"საზოგადოებაც და მისი გარემოცვაც ივანიშვილის განცხადებას ფარცხალაძეზე სწორედ ისე აღიქვამს, რომ თუ ჩემი ერთგული იქნებით, არ გაგწირავთ, დაჭერა არ გემუქრებათო. სხვანაირად, აბა, როგორ შეიძლება აღიქვა ეს?! ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, ნეტა, ერთი კაცი თუ არის მის გარემოცვაში, რომელიც იმას კი არ ეტყოდა, რომ კატასტოფა იყო ეს ბრიფინგი, არამედ იმას მაინც ეტყოდა, რომ მთლად კარგი არ გამოვიდა?!" - აცხადეს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძე.
რეზონანსი: ივანიშვილის მიერ ორ დღის წინანდელ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების შეფასება ისევ გრძელდება, „ოცნებას", რა თქმა უნდა მოსწონს, ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდეს. ყველაზე მოკლედ ეს ინტერვიუ დავით უსუფაშვილმა შეაფასა, ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი 2"-ის პროკურორი და ჟურნალისტების მასწავლებელიო. თქვენი შეფასებით, რა გვითხრა ივანიშვილმა?
ვახტანგ ძაბირაძე: მთავარი მესიჯი იყო ის, რომ „რუსთავი 2" რომ გამოვრთოთ, თურმე ყველაფერი იქნება კარგი და სულ აღმშენებლობაში ვიქნებით.
„რ": და ასევე, ფარცხალაძეს რას ვერჩით, მას დასაჭერი არაფერი ჩაუდენია...
ვ.ძ: ფარცხალაძე ამ შემთხვევაში მესამეხარისხოვანია. ეს კატასტროფაა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. გულწრფელად გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოსვლას. ერადერთი შანსია, რომ ვადამდელი არჩევნები გაკეთდეს, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო არ შეიქმნას. ამ ინტერვიუს შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს კაცი ან აცდენილია საერთოდ რეალობას და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში, ან რაღაც ისეთ თამაშს თამაშობს, რომელიც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ ის ასე ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქაოსისკენ მივდივართ.
„რ": წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში რა ხდებაო, ამბობთ. ინფორმაცია არა აქვს? არადა ინტერვიუში გამოჩნდა, რომ იცის, რა საქმეების გამო აკრიტიკებენ „ოცნებას", ყველა კრიტიკული საქმის კურსშია და „რუსთავი 2"-საც აქტიურად უყურებს.
ვ.ძ: ინფორმაციას არ ფლობს-მეთქი, არ მითქვამს. რეალობას არის აცდენილი. თუ თვლის, რომ რასაც „რუსთავი 2" ამბობს, ყველაფერი ტყუილია, ის ამუქებს ყველაფერს და ამ არხის გარეშე აღმშენებლობაა, ეს ნიშნავს, რომ რეალობას არ ფლობს. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის.
„რ": ჩვენ რა დავინახეთ ამ ინტერვიუთი, ივანიშვილის ამოცანა რა არის? გაჩნდა აღქმა, რომ მისი ამოცანაა არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ ის, რომ თავისივე მოყვანილი ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს, ამიტომ ვერ ხედავს მისი ხელისუფლების საქმიანობაში ვერაფერს კრიტიკულს.
ვ.ძ: მთლად ასე არ არის, რომ ხელისუფლებას ყველაფერს უწონებს. მან თქვა, რომ ერთი წელი მჭირდება, მენეჯმენტი განვახორციელო, პიარ-ჯგუფი ჰყავს, რომელიც გეგმავს, როგორ აჩვენოს ხალხს სიმართლე.
„რ": თუმცა მას ეს ერთი წელი „ყველაფერზე სახელის დასარქმევად" სჭირდება, ოპონენტებს რომ ცუდი დაარქვას, თორემ ისე აღმშენებლობაა...
ვ.ძ: გასაგებია, მაგრამ ამ პრობლემას ხომ ხედავს მენეჯმენტისას?! და პრობლემა სწორედ ეს არის. ეს მენეჯმენტის კი არა სისტემის პრობლემაა და სისტემის შეცვლას არ აპირებს. სამწუხაროდ, ივანიშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში ამ პრესკონფერენციაზე ეს არ ჩანდა. ის ან ვერ ხედავს რეალობას, ან იცის რა არის რეალობა, მაგრამ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს. ამიტომ აქ მხოლოდ ვერსიებზე შეიძლება ლაპარაკი. ფაქტობრივად, ჩვენ სისტემა არასდროს არ შეგვიცვლია კომუნისტებიდან მოყოლებული. სახელებს ვუცვლიდით მარტო, უფლებამოსოლებები გადაგვქონდა ცეკას მდივნიდან ჯერ პრეზიდენტზე და ახლა პრეზიდენტიდან - პრემიერ-მინისტრზე. ამას მთლიანად რეორგანიზაცია უნდა და ხედვა უნდა ამას. როცა მენეჯმენტზეა საუბარი, მენეჯმენტი სულ სხვა რამეა, სახელმწიფო სისტემა სრულიად განსხვავებულია და ერთნაირად ამათი მართვა არ შეიძლება და არც ერთმანეთზე მორგება. მაგრამ ხედავს კი ამ პრობლემებს? დემოკრატია სამართავად ცოტა რთული რამაა. ჩვენ ისევ ავცდით დემოკრატიას და მის ნაცვლად პლუტოკრატია, მდიდართა მართვა მივიღეთ. დღეს დაახლოებით ასეა. ამის სიმპტომები უკვე ჩანს დღეს, ჰაერზე კი არ ვამბობ. როდესაც ქალაქის მერი იწყებს ლაპარაკს, რომ ქალაქის ცენტრში საშუალო ფენაც ვერ შევა, რომ თურმე ევროპაში ქალაქების ცენტრალურ უბნებში მანქანის გაჩერება არის მაღალი ფასი და იქ რას იღებს საშუალო ფენა, რამდენი აქვთ შემოსავალი, ამას თურმე მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ, შეწუხდნენ ისინი, ვისაც ფული აქვს, რომ მანქანას ვერ აჩერებენ. ამიტომ რა უნდა უქნან?! ყველაზე ადვილი გამოსავალია ქალაქიდან გავდევნოთ ეს ხალხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სხვა პროცესი იწყება. პლუტოკრატია, მდიდართა ძალაუფლება ყალიბდება.
