"ლარმაც უნდა გაიუმჯობესოს პოზიცია. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გაიაფებაზე"
მარი ჩიტაია
26.10.2018

 უცხოურ ბაზრებზე საწვავი იაფდება. ბოლო რამდენიმე დღეა, ნავთობის ფასი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და ფასი ერთბაშად 12%-ით შემცირდა, რასაც ანალიტიკოსები საწვავზე მოთხოვნის კლებას უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ლარის გაუფასურების გამო მაინც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა.

მოთხოვნის კლება არ არის ერთადერთი ფაქტორი, რამაც ნავთობპროდუქტების გაიაფება გამოიწვია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, ნედლი ნავთობის წარმოება გაიზარდა და ფასზე დამატებით ამ პროცესმაც მოახდინა გავლენა. ამ ეტაპზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 75-76 დოლარს შეადგენს, რაც სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სულ ცოტა ხნის წინ კი ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ საწვავის ღირებულება 100 დოლარს მიაღწევდა, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

2018 წლის 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,17 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო ნიუ იორკში "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასმა - 66,82 დოლარი.

ნავთობპროდუქტების გაიაფებას მარაგის ზრდამაც შეუწყო ხელი. წინა კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგი 6.3 მლნ ბარელით გაიზარდა და, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 422.8 მლნ ბარელს მიაღწია. ბენზინის მარაგი შემცირდა 4,8 მლნ ბარელით, ანუ 2.1%-ით და შეადგინა 229,3 მლნ ბარელი. რაც მთავარია, ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 11,2 მილიონი ბარელი დღეში, რაც 100 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ საფონდო ინდექსები დაეცა და ამ პროცესმა ნავთობის მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, რამაც საბოლოოდ საფასო პოლიტიკის შეცვლა განაპირობა.

"საწვავის ფასზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. ერთია მარაგის თემა, რამდენადაც ნედლი ნავთობის წარმოების ზრდა შეიმჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეებში ნავთობზე მოთხოვნამ იკლო. ეს ფაქტორი მიმდინარე ეტაპზე გადაჭარბებულადაც იქნა შეფასებული და ტრეიდერებმა დაიწყეს ნავთობის გაყიდვა. საბოლოოდ კი ფასი კლებისკენ წავიდა.

სექტემბრის შემდეგ ფასის კლება მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. იმპორტისთვის ხელსაყრელი მომენტია, თუმცა ირანის ფაქტორი პრობლებმად რჩება, ნოემბრიდან სანქციები ძალაში შედის და ფასზე გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს. უმეტესწილად ფასები პოლიტიკური საკითხებით განისაზღვრება.

სულ ცოტა ხნის წინ სხვა მოცემულობა გვქონდა - ფასი მატულობდა და პროგნოზირებდნენ კიდევ უფრო ზრდას, მაგრამ საპირისპირო ტენდენცია დაიწყო. საფონდო ინდექსები დაეცა, რასაც მოთხოვნის შემცირება მოჰყვა", - ამბობს "რეზონანსთან" მთვრალაშვილი.

მართალია, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი იაფდება, მაგრამ ამის პერსპექტივა საქართველოში ლარის გაუფასურების გამო არ იკვეთება. არადა, ბენზინისა თუ დიზელის გაიაფება დაიწყო ყველგან, ჩვენი ქვეყნის გარდა, რადგან დევალვაციამ ყველა შანსი მოსპო.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ ქართულ ბაზარზე არსებული ვითარება ჯერჯერობით შენარჩუნდება.

"ჯერჯერობით ოპტიმისტური მოლოდინი არ არის მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასი შემცირდა. ლარი დოლარის მიმართ გაუფასურებულია და ეს ფაქტორი იმპორტიორებს საწვავის გაიაფების შესაძლებლობას არ აძლევს. მთავარია, გარკვეული პერიოდი შენარჩუნდეს ის მოცემულობა, რაც საერთაშორისო ბაზრებზეა.

ცხადია, ყველა კომპანია ცდილობს, რომ ბაზარზე მოქნილი საფასო პოლიტიკით იყოს გამორჩეული. იმპორტიორები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ მიიზიდონ მომხმარებელი, რის განმაპირობებელიც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტრენდი უნდა გახდეს. ჯერჯერობით ეს პროცესი იმპორტისთვის ხელსაყრელია და ლარმაც უნდა გაიუმჯობესოს პოზიცია. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გაიაფებაზე", - განუცხადა "რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×