2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. მათ შორის, მწვავე რეაქცია გამოიწვიეს ე.წ. აგიტატორებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრის გამოსახულების მქონე მაისურებით გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" და მის წევრებს ადანაშაულებს რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლის დაგეგმვას.
არჩევნების მედიაცენტრში მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ სიახლეები გააცნო მედიას.
აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრა კალატოზიშვილის თქმით, ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქის 42-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მხარდამჭერი აქტივისტები. "დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრეს, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი", -განაცხადა კალატოზიშვილმა.
ასევე მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, 59-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. უბანზე მისულ პირს ეცვა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ამ პირსაც დაატოვებინეს უბანი.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ბოლნისში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მძიმე პროვოკაციით არჩევნების ჩაშლა აქვს დაგეგმილი.
ამის შესახებ კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, აქვთ დაგეგმილი ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში #27-ე, #54-ე, მე-40 და #43-ე საარჩევნო უბნების ჩაშლა. ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას ასეთ კანონდარღვევაზე. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია. ისინი პასუხს აგებენ კანონის თანახმად, უმკაცრესი ფორმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ორგანიზაციის სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუმცა, ასევე დაფიქსირდა, რომ #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა, ანუ შემოხაზა სასურველი კანდიდატი.
ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პარტია "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან შეიმჩნევა მთელი რიგი დარღვევებისა და უკანონო აგიტაციებისა:
"რაც შეეხება დარღვევებს, მასობრივად უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები დადიან მაისურებით, 48 ნომრით, უბნების შიგნით, რაც არის დარღვევა და, რაც ყველაზე სასაცილოა, ამას აკეთებენ არასამთავრობო ქოლგის ქვეშ გაფორმებული ადამიანები, მაგალითად ერთერთი არასამთავრობო "ობსერვატორები", რომელიც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნები ხალხია, რა თქმა უნდა, უბნის შიგნით აგიტაციური მაისურით სიარული კანონდარღვევაა.
"სასაცილოა ისიც, რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად არ უჭირს ხალხი, მთელი ადმინისტრაციული რესურსი აქვს მობილიზებული, მართლაც სასაცილოა, როცა ესეც არ ჰყოფნით და მაისურებით ატარებენ ადამიანებს. ეს მეტყველებს მათ შიშზე და მათ სისუსტეზე და მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ მსგავსი აგიტაცია,"-განაცხადა ხოშტარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
"ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ. მათ შორის აქვთ აგიტაციის უფლება, თუმცა აგიტაციის ფაქტები არ ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ აღრიცხავენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რისი სრული უფლებაც გააჩნიათ. მოვუწოდებ მათ - კანონის ფარგლებში როგორც იქცეოდნენ, ასევე გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.