ტატა შოშიაშვილი
28.10.2018

 საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას არაერთხელ აღინიშნა, რომ დიდი შანსია არჩევნების მეორე ტურის გამართვის. თუმცა, ლიდერი პარტიები მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების შესახებ ჯერ კიდევ არჩევნების მსვლელობისას აღნიშნავდნენ, რომ ისინი ლიდერობენ და მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მათ მხარს.

ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნებამდე და ცესკო-ს მიერ დათვლილი ხმების გასაჯაროებამდე "რეზონანსი" გთავაზობთ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი ვაშაძისა და მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ განცხადებებს მათი გამარჯვების შესახებ.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ჩატარებული ბრიფინგის დროს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მარცხდება სალომე ზურაბიშვილი, ხოლო გრიგოლ ვაშაძე კი იმარჯვებს:

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე",- აღნიშნა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელაიმ.

16 საათისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველიგუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს":

"ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისათვის.

"მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ - ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება."-ამბობს მდინარაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ "უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ."-თქვა უდუმაშვილმა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×