„არ მისცეთ ხმა არც ერთ კანდიდატს - ყველა უვარგისია“ - კონორეჟისორი ხალხს ბოიკოტისკენ მოუწოდებს
ტატა შოშიაშვილი
25.10.2018

 კინორეჟისორი გიორგი შენგელაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხი არ უნდა მივიდეს.

გიორგი შენგელაია: მე ვიდექი თავისუფლების მოედანზე, როდესაც გამარჯვების მიტინგზე ხალხი ზეიმობდა სააკაშვილის მარცხს. მივაქციე ყურადღებას იმას, რომ იქ იყო არაჩვეულებრივი, დადებითი ხალხი. ეს იყო ნამდვილი სიხარულის ზეიმი, რომ მოვიშორეთ ის სატანა და ახლა იქნება ყველაფერი კარგად.

ბიძინას აქვს ისეთი თვისებები, რომლითაც გაფიქრებინებს, რომ დადებითი პიროვნებაა. მაგალითად ღიმილი. მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ბიძინას მოქმედებები სატანისეულია. სატანა ყოველთვის იცვლის სახეს, მაგრამ ის მაინც სატანად რჩება. სამწუხაროდ, იმ მომენტში, სატანამ მოგვატყუა. სატანის ძირითადი ქმედებები დაკავშირებულია ფულთან და ოქროსთან.

საერთოდ, რაც ხდება საქართველოში, შესანიშნავად არის ასახული იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ანუ აპოკალიპსისში. ეს ჩვენს თვალწინ უკვე ხდება. ამბობენ, რომ ღვთისმშობელი გადაგვარჩენს, ეს ასე არ იქნება-ღვთისმშობელი გვცდის და არ მოვა აქ, სანამ ქართველი ხალხი არ გამოსწორდება, ხოლო თავად ხალხი კი ნულს ქვემოთაა. პირველ რიგში, მეხსიერება აქვს დაკარგული. დღეს საქართველოში არავინ არ იყურება წარსულში, ჩვენ კი არაჩვეულებრივი წარსული გვაქვს. მე გავაკეთე ფილმების სერია - "ექვთიმე", "ილია" და "ვაჟა" და წინ წავუმძღვარე პატარა შესავალი, სადაც ავუხსენი მაყურებელს, თუ ვინ არიან ის პიროვნებები, რომლებსაც ქართველები დღესაც სახელებით მოიხსენიებენ. ამ ფილმებით მე მოვუწოდე ხალხს, რომ უკან უნდა იხედებოდნენ სულ. ჩემი საქმე არაა პოლიტიკა, მე უნდა ვაკეთო ფილმები, მაგრამ იმდენად საზიზღარი მდგომარეობაა, რომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოვსულიყავი. კანდიდატებიდან ვერავინ ვერ დავინახე ისეთი, რომელიც ოდნავ მაინც იხედებოდეს ქვეყნის წარსულში.

მე პირში ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ უვარგისები ხართ იმიტომ, რომ ვერ გაურკვევიათ, ვის მისცენ ხმა, ვინ არის საქართველოში კარგი, ვინ - ცუდი. ახლა საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი უვარგისია, მაგრამ ხალხი ვერ ხვდება ამას, ვერ რეაგირებს და იძახიან, რომ სააკაშვილი ჯობია ბიძინას. რანაირად ჯობია? ორივე არაფრად არ ვარგა. იქამდე მივიდა ყველაფერი, რომ სააკაშვილი ყოველ მეორე დღეს „რუსთავი 2"-ის ეთერშია და რაღაცას ბოდიალობს. „რუსთავი 2" არის ძალიან პროფესიონალური ტელევიზიაა, ჰყავს შესანიშნავი ჟურნალისტები, მაგრამ სცოდავს და სააკაშვილის დაბრუნებას ცდილობს. არ გრცხვენიათ, ნიჭიერო და კარგ ხალხო, რომ ემსახურებით ამ სატანას, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია? დროზე, არჩევნებამდე გამოდით ჭუჭყიანი თამაშიდან, თორემ მერე გვიანი იქნება. რა ფულით მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია? ჩვენი ფულით, რომელიც სააკაშვილმა მოასწრო და მოგვპარა, ახლა კი ხარჯავს. ის არის ნაძირალა.

მაგრამ ხალხს არ აქვს რეაქცია. მაშინ რა უნდა ვთქვათ ასეთ ხალხზე? უვარგისები არიან, მაგრამ მე ხალხი ძალიან მიყვარს, რაც ჩემს ფილმებშიც კარგად ჩანს. არის ასეთი ანდაზა „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირსუკანაო". მე არ მეშინია, რომ ახლა ქართველებს ვუთხრა პირში, რომ არ ვარგიხართ.

„რ": რას ფიქრობთ საპრეზიდენტო კანდიდატებზე?

გ.შ: მაგალითად ვაშაძე მუშაობდა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისეთ განყოფილებაში, რომელში სამუშაოდაც აუცილებელი იყო კაგებე-სთან თანამშრომლობა. შემდეგ სააკაშვილმა მორიგი შეცდომა დაუშვა და ჩამოიყვანა აქ. 8 თვის განმავლობაში ჯიბეში რუსული პასპორტი ჰქონდა და ისე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ შეიძლება მან კენჭი იყაროს. პაატა ბურჭულაძემ ჯერ ერთი შეცდომა დაუშვა, როდესაც პარტია ჩამოაყალიბა, მერე კი გაიქცა და მიატოვა. ახლა კი ამათ გვერდით დგას და ეს იმას ნიშნავს, რომ მიშას გვერდითაა.

