ელზა პაპოშვილი
29.10.2018

 ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მეორე ტურის მოლოდინი არსებობდა და ეს შედეგები გასაკვირი არ არის. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუებმა საზოგადოება კიდევ უფრო გააღიზიანა. 

ანალიტიკოსის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ ივანიშვილს შეცდომები ეღიარებინა, ის მოსახლეობას აქეთ დაემუქრა და უთხრა, რომ ყველას თავის ადგილს მიუჩენდა.

ლაგაზიძის აზრით, „ოცნებას" საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა უარი უთხრეს და ძალოვანების ნაწილიც განუდგა. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ თუ მეორე ტურში ვაშაძემ გაიმარჯვა, რისი ალბათობაც დიდია, მაშინ ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და „ოცნება" უბრალოდ ჩამოიშლება.

„რეზონანსი": ელოდით თუ არა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და როგორ ფიქრობთ, რა გახდა მიზეზი, რომ „ოცნების" კანდიდატმა გამარჯვებისთვის საკმარისი ხმა ვერ აიღო?

ხათუნა ლაგაზიძე: რა თქმა უნდა, რომ ამის მოლოდინი არსებობდა და ამაზე ვსაუბრობდი კიდევაც. ამის მიზეზი ძალიან ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო

თვენახევრის განმავლობაში „ოცნების" თვითდაჯერებულობამ და რეალობასთან არაადეკვატურობამ ამ შედეგამდე მიიყვანა. ასევე დიდი გავლენა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმაც იქონია, სადაც მან ფაქტობრივად თქვა, რომ ყველას ჩვენს ადგილს მოგვიჩენდა და თავის პიარ-ჯგუფის მეშვეობით, სახელებს დაგვარქმევდა, ანუ შავ პიარს აგვიგორებდა და ის წითელი ხაზი გადაკვეთა, რამაც ამ შედეგამდე მიიყვანა. ასევე პრობლემები საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ის ადამიანებს არა პროფესიონალიზმის და გამოცდილების მიხედვით ირჩევდა, არამედ მორჩილების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ეს „მონების" აჯანყება იყო. როგორც ჩანს, მას საჯარო სამსახურში და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულმა ადამიანებმა გვერდი აქციეს და განუდგნენ.

სალომე ზურაბიშვილმა ნახევარი მილიონი ხმა ძლივს მოაგროვა და გამოჩნდა, რომ ფული უკვე ბევრს ვერაფერს წყვეტს. ივანიშვილმა, იმის მაგივრად, რომ შეცდომები ეღიარებინა და რეფორმები დაეანონსებინა, თავის უღირს გარემოცვას გადაეფარა.

„რ": რატომ გადაწყვიტა ხალხმა კვლავ „ნაციონალური" მოძრაობის კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა?

ხ.ლ: იმიტომ, რომ ხალხს ეგონა და თავს იმშვიდებდნენ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით ბიზნესის ტერორი აღარ ხდებოდა. ასევე ფიქრობდნენ, რომ ძალადობას და ხალხის დატერებას ადგილი აღარ ჰქონდა. თუმცა ბოლოს გამოქვეყნებული ჩანაწერების მიხედვით ხალხი მიხვდა, რომ ყველაფერი ეს ტყული ყოფილა და ისევ იგივე ხდება.

ამიტომ, „ოცნებას" და „ნაციონალებს" შორის განსხვავება ვეღარ იპოვა. ახლა „ოცნებას" მეორე ტურის მოგება ძალიან გაუჭირდება და შავი დღეა აქვს დამდგარი.

„რ": ახლა რა მოლოდინი გაქვთ, თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, ქვეყანაში სიტუაცია როგორ შეიძლება წარიმართოს?

ხ.ლ: თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, ის მაშინვე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და „ოცნება" ჩვეულებრივად ჩამოინგრევა. ეს ამ ხელისუფლების დასასრული იქნება. ხოლო უპატრონოდ დარჩენილი „ოცნების" ამომრჩეველს დავით უსუფაშვილი და ალეკო ელისაშვილი გადაინაწილებენ.

ამ არჩევნებით ისიც აღმოჩნდა, რომ მმართველ პარტიას საკუთარი ამომრჩეველიც კი განუდგა და მოატყუა. ეს იყოს საზოგადოების პასუხი იმ ქცევაზე და თავდაჯერებულობაზე, რასაც ამ ხნის განმავლობაში ეს ხელისუფლება მიმართავდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×