„რ": თქვენ თქვით, რომ ფარცხალაძე მესამეხარისხოვანიაო, თუმცა ივანიშვილმა ბევრჯერ ახსენა, რომ მას დასაჭერი არაფერი სჭირს. რა მესიჯი იყო ეს, ის ხომ არა, რომ ნებისმიერი თუ ივანიშვილის ერთგული იქნება და მის საქმეებს შეასრულებს, მას არ გაწირავს და არაფერი ემუქრება?
ვ.ძ: ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებაც და მისი გარემოცვაც ივანიშვილის განცხადებას ფარცხალაძეზე სწორედ ისე აღიქვამს, როგორც თქვენ თქვით, რომ თუ ჩემი ერთგული იქნები, არ გაგწირავ. თვითონ რისი თქმა უნდოდა, არ ვიცი, მაგრამ ყველა მისი მომხრე ამ განცხადებას ასე აღიქვამს. სხვანაირად, აბა, როგორ შეიძლება აღიქვა ეს?! ეუბნებიან, რომ ორი წლის წინ სახელმწიფო მოხელე სცემა, კადრებიც ვნახეთ და ძიება დღემდე არ არის დამთავრებული. იმასაც კი არ ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, მიდის ძიება და დაადგენს, დასაჭერია თუ არა.
ექვსი წელია, თუ რამდენი, ვიძახი, რომ თუ სისტემას არ ცვლი, ის უნდა მართო ან ისე, როგორც სააკაშვილი, ან როგორც შევარდნაძე, სხვანაირად ვერ მართავ. ეს სისტემა ვერ იტანს იმას, რომ თუნდაც ერთი აგური გამოეცალოს. ერთიც რომ გამოეცალოს, შეიძლება უეცრად მთლიანად ჩამოინგრეს. ამიტომ სისტემა მუნდირის შენარჩუნებაზე კი არ არის, ამ ხალხის შენარჩუნებაზეა. თუ მისი ერთგული გაიწირა, ის უნდა გაწიროს თავად მან და არა მიტინგმა, ვიღაც ჟურნალისტმა, ან გამომძიებელმა. სისტემა ითხოვს ამას. სისტემა თუ არ შეიცვალა, ეს ასე გაგრძელდება სულ. შეიძლება ფარცხალაძე დიდად გულზეც არ ეხატება, მაგრამ ახლა რომ გასწიროს, მის გარემოცვა გახდება ფრთხილი. ამიტომ იძულებულია დაიცვას.
„რ": ელოდით, რომ ივანიშვილი ცოტა მაინც უფრი თვითკრიტიკული იქნებოდა?
ვ.ძ: უნდა ყოფილიყო, ან საერთოდ არ უნდა ჩაეტარებინა ეს პრესკონფერენცია. თუ ამის თქმას აპირებდა, რაც თქვა, სჯობდა, საერთოდ არ ჩაეტარებინა.
„რ": „ოცნების" მომხრეებისთვის რა შთაბეჭდილებას დატოვებდა, ისინი მაინც მოიწონებდნენ?
ვ.ძ: საჯაროდ, რა თქმა უნდა. აბა, ვინ არის ისეთი... თუმცა გულწრფელად, ძალიან ცოტა. არ მგონია, ვინმეს მოსწონებოდა ალალად, გულწრფელად, თავის სინდისთან რომ იყოს მართალი, ისე. მე უფრო სხვა რამე მაინტერესებს, ნეტა ერთი კაცი თუ არის მის გარემოცვაში, რომელიც იმას კი არ ეტყოდა, რომ კატასტოფა იყო ეს ბრიფინგი, არამედ ეტყოდა, რომ მთლად კარგი არ გამოვიდა?!
„რ": გაქვთ იმედი, რომ ერთი კაცი მაინც ეტყოდა ამას?
ვ.ძ: უკვე არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ერთი კაცი მაინც ეყოლება მართლა გულშემატკივარი. თუმცა, არის კი ასეთი ერთი კაცი მაინც? მე მგონი, რომ თვითონაც არ მოეწონა და იმიტომ დანიშნა მეორე პრესკონფერენცია პარასკევს. თუ პარასკევსაც იგივე უნდა ილაპარაკოს, რაც ამ დღეს, ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნება" დასრულდა. არჩევნებში შეიძლება მაინც მოიგონ, მაგრამ „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა განულდა და დროის თვლა სხვაგვარად დაიწყება. თუ სხვა რამის თქმა უნდა, არ ვიცი. უკვე გაოგნებული ვარ, მე რომელიც ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი და დღესაც ვგულშემატკივრობ, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რაღაცების გამართლებას არ ვაპირებ.