სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთს ადანაშაულებენ. "ქართული ოცნება" ექვსწლიანი მმართველობის ერთ-ერთ დიდ მონაპოვრად ბიზნესის თავისუფლებას მიიჩნევს. ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გვსმენია, რომ ბიზნესს დღეს არავინ ატერორებს, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა საპირისპირო ინფორმაციას ვისმენთ - ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ბიზნესი სახელმწიფოს აშანტაჟებს.
ის, რაზეც ოლიგარქმა ყურადღება გაამახვილა, სპეციალისტების შეფასებით, ერთ კონკრეტულ ფაქტს უკავშირდება და მასშტაბურ ქმედებად ვერ აღიქმება. მათი განცხადებით, დღევანდელ ბიზნესგარემოში ხელისუფლების შანტაჟი შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ბერკეტები ბიზნესს არ გააჩნია.
იურისტების შეფასებით, ივანიშვილის ნათქვამი ემოციის ნაწილია, რომელიც "ომეგა ჯგუფსა" და პირადად ზაზა ოქუაშვილს შეეხება.
"ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს, თუმცა ამის მაგალითი, ჩანაწერების გარდა, არ გვაქვს. მე დავბრუნდი მაისში ხელისუფლებაში. გუნდში მარჯვენამ არ იცოდა, მარცხენა რას აკეთებდა. ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობა არის რთული. რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, არის ის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ იცოდეს, თუკი კანონს არ დაიცავს, მას პასუხს მოსთხოვენ.
ეს მოხდა "იბერიაზე". კაცი (ზაზა ოქუაშვილი) არ იხდის გადასახადს ბიუჯეტში. ამის გამკლავება საჭიროა სუფთა ხელებით ისე, რომ დემოკრატიული პრინციპები არ დავარღვიოთ. ასეთ ფორმებსაც ძალიან კარგი მენეჯმენტი სჭირდება, უფრო სუფთა შერჩევა სჭირდება გუნდში", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განცხადებიდან ძალიან მალე კი ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე სახელმწიფოს მხრიდან წნეხზე ალაპარაკდა. როგორც იგი ამტკიცებს, ჰქონდა შეთავაზება "ფრესკოს" გაყიდვასა და გარკვეულ ქსელში გაერთიანებაზე, მაგრამ უარი თქვა. მისი აზრით, საცალო გაყიდვა არის მილიარდიანი ბაზარი, გარკვეულ ჯგუფს კი მისი ბოლომდე ათვისება და "ფასების დიქტატი" სურს. სწორედ ამ წინადადებაზე უარის გამო ხდება "ფრესკოსა" და პირადად ბიზნესმენის დაწნეხვაც.
ბიზნესზე წნეხის ფაქტს სამართლის სფეროს სპეციალისტებიც ადასტურებენ. სამართალმცოდნე აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები დღესდღეობით ბევრია, რის გამოც ბიზნესი პრობლემას აწყდება.
"ივანიშვილის ნათქვამი უფრო ემოციის ნაწილი მგონია, რაც მას კონკრეტული ფაქტის მიმართ გაუჩნდა. ჩვენ დავინახეთ ფარული ჩანაწერები ოქუაშვილთან დაკავშირებით და სამართლებრივად რომ შევაფასოთ, შანტაჟის ნიშნები ჩანს. თუმცა ისეთი მასშტაბური შეფასება, რომ ბიზნესი ხელისუფლების შანტაჟს ეწევა, აშკარად გადაჭარბებულია. ამგვარი ფაქტები ქვეყანაში ნამდვილად არ არის. "ომეგას" საქმე მხოლოდ ცალკეული შემთხვევაა.
არ მგონია, რომ ამ ნათქვამში ბიძინას მთელი სექტორი ეგულისხმა, რადგან მსგავსი ფაქტი რეალობისგან შორსაა. ბიზნესი არ არის მხოლოდ თამბაქოს ბაზარი, ბიზნესექტორია ბანკი, საფინანსო ინსტიტუტები, ენერგოგამანაწილებელი კომპანიები და სხვა. უამრავი სექტორია, მაგრამ ჩვენ რომელიმე კომპანიის მხრიდან შანტაჟის მაგალითი არ გვინახავს.
ბიზნესში არსებულ კლიმატზე თუ ვისაუბრებთ, ვუბრუნდებით იმ ვითარებას, რაც იყო წლების განმავლობაში და რაზეც ბიზნესი დღესაც წუხს. თამამად შეგვიძლია თქმა, რომ მართლმსაჯულება ბიზნესისთვის ნამდვილად მკვდარია, რადგან სასამართლოში უამრავი საქმე გაჩერებულია. ბიზნესი ვერანაირად ვერ დააშანტაჟებს სახელმწიფოს, რადგან საამისო ბერკეტები მას არ გააჩნია", - ამბობს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.
მისი თქმით, ადმინისტრაციულმა ბერკეტებმა ვერ იმუშავა და ეს გახდა გამოძახილი იმისა, რის გამოც ხელისუფლებამ შანტაჟზე დაიწყო საუბარი. რეალურად კი პირიქითაა. მაგალითად, რკინიგზაზე გადაზიდვა ქართული კომპანიებისთვის გაჩერებულია. არის საკითხები, სადაც ბიზნესი კი არ აშანტაჟებს, არამედ ლამის ეხვეწება მთავრობას, რომ საქმე გააკეთოს. სახელმწიფო არ იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბიზნესურთიერთობას აფერხებს.
"კონკრეტული საქმე მაქვს. მეწარმე დავობს, 2015 წელს აქვს სარჩელი შეტანილი და განხილვაც არ დაწყებულა. როცა თაღლითობას ხედავს ბიზნესი, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდება. როცა პარტნიორებს შორის სამოქალაქო დავაა, იქ სასამართლოს ჩარევაა საჭირო, საჯარო რეესტრი უნდა მუშაობდეს სათანადო დონეზე და ა.შ. ასე არ ხდება და ბიზნესს სერიოზულად უჭირს. ვერავინ დამაჯერებს, რომ ბიზნესი იქით აშანტაჟებდეს სახელმწიფოს, პირიქით გაცილებით მეტი ფაქტია", - აცხადებს "რეზონანსთან" ჩარგეიშვილი.