საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, ამომრჩეველთან ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვა გააცნო. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად საზოგადობრივი ერთობაა საჭირო და ამაში დიდი როლი მომავალმა პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს.
"28 ოქტომბრის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან საინტერესო სვლა, რათა ქვეყანა გავხადოთ თანამედროვე, ევროპული და ამავე დროს ქართული ძალიან ძლიერი სახელმწიფო.
ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი რესურსი - ნიჭის, ადამიანური და ბუნებრივი. უნდა დავიცვათ ეს ბუნებრივი რესურსები და ისინი განათლებითა და ცოდნით განვავითაროთ. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ და არა მხოლოდ ევროკავშირში სამართლებრივად გაერთიანების, არამედ იმ მხრივაც, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რაც ღრმად არის ჩვენს ბუნებასა და ფესვებში - ეს ევროპული, ცივილური ქვეყანაა, როისთვისაც ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი შრომა და თანმიმდევრულობა გვინდა", - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილმა, რეგიონების მსგავსად, დედაქალაქის მცხოვრებლებთან შეხვედრებისას გამოხატა პოზიცია, რომ ამ ქვეყანაში ერთმანეთისადმი დაპირისპირება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
"მე ვიქნები ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რა დაპირისპირება, სიძულვილის ენაც სუფევს. ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფორმატზე, რაც 21-ე საუკუნის ევროპას გულისხმობს. ევროპის ქვეყნებიდან უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც დადებითი აქვს, კარგი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. აზრთა სხვადასხვაობა საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის. იქ, სადაც სხვადასხვა აზრი არ არსებობს, ქვეყანა მკვდარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი უნდა დავჭამოთ. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ყველა იმ საკითხში, რაც საჭირბოროტოა ამ ქვეყნის მომავლისთვის, დამოუკიდებლობისთვის, გამთლიანებისთვის. ვინც მომყვებით გამთლიანების, გაერთიანების, ევროპულობის გზაზე და რაც მთავარია, ქართველობის გზაზე, ყველა ერთად საქართველოსთვის, მაშინ გამომყევით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, იგი იქნება კონსტიტუციაში ჩაწერილი ყველა უფლების დამცველი.
"სოციალურად დაუცველი ფენა, შშმ პირები, რომლებისთვისაც ჯერ არ გაგვიკეთებია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეკადრება საქართველოს, უნდა შემოვიყვანოთ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება უნდა გახდეს მართლაც ქართული საზოგადოება თავისი ყველა ღირებულებით - ტოლერანტი, დემოკრატი, ღია, საკუთარი ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების დამცველი", - აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის გარეთ - თანამოქალაქეების წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი მათი გამაერთიანებელი იქნება.
"ჩვენ რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით, თქვენი გამაერთიანებელი, რაც უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, რომ ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ, თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ, რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად - პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამომრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქალიშვილთან ერთად მივიდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქეთევანი მისი პირველი მხარდამჭერია.
"მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მხარდამჭერი ქეთევანი. ძალიან დიდი მადლობა მას. ამას ნიშნავს ქართული ოჯახი, რომელიც შენ გვერდით დგას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელმა კანდიდატმა თბილისში გამართული შეხვედრები მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
"ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში დამხვდა. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიისა, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელმწიფოსთვის ვიზრუნებთ და, პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
(ბიზნესპრესი)