2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებისა და "ექსცესების" მოწყობას აპირებს.
ივანიშვილის თქმით, ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება, რადგან ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სამართლიანობასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
"ნაციონალური მოძრაობა" ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხმის დათვლის პროცესზე. გვაქვს ინფორმაცია კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იგეგმება პროვოკაციები. ასევე, პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ბათუმისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შსს-ს, ამ ოლქებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
"რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ნუკრი ქანთარიამ არსებული ინფორმაცია დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ მანაც შეიტყო ამის შესახებ, ხოლო პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჩვენთან საუბრისას უარყო რაიმე პროვოკაციების დაგეგმვის მცდელობა.
"ბუნებრივია, თვითონ საარჩევნო ოლქებთან და ხმების დათვლის პროცესზე იყო საუბარი. კი, ბატონო, ჩემი არხებიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, რაც სწორედ იმის პრევენციისათვის იყო გამოცხადებული, რომ თუ ვინმეს რამე აქვს ჩაფიქრებული, ქმედებაში ეს არ გადაიყვანოს, რადგან, ბუნებრივია, სამართალდამცველების მხრიდან მიღებული იქნება სათანადო ზომები.
"ვფიქრობთ, რომ მშვიდად ჩატარდა ეს არჩევნები და გვინდა, რომ ასევე ბოლომდე გავიტანოთ სტაბილურად და მშვიდად. ყოველგვარი ფართხაფურთხი მანდ არის აბსოლუტურად ზედმეტი," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
რომან გოცირიძის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო პროვოკაცია და "ნაციონალური მოძრაობა" მსგავსი რამის გაკეთებას არ აპირებს.
"ჩემი კომენტარი ძალიან მარტივია. ოპოზიციამ ერთობლიობაში აიღო 60%, სალომე ზურაბიშვილმა - 40%. ამიტომ რაც უნდა მოიგონონ, ვერაფრით ვერ გადაფარავენ ამ კრახს. არავინ არავითარ პროვოკაციას არ გეგმავს," - ამბობს ის.