ცოტა ხანში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება
თამარ მუკბანიანი
26.10.2018

 საბანკო რეგულაცია ტექნიკის მაღაზიების შემცირებას გამოიწვევს. სებ-ის მიერ ამოქმედებული შეზღუდვის შედეგად მომხმარებელს შეუმცირდა სესხსა და განვადებაზე წვდომა, მოხმარებამ უკვე იკლო და ნომბრიდან კიდევ შემციდება. ამ მიზეზით საშუალო და მსხვილი ბიზნესი ერთიანდება, ხოლო წვრილები ბაზრიდან საერთოდ მიდიან.

7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, რა ოდენობის სესხის მიღება შეეძლებათ თვითდასაქმებულებს.

გარდა იმისა, რომ თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ, საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს და სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვის შემცირების მიზეზი. საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოთხოვნა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მიწოდება, რაც მაღაზიების რაოდენობის შემცირებას, ზოგიერთი მათგანის ბაზრიდან გაქრობას ან შერწყმას იწვევს.

ტექნიკის ბაზარზე მოქმედი ორი კომპანია - "არაი" და სმაილი" გაერთიანდება და "არაი-სმაილის" სახელით გააგრძელებს საქმიანობას. კომპანიამ რებრენდიგის პროცესი დაიწყო, რაც მაღაზიების განახლებას მოიცავს.

"გაიზარდა მაღაზიების რაოდენობაც. იმ ადგილებში, სადაც დამთხვევა იყო, ბუნებრივია, ერთი დავხურეთ და მეორე დავტოვეთ, თუმცა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ", - აცხადებენ კომპანიაში.

რამ განაპირობა ტექნიკის ბაზარზე არსებული ორი კომპანიის გაერთიანება - "არაი-სმაილში" განმარტავენ, რომ ეს უკეთესია როგორც სამომხმარებლო ბაზრისთვის, ისე ფასის თვალსაზრისითაც, უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

"ადრე "არაის" სეგმენტაცია იყო საშუალო და მაღალი ფენა, "სმაილისა" კი - დაბალი და საშუალო. გაერთიანების შემთხვევაში ყველა ბრენდი გვექნება", - განუცხადეს "კომერსანტს" კომპანიაში.

"არაი-სმაილში" ასევე ამბობენ. რომ, ზოგადად, რეგულაციამ ტექნიკის ბაზარზე იმოქმედა, რადგან სექტორში გაყიდვის 60 პროცენტი განვადებაზე მოდიოდა. მიუხედვად ამისა, ორი კომპანიის გაერთიანების მიზეზი რეგულაცია არ ყოფილა.

სხვაგვარი ინფორმაცია აქვს ტექნიკის მაღაზია "ტექნო ბუმის" ქსელის მფლობელ ანზორ ქოქოლაძეს, რომელიც ადასტურებს, რომ რეგულაციამ, რომელიც გაზაფხულზე ამოქმედდა, მძიმე მდგომარეობა შექმნა ბაზარზე, რასაც კიდევ მეტად დაამძიმებს ნოემბერში გადასადგმელი ნაბიჯები.

"სხვადასხვა მონაცემით, 20-30%-ით შემცირდა ტექნიკის რეალიზაცია 7 მაისს ამოქმედებული რეგულაციის შედეგად, რამაც ბაზარზე ძალიან მძიმე ფონი შექმნა და მეტად გამძაფრდება მას შედეგ, როცა ნომბრის დასაწყისში კიდევ ახალი რეგულაცია ამოქმედდება.

ზუსტი ინფორმაიცია არ მაქვს, რა ხდება ტექნიკის შედარებით წვრილ მაღაზიებში, თუმცა ფაქტია, ჩვენთან შედარებით, მათი მდგომარეობა ბევრად რთული იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" ქოქოლაძემ.

აფბა-ს წარმომადგენელი ანდრეა გვიდიანი რეგულაციის შეფასებას კონკრეტულ სეგმენტზე გავლენის მიხედვით ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მთავარი მიზანი ჭარბვალიანობის შემცირება იყო და ეს უნდა მოხერხდეს.

"ჩვენ უნდა შევხედოთ ეკონომიკის განვითარებას დინამიკაში და მთლიან რიცხვებში. შეიძლება რომელიმე სეგმენტზე უარყოფითად აისახოს და რომელიმეზე - დადებითად, მაგრამ მთავარია, რომ ჭარბვალიანობა სისტემური რისკი იყო და ამიტომ აუცილებელი გახდა მასთან ხისტი ბრძოლა", - აღნიშნა გვიდიანმა "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×