სალომე ზურაბიშვილს ყველა სამართლიანად აკრიტიკებს იმისთვის, რომ ქართულად ვერ მეტყველებს, მაგრამ მიშაც ვერ ლაპარაკობს. ხალხი ამბობს, რომ სააკაშვილი ჯობდა ბიძინას, იცით, რას გეტყვით? ბიძინა სჯობს სააკაშვილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი სატანისეული არაა. სჯობს იმით, რომ რაღაც ზღვარი აქვს.

როდესაც ვთქვი, რომ ბიძინა არის უკითხავი, თითქოს წყალში ვიხედებოდი - ზურაბიშვილის არჩევანი სწორედ ამის გამოვლინება იყო. მან არაფერი არ იცის. დღეს ის იქნება სიმბოლო ყველაფერ ცუდის. შევხედე ტელევიზორს და ჩემი ბევრი სხვადასხვა კოლეგა აძლევს მას ხმას, ხელოვნების წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკისგან შორს არიან. ქვეყანა არეულია. ხლა ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, სადაც უნდა იყოს გადარჩეულიმ, პირველ რიგში, პარლამენტი, მაგ პარლამენტში ნახევარზე მეტი დეპუტატებისა ისინი არიან, რომლებმაც იყიდეს ეგ ადგილები. ეს ფული, საუბარია მილიონ-ნახევარ ლარზე, აიღო იმ ე.წ. ტროიკამ ანუ იმ სამმა კაცმა დაავალა შერჩევა თავიანთი ოცნების კანდიდატების. ეს არის კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე. ამის შემდეგ, კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გამოდის და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძახის ფაშისტებს. ეგ პირვონება დაუყოვნებლივ გადარჩეული უნდა იყოს.

გარდა ამისა, პარლამენტის დანიშნულებას საერთოდ გადაუსვა ხაზი იმ კომისიამ, რომელიც სწავლობდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ საზარელ მკვლელობას.

„რ": დაგეგმილი გაქვთ თუ არა სამომავლოდ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება?

გ.შ: მე თავიდან არ ვიცოდი, როგორ წამეყვანა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ვიცი. მიტინგი არ მჭირდება უკვე, მე შევქმენი მოძრაობა „ხალხის ნება", მაგრამ, გარდა ამისა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ გვერდით მწერლები უნდა დავიყენო. ამ ქვეყანაში მწერალი იყო ყველაფერი, ახლა კი ბროლის კოშკებში სხედან და ამბობენ, რომ მათი საქმე არ არის პოლიტიკა. არც ერთი პოეტი და მწერალი ჩემთან არ მოვიდა, მათი დიდი ნაწილი მშიშარაა, ზოგიც თავიანთი შვილების კარიერის გამო უფრთხის ამას. ამბობენ, რომ ბატონო გიორგი, ჩემი შვილი შეიძლება სამსახურიდან გაუშვან და ა.შ.

ვინაიდან პოეტებმაც მიღალატეს, ვერ ჩავატარე მიტინგი. მივდიოდი, მზად ვიყავი, წმინდა გიორგის დროშები მქონდა კიდეც, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ მარტო დავჯდები და ვიქადაგებ. კიდევ კარგი, რომ იწელება ეს ყველაფერი და, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურიც იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი სიყვარულით ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ გაიღვიძეთ! ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მათ ატყუებენ. სააკაშვილი რომ დაბრუნდეს, მე, გიორგი შენგელაია წავაჭრი ცხვირს საზღვარზე რომ შემოყოფს.

ახლა ბიძინა. როდესაც ივანიშვილზე ვთქვი, რომ უწიგნურია, მან ჩემს შვილს დაურეკა და უთხრა, რომ მამაშენმა ყველაფერი მართალი თქვაო. ჩემმა შვილმა ჰკითხა - მართალია, უკითხავი რომ ხარო? ბიძინამ უთხრა, რომ მართალიაო. ეგეთი დადებითი რაღაცები აქვს მაგას, მაგრამ ეტყობა სუსტი კაცია, სატანა კი სუსტებს არჩევს, მათ ზურგს უკან დგას და ლაპარაკობს. მაგრამ საქმე ფულზე რომ მიდგება, უკვე აღარ ვარგა ეგ კაცი, რად გვინდა ეგეთი პოლიტიკოსი? პოლიტიკოსი უნდა იყოს სუფთა. ამიტომ, მე არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ მის დატოვებაზე, უკვე ჩაიდინა ივანიშვილმა ყველაფერი. ერთხელ კვარიათში მასთან ვიყავი და თავისი ქალიშვილი გამაცნო, ძალიან კარგი გოგოა. ახლა კი ბიძინას ვაფიცებ იმ გოგოს, რომ ჩაალაგოს ჩემოდნებში ყველაფერი და წავიდეს აქედან, იმ გოგოს ხათრით, თორემ ვიტყოდი, რომ ეგ უნდა მოვკლათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებს, მეათასედ მგონი, რომ არ გვინდა არავისი მობრუნება ქვეყანაში. ბიძინას ვეუბნები, მიბრძანდით საქართველოდან. პირველ რიგში, ადამიანს სამშობლო უნდა უყვარდეს, არა ფული, არა ფუფუნება, აგარაკი და ა.შ. ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ნუ აყვებით სატანას, არ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ამით გათავდება ეს ჭუჭყიანი საქმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×