ელზა პაპოშვილი
26.10.2018

 

გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი  დაკავებულია. ამის შესახებ სპეციალური განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გოჩა საბანაძემ გააკეთა. 

საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა კაცი, მუშა, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც  ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. 33 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.

ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონა სასტიკად არის ნაცემი და მას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

სავარაუდო, მკვლელის კვალი კინოლოგების მიერ მოყვანილმა ძაღლებმა აიღეს და სახლში, სადაც მუშა იმყოფებოდა, ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. 

გუშინ, გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდებოდა. ახლობლები და მეზობლები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, გოგონა მოკლულია და მას თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული ხოლო ფეხები მავთულით  შეკრული. ამ ინფორმაციას გარდაცვლილი ნანა ბერიაშვილის პაპა ხვიჩა ბერიაშვილიც ადასტურებს, რომელმაც გარდაცვლილი შვილიშვილი თავადაც ნახა.  

მეორე ვერსიით, შესაძლოა გოგონა ავარიის მსხევრპლი გამხდარიყო  და გარდაცვლილის გადამალვა ამ ფორმით სცადეს. ასევე,  ვრცელდებოდა  ოჯახზე შურისძიების ვერსიაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას ოჯახს კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია და საკმაოდ პატიოსანი ხალხია.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვის  ცხედარი საღამოს  ლიახვის ნაპირზე, გორის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა. მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.  გორის მეხუთე სკოლიდან, სადაც მოზარდი მიდიოდა, სასამართლოს ტერიტორიამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. 

მოკლული 9 წლის გოგონას ნანა ბერიაშვილის  პაპა ხვიჩა ბერიაშვილი ყვება, რომ მან საკუთარი თვალით  დაინახა, რომ გარდაცვლილ მის შვილიშვილს თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული. პაპის ინფორმაციით, ის ამის შემდეგ უკვე პოლიციამ ახლოს აღარ მიუშვა. მისი განცხადებით, თვითმხილველებმა, რომლებიც მასზე წინ მივიდნენ, ნახეს, რომ გოგონას ფეხები ასევე მავთულით  შეკრული ჰქონდა.  

პაპა აცხადებს, რომ ბავში მოკლეს და როგორც ძაღლი ისე მიუგდეს. ბერიაშვილი ამბობს, რომ ირგვლივ უამრავი კამერებია და პოლიციას მკვლელის ვინაობის დადგენა ძალიან სწრაფად შეეძლო. მისი განცხადებით, ბავშვის  დაკარგვის თანავე, მთელი ქალაქი მას ეძებდა. მიმდებარე ტერიტორია მანაც და მისმა მეზობლებმაც არა ერთხელ დაათვალიერეს, მაგრამ იქ საეჭვო არაფერი უნახავთ. მისი აზრით, მკვლელი დაბინდებას ელოდებოდა და ცხედარი ამის შემდეგ მიიტანა. მოკლული გოგონას ოჯახის წევრი ამბობს, რომ ბავშვი სახლიდან 50 მეტრშია გაუჩინარებული.  

„ჩემი თვალით ვნახე, რომ თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. ახლოს პოლიციამ აღარ მიმშვა. მაშინვე  მთელი პერიმეტრი დაკეტეს. ვინც ბავშვი იპოვა მან მითხრა, რომ ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული. ბავშვი როგორც ძაღლი ისე მოგვიგდეს. დაღამებას ელოდებოდა და მკვდარი მერე მოიტანა. ჩვენ აქ შუადღის 4 საათზე მოვედით, მაგრამ ბავშვის გვამი არ გვინახავს.  

გარშემო სულ კამერებია, მკვლელის ვინაობის დადგენას რა უნდა? ციდან ხომ არ ჩამოფრინდებოდა? დღისით-მზისით 50 მეტრში ბავშვი გაუჩინარდა. ვიღაც დამნახი ხომ უნდა იყოს? ეს არის მკვლელობა, ბავშვი ცელოფანს თავად ხომ არ ჩამოიფარებდა და ფეხებს შეიკრავდა",-განაცხადა გარდაცვლილი გოგონას პაპამ. 

მოკლული  გოგონას ბიძა არც იმას გამორიცხავს, რომ მკვლელობა წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის და არეულობის მიზნით ვიღაცას აწყობს. ბიძის აზრით, თუ ამ მკვლელობას მალე არ გამოიძიებენ, მთელი ქალაქი მათ გვერდით დადგება და არჩევნებზე კი არავინ მივა, ხალხი ქუჩაში გავა. მისი აზრით, შესაძლოა მკვლელმა ესეც გათვალა და მისი მიზანიც ეს იყო. 

წუხელ, მკვლელობის შემთხვევის ადგილი პირადად შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ დაათვალიერა და საგამოძიებო მოქმედებებს  გაეცნო. მინისტრის მოადგილემ ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ შედეგი მალე დაიდოს. საბანაძემ განაცხადა, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს და გამოძიების ყველა ვერსიას ამუშავებენ.  

მოკლულ ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში კომპლექსური ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უტარდებოდა. ის ამ ეტაპზე უკვე სახლში გადაასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×