ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესიც კი ჭიანურდება
მარი ჩიტაია
26.10.2018

 გზების მშენებლობაში ქვეყანას დიდი პრობლემა აქვს. ბოლო 2-3 წელია, რაც მშენებლობის ტემპი შენელებულია და ვერაფრით გააქტიურდა. რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მთლიანად ჩავარდა, რამაც უკვე თანხის ათვისების მხრივაც პრობლემა შექმნა. ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესიც ჭიანურდება, რის გამოც პროექტის დასრულების ვადა სამგზის შეიცვალა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან პრობლემად ხშირად მშენებლობის სირთულე სახელდება, თუმცა სპეციალისტები პროექტების ხარვეზად სატენდერო პირობების შეუსრულებლობას და სამშენებლო კომპანიების მიმართ კონტროლის შესუსტებას მიიჩნევენ. ფაქტია, რომ მუდმივად არის პრობლემა კომპანიებთან, რომლებიც ტენდერებს საეჭვო ვითარებაში იგებენ და მათ მიერ გაკეთებული საქმე რეალურად არ ჩანს.

სპეციალისტები გზების მშენებლობაში ტემპის შესუსტებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ერთ-ერთ პრობლემად სატენდერო პირობებს მიიჩნევს.

"გზების მშენებლობაში ძალიან დაბალი ტემპია. ამ მხრივ ბევრი პრობლემა გვაქვს, რაც ჯერ კიდევ წინა მინისტრისა და საგზაო დეპარტამენტის მმართველის პერიოდში დაიწყო. ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, რომ არასათანადოდ ტარდებოდა ტენდერები, შემდეგ შედიოდა ცვლილებები არსებულ პირობებში, კომპანიებს ჰქონდათ სრული თავისუფლება, რადგან არავინ აკონტროლებდა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ სრულდებოდა. ამასობაში სამუშაოები მიმდინარეობდა ძალიან ცუდად და ნელა.

ტენდერებს ხშირად იგებდნენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც მრავალი დარღვევა ჰქონდათ. მათი ნაწილი კვლავ აგრძელებს ცუდად მუშაობას, რის გამოც დღემდე არსებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. ამაზე, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გზების დეპარტამენტმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. მხოლოდ მმართველების ცვლილება ვერ მოგვიტანს შედეგს, თუ ზედამხედველობა და კონტროლი სუსტია.

გარდა იმისა, რომ ხარისხიანად უნდა შესრულდეს სამუშაო, დათქმულ ვადაშიც უნდა ჩაეტიონ. როგორც ჩანს, ეს საერთოდ ყურადღების მიღმაა და ამიტომაა, რომ ბევრი პროექტი შეჩერებულია ან დროში გაწელილი და პროექტების ნაწილი უხარისხოდ მიმდინარეობს", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ გზების მშენებლობის პროცესში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს.

მისი თქმით, კომპანიები პროექტის განხორციელებისას მუდმივად კონტროლის ქვეშ უნდა ჰყავდეთ, რათა ნაკისრი ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულონ.

"საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა, როცა კომპანიები არღვევენ პირობას და დათქმულ ვადაში გაცილებით მარტივ მონაკვეთებზეც კი პროექტის დასრულებას ვერ ართმევენ თავს. თუკი ვინმე დათქმულ ვადაში არ ასრულებს სამუშაოს, უნდა დაჯარიმდეს კიდეც, რომ იგივე არ განმეორდეს მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაჭიანურებული პროექტების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ", - ამბობს კაპანაძე.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ დიდი ოდენობით აუთვისებელი თანხა ეკონომიკას შემდეგში მძიმე ტვირთად დააწვება და შესაძლოა, ინფლაციურ პროცესზეც უარყოფითად იმოქმედოს. სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვა და კორექტირება არ მოახდინეს.

"ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩამორჩენაა თანხის ათვისების მხრივ, რაც ცუდი ტენდენციაა. შესაძლებელი იყო, იგი თავის დროზე სოციალურ პროექტებში დახარჯულიყო ან სხვა საჭიროებას მოხმარებოდა. იმის გამო, რომ წლევანდელი ბიუჯეტი ამ მთავრობას არ დაუგეგმავს, შესაბამისად, პასუხისმგებელი ამ ნაწილზე ვერც პრემიერი და ვერც მისი კაბინეტი ვერ იქნება, თუმცა მაინც შეგვიძლია, მოვთხოვოთ პასუხი, რადგან არ აღმოაჩნდათ საკმარისი სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვან საკითხებზე.

უკვე ოქტომბერში ცუდი შედეგი მივიღეთ. შესაძლებელი იყო, მანამდე ხელახლა გადაეხედათ და, შესაბამისად, დაეკორექტირებინათ ბიუჯეტი, თუკი ამის აუცილებლობა არსებობდა. ამაზე პრემიერს და პარლამენტსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს.

ცხადია, რომ წლის ბოლოს ამ თანხას არ დახარჯავენ, რადგან ამით ეკონომიკას დაანგრევენ. გამოდის, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი ჩვენს საჭიროებას ვერ მოხმარდა, რაც ძალიან ცუდია და ინფლაციაზეც იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ დიდხანს არ გააქტიურდება", - ამბობს "რეზონანსთან" ალაფიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×