"ჩემი წინასაარჩევნო განწყობა კარგია. სპეციალურად არჩევნების გამო ზუგდიდში ვარ ახლა და აქედან მოვდივარ, რათა დროულად დავბრუნდე, ხვალ არჩევნებზე გამოვცხადდე და მოვიხადო ჩემი მოაქალაქეობრივი ვალი. ამომრჩეველს ვურჩევდი, რომ სჯობს, მხარი დაუჭირონ რომელიმე კანდიდატს, რომელიც თვითონ მოსწონთ და არ დაკარგონ თავისი ხმა," - უთხრა კაკაჩიამ "რეზონანსს" შაბათს და ივარაუდა, რომ მეორე ტური ჩატარდება, რადგან სამ კანდიდატს შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს.
"მეორე ტური, სავარაუდოდ, შედგება, რადგან კანდიდატები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან შედეგებითა და რეიტინგით. რა იქნება შემდეგ, იქნება თუ არა არეულობა, წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ მეორე ტური თუ შედგა, არა მგონია, არეულობა დაიწყოს.
"თუ პირველი ტურის შემდეგ გაირკვა გამარჯვებული, შესაძლებელია, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც დააანონსეს ამის შესახებ, უკმაყოფილება გამოხატონ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის, საზოგადოება როგორ მიიღებს ამ არჩევნებს, ანუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება. თუ სამართლიანად ჩატარდა, არაფერი მოჰყვება, მაგრამ თუ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ეს იყო უსამართლო არჩევნები, მაშინ შესაძლებელია, მივიღოთ დიდი პროტესტი," - თქვა კაკაჩიამ.
იგი ფიქრობს, რომ მისთვის სასურველი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გავა.
"ჩემი კანდიდატი მეორე ტურში შეიძლება ნამდვილად ვერ გავიდეს, ეს წინასწარ ვიცი. მეორე ტურში ძირითადად 3 კანდიდატი მოიაზრება: სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე. ძალიან დიდ სენსაციად ჩაითვლება ალბათ, თუ უსუფაშვილი მოაგროვებს ამდენ ხმას. ვფიქრობ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის გადანაწილდება ძირითადად ხმები," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.