ეკატერინე ბასილაია
31.10.2018

 ორდღიანი დუმილის შემდეგ "ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა და პირველი განცხადება გააკეთა, რომ გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს არ დაუთმობს ქვეყანას და მეორე ტურში გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მის გვერდით კახა კალაძე და "ოცნების" სხვა წევრები იდგნენ.

ზურაბიშვილმა თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და შემდეგ განაცხადა, რომ ის აგრძელებს ბრძოლას და არ აპირებს მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას.

"შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი - ეს არის გამარჯვება ყველაფრის მიუხედავად: ძალიან ბინძური კამპანიისა, ცილისწამების იმ ხერხებისა და მეთოდებისა, რომლებიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში.

"რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რატომ, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა? მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა!

"მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვარ მეორე ტურისათვის, მზად ვარ ბრძოლისათვის იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, სიბრძნის, იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსათვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ, მე მჯერა თქვენი, მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს თანამდროვე მომავალი. ერთად საქართველოსათვის!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ამ განცხადებას რამდენჯერმე ტაშითა და ოვაციებით გამოეხმაურნენ თავისი საარჩევნო შტაბის წევრები. საგულისხმოა, რომ ორი დღეა, ჟურნალისტები სალომე ზურაბიშვილისაგან არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე შეფასებას ითხოვდნენ, თუმცა ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობდა.

"როცა დაგიბარებთ, გეტყვით... როცა დავაპირებ, გეტყვით", - მხოლოდ ამ ფრაზის რამდენჯერმე განმეორებით შემოიფარგლა "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ორშაბათს მის სახლთან მყოფ ჟურნალისტებთან და შემდეგ მათ ზურგი აქცია.

პარალელურად, ორშაბათს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი "ოცნებაზე" განაწყენდა. ის გააბრაზა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ორშაბათ დილით გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც კალაძემ თქვა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა მათი პარტიის მომხრეების მობილიზაცია.

"რუსთავი 2"-ის წყაროს ცნობით, ზურაბიშვილი დაიმუქრა კიდეც, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებდა და კანდიდატურას მოხსნიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×