კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძეს მერე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი აზრით, ვაშაძის გამარჯვებასა და მეორე ტურში გადასვლაში მცირე წვლილი "ნაციონალებს" და დიდი წვლილი "ოცნებას" მიუძღვის.
მისი აზრით, "ოცნების" წინასაარჩევნო რიტორიკამ და არასწორად შერჩეულმა კანდიდატმა საზოგადოება იმ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რომ დიდი ნაწილი სახლში დარჩა, ამან კი ვაშაძის გამარჯვებას ხელი შეუწყო. თუმცა, ხმალაძე ორივე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ფიქრობს, რომ ქვეყანა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.
"რეზონანსი": არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ გრიგოლ ვაშაძემ მეორე ტური მოიგოს და როგორია თქვენი შეფასება, ასეთი შედეგი რატომ დადგა?
ვახტანგ ხმალაძე: რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვების მაღალი შანსი არსებობს. რატომ დადგა მეორე ტური? ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც "ნაციონალები", ასევე "ქართული ოცნება" ერთმანეთის გამარჯვებას ქვეყნის დასასრულად და აპოკალიფსად განიხილავდნენ.
ამიტომ, ვისაც ზურაბიშვილი არ უნდოდა, ხმა ვაშაძეს მისცა და ვისაც ვაშაძე არ უნდოდა, ზურაბიშვილი შემოხაზა. საზოგადოებისათვის ამიტომაც დადგა საკითხი ასე - ან ვაშაძე, ან ზურაბიშვილი.
ორივე პარტიაზე გაბრაზებულმა ამომრჩეველთა ნახევარმა კი გადაწყვიტა, რომ ხმა არავისთვისაც არ მიეცა და სახლში დარჩენილიყო. ამ შიშმა გამოიწვია ის უბედურება, რომ მეორე ტურში ორივე ის კანდიდატი გვყავს, რომელთა გამარჯვებაც ქვეყნისათვის ცუდი იქნება და არც ერთი მათგანი ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.
"რ": რატომ არის ქვეყნისათვის ცუდი ორივე კანდიდატის გამარჯვება?
ვ.ხ: ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობისა" და კონკრეტულად სააკაშვილის კანდიდატურაა. იმ რეჟიმმა ვიცით, რაც საქართველოში ჩაიდინა და, რა თქმა უნდა, ქვეყნისათვის მათი გამარჯვება საფრთხის მატარებელია. "ნაციონალების" ზოგიერთი ლიდერი თავის გამოსვლებში არაერთხელ რევანშისტულ სურვილს გამოთქვამს, ამიტომ ეს საკმაოდ სახიფათოა.
არსებობს ასევე ვაშაძის წინა საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები, რაც რუსეთსა და საბჭოთა კავშირს უკავშირდება. ამიტომ მის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ ეჭვები არსებობს. ის ასევე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და კვლავ რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, მასთან სხვადასხვა ტიპის პრობლემაა. რა თქმა უნდა, პრობლემური იქნება მისი 2008 წლის ომთან დაკავშირებული შეხედულება და შეფასებები. ეს ქვეყნისთვის ფრიად სახიფათოა. ზურაბიშვილის რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ ის არ იქნება გონიერი პრეზიდენტი.
ის ვერ იქნება "ნაციონალების" მხარდამჭერთა პრეზიდენტი და ძალიან კარგად ვხედავთ, მათ რამხელა ამომრჩეველი ჰყავთ. ზურაბიშვილის ქმედებებში ნაკლებად ჩანს, რომ მას ვინმეს მოსმენის უნარი აქვს და შეუძლია, რომ გუნდურ კომპრომისებზე წავიდეს.
ასევე, მას არ შეუძლია, რომ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი შეხედულებები გვერდით გადადოს.
"რ": "ქართული ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყოს. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ ამ განცხადებაზე?
ვ.ხ: იგივე გრძელდება და იმ რიტორიკას არ წყვეტენ, რის გამოც ეს არჩევნები ლამის წააგეს. ხალხის შეშინებას არ წყვეტენ იმის მაგივრად, რომ იფიქრონ, რა გახდა ამ შედეგის მიზეზი.
ვაშაძის წარმატება, ეს არის "ნაციონალების" მცირე წვლილი და "ოცნების" დიდი დამსახურების შედეგი. უფრო წააგო "ოცნებამ", ვიდრე ვაშაძემ მოიგო. ასე ვხედავ მე ამ შექმნილ სიტუაციას.
"რ": ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, ვაშაძის გამარჯვებაში დადებითი ის იქნება, რომ ხელისუფლებას მას როგორც მაკონტროლებელს, ისე დავუსვამთ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
ვ.ხ: რეალურად ასეც უნდა იყის, რომ ოპოზიციური პრეზიდენტი ხელისუფლების მაკონტროლებლის როლს ასრულებდეს, მაგრამ მე ამას ვაშაძეზე ვერ ვიტყვი. ის არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც პროვოკაციისა და სკანდალების მეტს არაფერს გააკეთებს.
ეს, რეალური საქმის ნაცვლად, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ამიტომაც, მის გაპრეზიდენტებაში ამ დადებით მომენტს ვერ ხვედავ. კონტროლი ობიექტურ საფუძველზე დამყარებული უნდა იყოს, რისი იმედიც ვაშაძის შემთხვევაში არ მაქვს.