თამარ შუკვანი
30.10.2018

 არჩევენების მეორე ტურში, როგორც წესი, ამომრჩეველეთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე პირველ ტურში. თუმცა, რეალურად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა როგორი აქტივობა შეიძლება იყოს, რთული სათქმელია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები მივიდა და აქტივობა 46.74%-ს შეადგენდა. არჩევნებში ერთიან სიაში რეგისტრირებული 3 504 082 ამომრჩევლიდან, მხოლოდ 1 637 956 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საზოგადოების" დირექტორის მოადგილეს ელენე ნიჟარაძეს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე ტური, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან, 2 კვირაში უნდა გაიმართოს. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ კონკრეტული განცხადების გაკეთება კი რთულია.

„მეორე ტური შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე უნდა ჩატარდეს. ორი დეკემბერი არის ბოლო ვადა და ამ ორი საპრეზიდენტო კანდიდატიდან გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

„მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობის პროგნოზირება ძალიან რთულია. მეორე ტურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, რა მოლოდინი შეიძლება იყოს, ძნელი სათქმელია. ზოგადად, მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა არის უფრო ნაკლები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ძნელია ვთქვათ, როგორი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა," - დასძინა მან.

ნიჟარაძემ იმ პროცედურული დარღვევების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 28 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, შეინიშნებოდა. მისი თქმით, ამ დარღვევებმა საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა არ იქონია.

„პროცედურული ხასიათის დარღვევები მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა. უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების მობილიზება მიმდინარეობდა, რომლებიც ამომრჩევლების მონაწილეობას არჩევნებში ამოწმებდნენ იმისთვის, რომ შემდგომ მოეხდინათ ამომრჩეველთა მობილიზება და მოყვანა.

„ძირითადად, ეს მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან იყო. ასევე, იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" კოორდინატორებიც, რომლებიც ანალოგიურად იმყოფებოდნენ უბნებზე მიმდებარე ტერიტორიებზე.

„პროცედურული ხასიათის დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა ბიულეტენების გაცემას, სიაში ხელმოწერებს, მარკირების პროცედურებსა და ა.შ. დარღვევები იყო უკვე შემაჯამებელი ოქმების შედგენის დროს, როდესაც რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, - ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

მასშტაბური ხასიათის დარღევევი არ ყოფილა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ არსებითი გავლენა შედეგებზე ამას არ მოუხდენია," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

ცნობისათვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია. პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერ იქნა გადალახული და მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახლავთ და „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×