თამარ შუკვანი
31.10.2018

 „კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ეს არის ძალიან კარგი კანონპროექტი, მას მხარს ვუჭერ. არა მარტო კარგია, არამედ აუცილებელიც კია, მაგრამ ის შესაძლოა ორ ნაწილად დაიყოს: ერთს მყარად ვუჭერთ მხარს, - ეს არის მისი მკაცრი რეგლამენტაცია, სადაც წესებია გაწერილი, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი საზოგადოებაში მარიხუანას მოწევის წახალისებისა და მისი გავრცელების ხელშეწყობის რისკებისაგან," - აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსს" განუცხადა.

კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის მომხრეთა წრე უფრო მეტად ფართოვდება. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მისი გაწვევის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგა. მისი გაწვევის მომხრეა უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელსაც „რეზონანსი" ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძე: არის მკაცრად გაწერილი წესები, რომელიც გულისხმობს შემდეგს: არ შეიძლება მარიხუანას მოწევა მაღალი პასუხისმგებლობის პროფესიების მხრიდან, საჯარო სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნებთან და ა.შ.

მეორე ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებმა შეძლეს საზოგადოებისთვის არასწორად მიეწოდებინათ ინფორმაცია, თითქოს კულტივირების მეორე საკითხი ეხებოდა ქვეყანაში პლანტაციების გაშენებას, ნარკოტიკების მოხმარების წახალისებასა და მასიურ თრობას, ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.

საუბარია, მხოლოდ სამედიცინო მოხმარებისათვის და ასევე, კოსმეტოლოგიური პროდუქციის დამზადებისათვის, რაც არაერთ ქვეყანაში ძალიან აქტიურად ხორციელდება. როგორიც არის კანადა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. მაგრამ ამ ნაწილშიც ვხედავთ რისკებს; ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ გაკონტროლება, რომ მხოლოდ ამ მიზნებისათვის იქნას გამოყენებული და არ გავიდეს შავ ბაზარზე, რაც უკვე საზოგადოებრივ ხიფათს შექმნის.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია საზოგადოების ნეგატიური განწყობა ამ საკითხის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოების განწყობა გავითვალისწინოთ და დავიცვათ საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოება. გავითვალისწინოთ თუნდაც ის თეორიული რისკებიც, რაც შესაძლოა ამ ყველაფერს მოყვეს. ამიტომაც, ვფიქრობს, რომ ეს კანონპროექტი გაწვეულ უნდა იქნას.

„რეზონანსი": როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საკითხი პარლამენტის პრევოგატივას არ წარმოადგენს. ვინ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი და მოხდება თუ არა მისი გაწვევა?

დ.ხ: ეს უნდა გააკეთოს ინიციატორმა და ამ შემთხვევაში მთავრობამ. ჩვენი, დეპუტატების დამოკიდებულება და მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან აქ ადამიანების ჯანმრთელობის საკითხი დგება. მარიხუანამ საზოგადოებას ჯანმრთელობის მხრივაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს.

მისი ხშირი მოხმარების შემთხვევაში გამოიკვეთება მყარი დამოკიდებულება, ქცევითი აშლილობები, ფსიქოზი. ამიტომაც, ჯანდაცვის კომიტეტმა სრულაიდ ლოგიკურად დააყენა ეს საკითხი და ფაქტობრივად, ინიციატორს მოუწოდა, რომ ეს კანონპროექტი გაწვეულ იქნას.

„რ" თქვენი აზრით, კანაფის კულტივაციის საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე თუ გაიწვევს?

დ.ხ: ეს კანონპროექტი რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გაწვეული. ჩვენი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ წინასაარჩევნოდ. ამას დეპუტატთა არცთუ ისე მცირე ნაწილი ვამბობთ ამ თემის გაჟღერების დღიდან.

ეს ინიციატივა პირდაპირ მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება, მაგრამ რადგანაც საზოგადოების დამოკიდებულება ასეთია და საზოგადოება ამ პროცესს ნეგატიურად უყურებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ეს კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად იქნას გაწვეული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×