ელზა პაპოშვილი
26.10.2018

 წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერებით ომი გრძელდება. ვებგვერდზე, რომელსაც უკრაინული დომენი აქვს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის - თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად ახლა აიტვირთა.

დიალოგი, სავარაუდოდ, ყოფილ პრეზიდენტსა და მის ბიძას შორის მიმდინარეობს. ალასანია ჩანაწერებში ქართველებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

საუბარი "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესაც ეხება. ალასანია ექსპრეზიდენტს ეუბნება, რომ გვარამია კარგად იქცევა და, სავარაუდოდ, მის მითითებებს ასრულებს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, თემურ ალასანია ამბობს: "ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც სნაიპერსკი ვინტოვკით მოკლავს ბიძინას". ვებგვერდზე ნათქვამია, რომ "რედაქციას" სანდო წყარომ მიაწოდა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის - მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, "კაგებეს გადამდგარი გენერლის" - თემურ ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.

თემურ ალასანია ამ აუდიოს "სრულ ფაბრიკაციას" უწოდებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "მკვლელობებს საერთოდ არ უკვეთავს და მით უმეტეს ტელეფონით".

"ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო "მხილებების" ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს.

"ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მით უმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს," - წერს თემურ ალასანია.

ჩანაწერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც სოციალურ ქსელში მცირე კომენტარით გამოეხმაურა:

"ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს. მართლა ჰგონია, რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება."

ჩანაწერს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ეხმაურებიან. პარტიის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ღიმილის მომგვრელიც კი არის წლიდან წლამდე ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი.

"საკმაოდ ღიმილის მომგვრელიც კი არის წლიდან წლამდე ამ რევოლუციურ სცენარზე საუბარი. გვახსოვს ალბათ ჭიკაიძის განცხადება, რომ "ნაციონალები" სარდაფში საბურავებს ინახავდნენ და რევოლუციას აპირებდნენ. ეს არის მცდელობა, რომ ივანიშვილმა გადაფაროს ის ჩანაწერები, რომლის ავთენტურობასაც თავად პროკურატურა არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და, მეორე მხრივ, მობილიზება მოახდინოს ამომრჩევლის, რათა გავლენა მოახდინოს მათ ცნობიერებაზე," - აღნიშნავს დეპუტატი.

"რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული ფრაზები. თემურ ალასანიას კი მხოლოდ მისალმების დონეზე იცნობს. იგი ამბობს, რომ პროკურატურამ ციხეში პატიმრისა და დეპუტატის მონაწილეობით რაც ფარული ჩანაწერი დადგა, მას შემდეგ რამის დადგმა და დამონტაჟება აღარ გაუჭირდებათ. შეუიარაღებული თვალით, ყურით და ყველაფრით ცხადია, რომ არის არა მონტაჟი, არამედ კომპილაცია, სხვადასხვა საუბრიდან ამოგლეჯილი ფრაზების გადაბმა.

"დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონი ალასანიას ხმა ეს არ არის. შინაარსობრივადაც ბოდვაა, რაის ბატონი ალასანია მაძლევს მითითებას, საერთოდ არ ვიცნობ, მხოლოდ სამჯერ მყავს ნანახი საერთო ნაცნობებთან, მხოლოდ გამარჯობის დონეზე ვიცნობთ მეც და ეკა კვესიტაძეც. გაფარჩაკების უტყუარი ნიშანია, როცა ესეთ სისულელეებს აკეთებენ ორი დღის გახსნილ ფეიკ საიტებზე. სუს-ზე კიდევ უფრო დაბალი წარმოდგენა მექმნება, თუ ეს მათი გაკეთებულია და ალბათ მათი გაკეთებულია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მმართველი გუნდის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში სს დანაშაულის ნიშნები იკვეთება თუ არა, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა. მისი თქმით, ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. ამიტომ მისთვის ჩანაწერში მოსმენილი საუბარი მოულოდნელი არ ყოფილა.

"მოცემულ ჩანაწერებში იკვეთება თუ არა სს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს გამოძიების დასადგენია. ეს ადამიანები კი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფრის მკადრებლები არიან და გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი სურვილები ჰქონდეთ. ამიტომ ეს ჩანაწერი ჩემთვის მოულოდნელიც არ ყოფილა," - ამბობს ჩუგოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×