ია აბულაშვილი
26.10.2018

 "ერთ წელიწადში საქართველო ვერ აგუგუნდება, მაგრამ რადგან ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისგან სიტუაციის დასალაგებლად კიდევ ერთწლიან ვადას ითხოვს, ალბთთ აქვს ისეთი პროექტები, რომელიც ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამ პროექტების განხორციელება კი დღეიდან უნდა დაიწყოს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანის" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე გაესაუბრა.

"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვლი საზოგადოებას ერთწლინ ვადას სთხოვს, რათა ქვეყანაში სიტუაციის დალაგება შეძლოს და პირობას დებს, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა...

იგორ კვესელავა: საქართველო ერთ წელიწადში ვერ აგუგუნდება, მაგრამ რადგან ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებისგან სიტუაციის დასალაგებლად ერთწლიან ვადას ითხოვს, ალბათ აქვს ისეთი პროექტები, რომელიც ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მაგრამ ამისთვის მზადება დღეიდანვე უნდა დაიწყოს. ხალხში გავიდეს, მათგან გაიგოს, რა გასაჭირი აქვთ და 5-6 კაცისგან მიწოდებულ ინფორმაციას არ დაეყრდნოს.

პირველ რიგში უნდა გადახედოს საკადრო პოლიტიკას და განახორციელოს სერიოზული საკადრო ცვლილებები. არ ვამბობ, რომ პრემიერიდან დაიწყოს, მაგრამ რამდენიმე მინისტრის შეცვლა შეიძლება. 10 სამინისტროც ბევრია ასეთი პატარა ქვეყნისთვის, 8 სამინისტრო სრულიად საკმარისი იქნება, რომელსაც პროფესიონალები უხელმძღვანელებენ დ არა ისინი ვინც მართვას მინისტრის რანგში სწავლობს. ცვლილებები უნდა მოხდეს თავად პარტიაში, შეიძლება სახელიც კი შეეცვალოს, "ოცნებასაც" ხომ თავის საზღვარი აქვს, ხორცი ხომ უნდა შეესხას?

რაც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, პირველ რიგში ქვეყანაში უნდა დაიწყოს ეროვნული პატარ-პატარა საწარმოების მშენებლობა, ხალხი რომ დასაქმდეს. თუ უმუშევრობის პრობლემა ვერ გადაწყდება, მმართველ პარტიას 2020 წლის საპარლამანეტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება. საბჭოთა სისტემის დროინდელი ხუთწლიანი გეგმები ნამდვილად საჭირო არ არის, მაგრამ კვარტალში ერთხელ ივანიშვილი ხალხს მაინც უნდა შეხვდეს და მიაწოდოს ინფორმაცია, რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა, რატომ ვერ შესრულდა და ვინ არ შეასრულა, რის გაკეთებას აპირებს მომავალში და ა.შ. მას საკმარისი ნდობა და ავტორიტეტი კიდევ აქვს საზოგადოებაში.

"რ": ეს ავტორიტეტი ხომ არ მიაშველა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას, სათუო ხომ არ გახდა მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში?

ი.კ: რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილს გაუჭირდებოდა მმართველი გუნდისა და პირადად ივანიშვილის მხარაჭერის გარეშე გამარჯვება, მაგრამ სპორტის სასახლეში შეკრებაზე დავრწმუნდი, რომ თავადაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და საკმარის ხმებს მოაგროვებს. 53%-ზე მეტ ხმას მოაგროვებს. პრეზიდენტის რანგში კი მისი მოღვაწეობა მიმართული იქნება ეროვნული შერიგებისკენ, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში.

"რ": სპორტის სასახლეში შეხვედრაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძეს და ბაქრაძეს ერთნაირი შანსები აქვთ და მათ შორის მხოლოდ ერთი პროცენტია სხვაობაო. ყველაზე პესიმიტსური გათვლებითაც კი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში მაინც მოიგებსო. მიუხედავად ამ ოპტიმიზმისა, ოპოზიცია გამარჯვებას უკვე ზეიმობს.

ი.კ: "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" გამარჯვების არანიარი შანსი არ აქვს და არავითარი მეორე ტური არ იქნება. ამ ორი პოლიტიკური ძალის საარჩევნო კამპანია აგებული იყო მხოლოდ კომპრომატებზე და ქალისადმი დამაცირებელი გამონათქვამებზე ახლა იმკიან იმას რაც დათესეს.

"რ": ანუ "ნაცმოძრაობის" განაცხადი 28-ში ეს ხელისუფლება დასრულდებაო, მხოლოდ სიტყვებია?

ი.კ: "ნაცმოძრაობას" არ აქვს იმის რესურსი, რომ ათი ათასი კაცი ქუჩაში გამოიყვანოს, ეს რომ მოხდეს, მაშინ გვერდში უნდა დაუდგეს მთელი ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციაში კი რაც ხდება კარგად ვხედავთ, "ნაცებსა" და "ევრონაცებს" შორის დიდ განხეთქილებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×