"ევროპული საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის რაოდენობა საგრძნობლად მეტია "ოცნების" ამომრჩეველზე
ეკატერინე ბასილაია
30.10.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შედეგებს შორის სხვაობა მხოლოდ 0,2%-ია და სწორედ ამის გამო, მეორე ტურის წინ, "ოცნების" ლიდერების ნაწილს მოუწია აღიარება, რომ საზოგადოებამ მმართველ პარტიას ამ შედეგით "გაულაწუნა" და არ გამართლდა არც ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ მას საზოგადოებაში ჭარბი ნდობა აქვს.

"ოცნებისაგან" განსხვავებით, მეორე ტურის დანიშვნას უკვე გამარჯვებად მიიჩნევს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია". გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ "ღირსების არჩევნები შედგა" და ამ არჩევნებით "საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია" და ახლა ოპოზიციური გაერთიანება, რომლის ძირითადი პარტია "ნაცმოძრაობა", საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდებს, მხარი მათ დაუჭირონ - "ყველა მინუს ერთის" პრინციპით, ოპოზიციისათვის კარი ღიაა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

შედეგების გამოცხადებისთანავე მხარდაჭერაზე მზადყოფნა გამოთქვეს "ევროპულმა საქართველომ" და "რესპუბლიკელებმა". უფრო მეტიც, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად ოპოზიციის საერთო შტაბის შექმნის იდეაც წამოაყენა და ეს იდეა "ნაცმოძრაობამაც" მოიწონა და "რესპუბლიკელებმაც".

თუმცა, ამ ოპოზიციურ საკოორდინაციო შტაბში მათ გვერდით დგომასა და ვაშაძის მხარდაჭერაზე არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ და საპრეზიდენტო კანდიდატმა უარი განაცხადა.

"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. უსუფაშვილი განმარტავს, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანებისა და მისთვის არც ერთი კანდიდატი მისაღები არაა.

ასევე, "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს, მხარდამჭერებს მოუწოდოს, ვინმეს დაუჭირონ მხარი და ვარაუდობს, რომ მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივა.

"ლეიბორისტ" შალვა ნათელაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას პარტიის წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ იმ ძალაზე, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში და მათი ყოფნა დაკავშირებულია არცთუ სასურველ პერიოდთან.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში არ შევალთ, რომ ვაშაძემ დაამარცხოს ხელისუფლების კანდიდატი, მაგრამ პასუხისმგებლობას მასზე მხარდაჭერის სახით ვერ ავიღებთ. ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა", - ამბობს გუგავა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომია კი "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლაში "ოცნებასთან" გვერდით დგომას გეგმავს.

მისი თქმით, მისი პარტია გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას არ დაუშვებს, ისინი ეცდებიან, "მკვლელებისა და სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების საფრთხისაგან გადაარჩინონ ქვეყანა" და ამის გამო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასაც არ გამორიცხავენ.

პარალელურად, მმართველი პარტიიდან კეთდება განცხადებები, რომ შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს ამომრჩევლებისაგან, თუმცა მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვთ.

"ოცნების" წევრებს შორის ყველაზე თვითკრიტიკული დეპუტატი რომან კაკულია აღმოჩნდა. მან თქვა, რომ ეს არის "ოცნების" ამომრჩევლების შურისძიება იმედგაცრუების გამო და ეს "შემოლაწუნება" მათ გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა.

ახლა კი მომხდარის სიღრმისეული ანალიზი უნდა გააკეთონ. თვითკრიტიკულნი იყვნენ თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი.

"ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნებაც, გარკვეულწილად, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია", - განაცხადა კახა კალაძემ, - "სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური კომუნიკაცია საზოგადოებასთან".

"ქართული საზოგადოებისაგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ უმოკლეს დროში ქვეყანაში ბევრი რამაა შესაცვლელი და "საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია".

პარტიის ლიდერებისაგან განსხვავებით, "ოცნების" დეპუტატები არჩევნების პირველ ტურში წაგებაზე კომენტარისას, პარტიის შეცდომებზე საუბრის ნაცვლად, მაინც იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ "ნაცმოძრაობა" ბოროტებაა, რომ მეორე ტურში არჩევანი არის შავსა და თეთრს შორის და ამომრჩეველი წარსულ უბედურებას მხარს არ დაუჭერს.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, არ ჰგონია, რომ "ევროპული საქართველოს" ყველა ამომრჩეველმა მხარი "ნაცმოძრაობას" დაუჭიროს.

