინი იქამდე არ წყდება, რომ ერთია, მათ პირდაპირ, ასე რომ ვთქვათ, საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის არაფერი არ გაკეთებულა.

„ანუ 6 წელიწადი შენობა ფუჭდება. იმის მაგივრად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ. მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით, არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით. როგორ ხდება, რომ სახელმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა, ვალდებულებებს არ ასრულებენ და უკვე ღიად, პირდაპირ მონაწილეობენ ქართული ოცნების დეპუტატები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები," - განაცხადა გიგი უგულავამ.

რამდენიმე დღის წინ, კერძოდ 18 ოქტომბერს, მესტიის მაჟორიტარის ვიქტორ ჯაფარიძის ცოლმა სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირულ 50 ათას ლარზე განმარტება გააკეთა და დასძინა, რომ თანხის ჩარიცხვის შესახებ პირადად მიიღო გადაწყვეტილება და ზურაბიშვილისთვის საკუთარ დანაზოგი იქნა ჩარიცხული.

„ჩვენ წალკის რაიონში ჰესი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ბიზნესი და იმით ვცხოვრობთ, დეპუტატის ხელფასი ნამდვილად საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ შემოწირულობა გამეკეთებინა. არავის უთხოვია. ჩემი ნება-სურვილით, მხოლოდ ჩემი ნება-სურვილით, ჩემი ანგარიშით ჩავრიცხე უბრალოდ ხელით ჩავრიცხე მივიტანე და ჩავრიცხე, რა საჭიროა ახლა ამდენი შეკითხვა?" - ამბობს ხვისტანი "კურიერთან" სატელეფონო კომენტარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×