არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებამ იმდენად დიდი დარტყმა მიიღო, რომ ყველაფრის შეცვლას შეეცდება. მეორე ტურამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი და მთავრობას ბევრ იმ არაპოპულარულ ნაბიჯზე მოუწევს უარის თქმა, რომლებიც ბოლო თვეებში უხვად დააგროვა. ამან მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მხრიდან სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხალხი არ გააღიზიანონ.
პირველი ნაბიჯი, საბანკო რეგულაციების გამარტივების სახით, უკვე გადაიდგა. ძნელად სავარაუდოა, რით უშველიან საშინლად გაუფასურებულ ლარს, თუმცა იმას ნამდვილად ეცდებიან, რომ კურსი არავითარ შემთხვევაში მაღლა აღარ წავიდეს და ცოტ-ცოტა გამყარდეს კიდეც.
აყველაზე კარგი, რაც შეიძლება მთავრობამ ხალხის სასარგებლოდ გააკეთოს, გადასახადების მოსალოდნელ გაზრდაზე უარის თქმაა. სპეციალისტების შეფასებით, ყველაზე მეტად მთავრობისაგან სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, "ქართული ოცნება" თავს დაისამარებს.
სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ცვლილებების დროა, მაგრამ ცხადია ისიც, რომ არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილი პერიოდი ამისათვის არასაკმარისია. მიუხედავად ამისა, ხალხის საკეთილდღეოდ რამდენიმე პოპულისტური ნაბიჯი გადაიდგმება.
"მეორე ტურამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. ძნელად სავარაუდოა, ეს პერიოდი ხელისუფლებას ეყოს იმისათვის, რომ თუნდაც რამდენიმე პოპულისტური ნაბიჯი გადადგას, მაგრამ რაღაცას შეეცდებიან. პირველი, რაც გაკეთდა და მოესწრო, გადავადდა კანონი, რომელიც 2 დღეში უნდა შესულიყო ძალაში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადაიდგა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ასე მოსახლეობის გულის მოსაგებად მოიქცნენ.
რაც შეეხება დაცემულ ლარის კურსს, გაცილებით რთულადაა საქმე. ექსპორტი დაბალ მაჩვენებელზეა, რეგიონული ფაქტორიც სახარბიელო არ არის და კურსზე ბევრი რამ უარყოფით გავლენას ახდენს. მოკლე დროში ამის გამოსწორება შეუძლებელია, თუმცა შეეცდებიან, აღარ გაუფასურდეს. დეკემბრის დასაწყისში თუ დაინიშნა არჩევნები და ამომრჩეველმა სოციალური პირობების შემსუბუქება ვერ იგრძნო, მმართველი პარტია მისგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.
წინ ახალი წელია, უხეშად რომ ვთქვათ, ფულის ხარჯვის პერიოდი და სიდუხჭირეს ადამიანი ყველაზე მტკივნეულად სწორედ ამ პერიოდში განიცდის. სასოწარკვეთა ნიჰილიზმში გადაიზრდება და შეიძლება, მოსახლეობამ ამ არჩევნებს ბოიკოტიც გამოუცხადოს. ამასობაში, ოპოზიციური მხარე მოახდენს მობილიზებას და ხელისუფლება ამ არჩევნებში წააგებს", - აცხადებს "რეზონანსთან" აროშიძე და დასძენს, რომ მთავრობას მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდება, რომ მეორე ტურის არჩევნებისას სცენარი ამ მიმართულებით არ განვითარდეს.
"ბოლომდე უნდა ეცადონ, რისი მოსწრებაც შეიძლება, მოასწრონ. 1 თვის განმავლობაში სოციალური პრობლემები ვერ მოგვარდება, ვერც პენსია გაიზრდება და დიდად არც ლარს ეშველება. ცხადია ისიც, რომ მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯის გადადგმა არ აწყობთ, რადგან სულ რაღაც წელიწად-ნახევარში საპარლამენტო არჩევნებია. ამიტომ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ აგრძნობინებს ხალხს, რომ მისი გულის მოგებას ცდილობენ.
გრძელვადიან პერიოდზე მორგებული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც რეალურად ძალიან რთულია, პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი. რომელიმე გადასახადის გაზრდა თუ დაგეგმილი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ განხორციელდება, საკუთარი ხელით არ გაითხრიან სამარეს.
საქმის გასაკეთებლად რამდენად ეყოფათ დრო, ძნელი სათქმელია. ძალიან მენიშნა კალაძის ნათქვამი, რომ ეს შედეგი ძალაუფლების თავმოყრამ გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა გაუაზრებელ, მხოლოდ ბიზნესის დასაცავად მიმართულ ნაბიჯებს არ გადადგამს და მოსახლეობისაკენაც გაიხედავს", - ამბობს აროშიძე.
განსხვავებული პოზიციისაა "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი, ეკონომისტი პაატა შეშელიძე. მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, მთავრობამ მდგომარეობის გამოსწორება მოკლე დროში მოახერხოს. შეშელიძე ფიქრობს, რომ კრახი გარდაუვალია.
"ყველაზე კარგი, რაც შეძლება მთავრობამ გააკეთოს, უნდა გადადგეს, რადგან უპასუხისმგებლო ხელისუფლებაა. მავნებლობის მეტს ის ჯერჯერობით არაფერს აკეთებს. არ მგონია, ამ ეტაპზეც რამე გააკეთონ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ლარს გაამყარებენ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კურსი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, რა ინტერესები აქვს მთავრობას.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად გაუფასურდება. სავარაუდოდ, გააგრძელებენ იმ გზას, რასაც დაადგნენ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეძლებენ, მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდა ამისათვის, მაგრამ საზოგადოებისათვის სასარგებლო რეალურად არაფერი გაუკეთებია. ასე რომ, კრახი ამჯერადაც გარდაუვალია", - ამბობს "რეზონანსთან" შეშელიძე.