"პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ვერც "ოცნება" და ვერც "ნაცმოძრაობა" ამას ვერ განმუხტავს, ამიტომ, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს".
ასე აფასებს უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე არჩევნების შედეგებს.
დავით ჭიჭინაძე: "ამ შედეგს ველოდი, რადგან "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს არასერიოზულად მოეკიდა. ორგანიზაციული თვალსაზრისით, არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც სააკაშვილის დროს ტარდებოდა,
ჩვენ ვნახეთ, სამი "ნაციონალური მოძრაობა" - "ნაციონალები", მისი განაყოფი "ევროპული საქართველო" და "ოცნებაში" პორტირებული "ნაციონალები", ანუ ამომრჩეველი ყველა შემთხვევაში ირჩევდა სააკაშვილის დროინდელ ადამიანს. ვნვხთ ისიც, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" რეალური ამომრჩეველი აღარ ჰყავს და ბრძოლა წააგო.
"რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მისი კანდიდატის გამარჯვებას უკვე ზეიმობს, თქვენი პროგნოზით, როგორ შეიძლება დასრულდეს მეორე ტური და გამარჯვების რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს?
დ.ჭ: "ნაციონალური მოძრაობა" ეიფორიაშია, მაგრამ არა მგონია, რომ ქართველმა ხალხმა "ოცნება" საბოლოოდ ჩააგდოს "ნოკაუტში", მიუხედავად იმისა, რომ კარგი სილა გააწნა. ხალხი გადახარშავს და მეორე ტურში საკადრის პასუხსაც გასცემს "ნაცმოძრაობას".
აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ "ოცნების" კანდიდატს მეორე ტურში გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ "ოცნება" გონს უნდა მოეგოს და არ უნდა გააგრძელოს ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელსაც წლებია მათი ლიდერებისგან ვისმენთ.
"რ": ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებას ერთწლიანი ვადა სთხოვა, რათა ქვეყანაში და მმართველ პარტიაში სიტუაციის დალაგება მოახერხოს. თქვენი აზრით, მისცემს ქართველი ხალხი კიდევ ერთ წელს ბიძინა ივანიშვილს?
დ.ჭ: იმ განცხადებების ფონზე, რომელიც მან არჩევნების წინ გააკეთა, ეჭვი მეპარება, თუნდაც ის, რომ პარტია დაშლის პირას იყო. ეს არჩევნების წინ უნდა ეთქვა, ასეთი დაშლილი პარტიით აპირებდა არჩევნების მოგებას?
პოლიტიკურ კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ამას ვერც "ოცნება" და ვერც "ნაციონალები" ვერ განმუხტავს, ამიტომ, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხთან ერთად შეძლებს ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს.