"ივანიშვილს გულწრფელად ჰგონია, რომ ერთ წელიწადში შეძლებს "მენეჯმენტის" დალაგებას. თქვა, მენეჯმენტი ხომ ჩემი "კანიოკიაო", მაგრამ იმასაც ვერ ხვდება, რომ ბიზნესის მენეჯმენტის პრინციპების გადატანა პოლიტიკაში ყოველთვის კატასტროფით მთავრება, რაც არაერთი კლასიკური კვლევით არის დადასტურებული" - განაცხადა პეტრე მამრაძემ, რომელსაც "რეზონანსი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": ივანიშვილის ინტერვიუებზე მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამომწურავი და გულწრფელი იყო, ექსპერტთა აზრით კი, ივანიშვილი აცდენილია რეალობას. თქვენ როგორც შეაფასებდით?
პეტრე მამრაძე: ვიყავი და ვრჩები ივანიშვილის მხარდამჭერად, რადგან მისი ფაქტორი დადებით როლს ასრულებს და მის გარეშე მდგომარეობა გაუარესდება, გაუარესების რესურსი კი ნამდვილად არის. ივანიშვილი საქართველოში საშუალო ფენის არარსებობის პირობებში ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელს უშლის სააკაშვილის რეჟიმის ძალაუფლებაში დაბრუნებას და მეტ-ნაკლებად აკონტროლებს საკუთარ გუნდში ქვეყნის ბოლომდე "გადაჭამის" მსურველებს.
რაც შეეხება ინტერვიუებს, ერთი მოვისმინე და ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილი იყო გულწრფელი და სწორედ მისი გულწრფელობა ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული რეალობისგან ჩამოშორებულია და სულ სხვა ვირტუალურ სივრცეშია გადასული. იგი ხშირად ამბობს, რომ პოლიტიკოსი არ არის და არც უნდა იყოს. მართლაც პოლიტიკოსისთვის ეკა კვესიტაძესთან შავი კარკასის ღირებულებაზე საუბარი და არგუმენტად იმის მოყვანა, რომ აუზში წყალი არ არის, პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია. მან, ასევე, ბევრი რამ თქვა ისეთი, რამაც აღაშფოთა სწორედ რომ სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები. ბევრი მეკითხება, რას ნიშნავს კითხვა, ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯოო? ე.ი. თვითონაც მიაჩნია, რომ დასჯა-არდასჯა მისი გადასაწყვეტია და არა - კანონის.
ივანიშვილს მართლაც გულწრფელად სჯრა, რომ "რუსთავი 2" საოცარი ძალით ახდენს გავლენას და აკონტროლებს საქართველოში საზოგადოებრივ აზრს, მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველოს მოსახლეობა. "რუსთავი 2" რომ გამორთო, მხოლოდ აღმშენებლობა იქნებაო. ივანიშვილი იმასაც ვერ ხვდება, მართლაც რომ ასე იყოს, ეს იქნებოდა "ოცნების" სრული პოლიტიკური კრახის დადასტურება, რის შემდეგაც "ოცნება" ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს. ერთი მომენტიც, ივანიშვილმა ერთადერთმა საქართველოს მილიარდები დაახარჯა საკუთარი ჯიბიდან სრულიად უანგაროდ, ახლაც ბევრს ხარჯავს იმ ფულს, რომელიც საქართველოს გარეთ აქვს ნაშოვნი და არა ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან, თავისი ქცევით კი იმას მიაღწია, რომ ხალხის დიდ ნაწილს მის მიმართ აქვს პრეტენზიები. ამ დროს არიან საქართველოში მილიონრები და მილიარდერები, რომლებიც გამდიდრდნენ ჩვენი ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღებით, ახლაც იმავეს აკეთებენ და მათ მიმართ ხალხს პრეტენზია არა აქვს.
"რ": ერთწლიან ვადას ითხოვს, ქვეყანაში "სიტუაციის დალაგება" რომ შეძლოს.
პ.მ: ივანიშვილს გულწრფელად ჰგონია, რომ ერთ წელიწადში შეძლებს "მენეჯმენტის" დალაგებას. თქვა, მენეჯმენტი ხომ ჩემი "კანიოკიაო", მაგრამ ვერ ხვდება, რომ ბიზნესის მენეჯმენტის პრინციპების გადატანა პოლიტიკაში ყოველთვის კატასტროფით მთავრდება, რაც არაერთი კლასიკური კვლევით არის დადასტურებული. რაც შეეხება მართვასა და პოლიტიკაში კადრების შერჩევას, ყველამ დაინახა, რა შედეგები მოიტანა ივანიშვილის კადრებმა. მე პირადად ვერ ვხედავ, რომ მას კარგი კადრების შეგროვების რესურსი ჰქონდეს. ისევ ვიღაცის რჩევებს დაეყრდნობა და შედეგიც, დიდი ალბათობით, სავალალო იქნება.
"რ": სააკაშვილისა და მისი ბიძა თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე რას იტყვით, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს, "ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც "სნაიპერსკი ვინტოვკით" მოკლავს ბიძინა ივანიშვილსო.
პ.მ: თავის დროზე ალექსანდრე რონდელმა საჯაროდ თქვა, საქართველოში გაჩნდა ახალი მაღალი თანამდებობა - პრეზიდენტის ბიძა. თემურ ალასანია ცნობილია, როგორც რუსეთის მოქალაქე, რუსი დიპლომატი, რომელიც რუსეთის კვოტით მოსკოვმა გააგზავნა გაერო-ში მაღალ თანამდებობაზე, რომელიც სამხედრო შესყიდვას უკავშირდებოდა და ამ თაობის ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასეთი ადამიანი, სულ ცოტა, "კაგებეს" პოლკოვნიკი უნდა ყოფილიყო, სხვას არ გზავნიდნენ. ის ნამდვილი კოლეგაა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისა.
რაც შეეხება ჩანაწერის ავთენტურობას, ცხადია, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ექსპერტიზამ რომ დაასაბუთოს ავთენტურობა, სულაც არ გამიკვირდება იმიტომ, რომ ეს არის მათი მრწამსი და მენტალიტეტი, სრულიად ანტიქართული. მათთვის კარგია ის თავისი პირადი მიზნების გამო, რაც ცუდია საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის.
"რ": მშვიდობიანად თუ დასრულდება ეს არჩევნები, რაიმე არეულობას ხომ არ ელით?
პ.მ: საბედნიეროდ, "ნაცებს" არა აქვთ იმის რესურსი, რომ მასშტაბური არეულობა მოაწყონ და ეს მათ კარგად ესმით. ალბათ იქნება წივილ-კივილი, სააკაშვილი ხომ ავალებს, მაგრამ მასშტაბური ვერ იქნება და ისინი ეტყვიან, ამის მეტი არ გამოდის ან შეიძლება საერთოდ უარი უთხრან.