"როცა "ნაცმოძრაობა" გაიყო, ეგონათ, რომ დავით ბაქრაძე და მისი მხარდამჭერები გარკვეულწილად გაემიჯნენ იმ უბედურებას, რაც თავს დააწია საქართველოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამის ჭეშმარიტად სჯეროდათ", - თქვა ვოლსკიმ.

ანრი ოხანაშვილმა კი "ფეისბუკზე" დაწერა, რომ მეორე ტურში სამაგალითოდ დაამარცხებენ "ნაციონალებს". "ნაცებო", რამის იმედი ხომ არ მოგეცათ? - თავის მეტად წამოწევის უფლებას არ მოგცემთ, სამაგალითოდ და სამუდამოდ დაგამარცხებთ მეორე ტურში!" - დაწერა ოხანაშვილმა.

ცესკო-ს შედეგების მიხედვით: სალომე ზურაბიშვილს აქვს 38,6%; გრიგოლ ვაშაძეს - 37,7%; დავით ბაქრაძეს - 10,9%; შალვა ნათელაშვილს - 3,7%; ზურა ჯაფარიძესა და დავით უსუფაშვილს - 2-2%.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის შეფასებით, "ოცნების" კომენტარები ისევ არაადეკვატურია. საერთოდ აზრზე არ არიან. ისინი სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ".

"ქართული ოცნება" დამაარცხა მასშივე ჩაბუდებულმა სამთავიანმა ურჩხულმა, ეს არის: ამპარტავნება, სიბრიყვე და გარყვნილება. მათ ამპარტავნებით ეგონათ, რომ მუდმივი ავტორიტეტები იყვენ და არც თვლიდნენ საჭიროდ, რომ ადამიანების პრობლემებზე ესაუბრათ და მათი პრობლემები გადაეწყვიტათ.

"სიბრიყვე იყო ის შეცდომების კასკადი, რაც წინასაარჩევნოდ ვიხილეთ, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანიდან დაწყებული, კანაფის მრეწველობის განვითარებით დასრულებული.

"ხოლო გარყვნილება - ეს არის სისტემურ კორუფციასა და არაფორმალურ გარჩევებზე ინფორმაცია, რომელზეც ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა.

"ამ მანკიერებამ დაამარცხა "ოცნება" და არა - "ნაცმოძრაობამ", ნუ ჰგონიათ, რომ ხალხს დაავიწყდა "ნაციონალების" ნამოქმედარი, მაგრამ "ოცნებამ" აბსოლუტურად ამოწურა და დაკარგა მორალური უპირატესობა "ნაცმოძრაობასთან" და ორივე ერთმანეთად ღირხართო, ეს თქვა ამომრჩეველმა და ფრე დაამთავრებინა.

"იმის შანსი, რომ ხელისუფლება რაღაცის გამოსწორებას შეძლებს, ძალიან დაბალია", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მეორე ტურში არითმეტიკულად "ქართული ოცნება" აგებს.

"არითმეტიკულად "ევროპული საქართველოსა" და ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის რაოდენობა საგრძნობლად მეტია "ოცნების" ამომრჩეველზე. თანაც, მეორე ტურში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლებლობები მკვეთრად მცირდება ბევრი მიზეზის გამო.

"ამას დაემატება ის ფაქტორი, რომ სისტემის შიგნით ჩაბუდებული ვირთხები შეეცდებიან, ზედმეტად არ იაქტიურონ და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ეს მათ წინ არ დახვდეთ. ამიტომ, თუ ამ შუალედში სისტემურ ცვლილებებს არ განახორციელებენ, მეორე ტურის იმედად ყოფნა ძალიან დიდი ილუზიაა.

"მაინც აქვთ ილუზია, რომ "მგელი, მგელის" ძახილზე მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. ანუ, მიშას შიშით ვიღაცებს ძალით შეათრევენ უბნებში, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გამოვრიცხავ, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ამ შედეგებიდან გამომდინარე, შანსები ძალიან მცირეა", - დასძენს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×