არასაბანკო სექტორისა და მსესხებლების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, არ გამარტივდეს, თუმცა კომერციული ბანკების მიმართ ეროვნულმა ბანკმა მიდგომა შეცვალა. შეიცვლება სესხის კოეფიციენტები, რითაც დაბალშემოსავლიან მსესხებლებს საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისაგან განასხვავებენ. გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან კანსულტაციების საფუძველზეა მიღებული. სპეციალისტების აზრით, რეგულაციების ამოქმედების გადადების მიზეზი რეალურად პოლიტიკურია.
ქვეყანაში ახალი საბანკო რეგულაცია 15 ნოემბრიდან ამოქმედდება. წინა კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკში აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებთან ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით. საბოლოო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება.
გაირკვა, რომ დაგეგმილი რეგულაციები მარტივდება და ამჟამად, მარეგულირებელი ტექნიკურ დეტალებზე მუშაობს. სებ-ის გადაწყვეტილება მისაღებია საბანკო ასოციაციისათვის.
"რეალურად, მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და ბიზნესომბუდსმენთან. აქ იყო საუბარი, თუ რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ და აღნიშნული რეგულაციის იმ ფორმით ამოქმედების შემდეგ რა ეფექტი ექნებოდა ეკონომიკასა და საკრედიტო პორტფელზე, ეს კი მნიშვნელოვნად განსხვავდება ეროვნული ბანკის მოლოდინებისაგან", - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.
"საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი გიორგი კეპულაძე დადებით ფაქტად აფასებს ცვლილებას, რაც საბანკო სექტორისათვის კოეფიციენტის მინიჭებას ეხება. იგი დარწმუნებულია, რომ რეგულაციის მთავარი პრინციპი არ შეიცვლება და სესხი შემოსავლის გათვალისწინებით იქნება სეგმენტირებული.
"რეგულაცია მაქსიმუმ 2 კვირით გადაიდო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ტექნიკურად გარკვეული ცვლილება შედის, მაგრამ მთავარი პრინციპი არ იცვლება. ვსაუბრობდით, რომ რეგულაცია არსებული სახით პრობლემას შეუქმნიდა როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას, სავაჭრო აგენტებსა და კომერციული ბანკების მომხმარებლებს.
სებ-თან გვქონდა რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო სექტორისათვის პირობები გამარტივებულიყო. ეს ჩანდა სავალუტო ფონდის განცხადებაშიც. კარგია, რომ გაითვალსიწინეს და კოეფიციენტებს უზრდიან ბანკებს.
როცა გავეცნობით დოკუმენტს, საბოლოოდ გამოჩნდება, რა გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა და რა - არა. სესხის კოეფიციენტებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ბევრი დეტალი უცნობია, თუ კონკრეტულად რამდენად გაკეთილშობილდა და გაუმჯობესდა პირობები კომერციული ბანკებისათვის. ამდენად ჯერჯერობით ნაადრევია შეფასება, თუ რამდენად კარგია ან ცუდი სებ-ის მხრიდან რეგულაციების შერბილებისაკენ გადადგმული ნაბიჯი", - ამბობს "რეზონანსთან" კეპულაძე.
როგორც ვხედავთ, ცვლილება, ძირითადად, კომერციულ ბანკებს შეეხება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სებ-ი, სავარაუდოდ, პოზიციას არ შეცვლის. არასაბანკო სექტორში აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომით ეროვნული ბანკი არასაბანკო ორგანიზაციების დისკრიმინაციას ცდილობს.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობა საკმაოდ ცუდ თამაშში შეიყვანა, რაც მიზანმიმართულად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება.
"ბანკებთან პოზიცია დათმეს, რადგან დიდი იყო რისკი, რომ რეგულაციას ეკონომიკური სტაგნაცია გამოეწვია. სესხებზე წვდომის გართულება დამატებით სოციალურ პრობლემას გამოიწვევდა, რაც ასევე იქნა გათვალისწინებული. როგორც ჩანს, რეგულატორი დაფიქრდა და საბოლოოდ მან მოახდინა სიტუაციაზე გავლენა.
გარკვეულწილად, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნამაც იმოქმედა. არაპოპულისტური ნაბიჯის გადადგმა მთავრობისათვის სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მოიტანდა. ვეჭვობ, რომ სებ-მა ხელისუფლება ჩაითრია, რადგან მას ზოგადად სჩვევია ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მთავრობა ძალიან ცუდ თამაშში გადაიყვანა და ახლა სხვა არჩევანი არ დარჩა.
ვვარაუდობდი, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დაუთმობდა და ასეც მოხდა. ახლა საკითხავია, რა ზომებს მიიღებენ არასაბანკო სექტორთან დაკავშირებით, რაზეც ჯერჯერობით საუბარი არ მიდის", - ამბობს "რეზონანსთან" ბერძენაძე.
მისი რეკომენდაციაა, რომ ფინანსურ რესურსთან წვდომა კლიენტს არ უნდა გაურთულდეს.
"ამოსავალი წერტილია, რომ დაკრედიტების შეფერხება არ ხდებოდეს, როცა ჭარბი მიწოდებაა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსესხებლებს სესხის აღებას თუ შევუზღუდავთ, ისინი კერძო მევახშეებს მიმართავენ და ჩვენ მივიღებთ კრიმინალურ დონეზე დაყვანილ ბიზნესს.
ჩემი პოზიციაა, რომ რეგულაციები არასაბანკო სექტორის მიმართაც გადავადდეს. ბანკები გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც აქამდე მუშაობდნენ. შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხი აქამდეც არ გაიცემოდა. ფაქტობრივად, არაფერი იცვლება საბანკო სექტორისათვის, უბრალოდ, თუ აქამდე 10 ადამიანს აკრედიტებდნენ, ახლა დააკრედიტებენ 2-ს, მაგრამ სად წავა დანარჩენი 8 ადამიანი, ამაზე სებ-მა უნდა გასცეს პასუხი. მესმის, რომ ვისაც შემოსავალი არ აქვს, სესხი არ უნდა აიღოს, თუმცა ეს სებ-ს არგუმენტად არ გამოადგება", - ამბობს "რეზონანსთან" ბერძენაძე.