აკაკი გვიმრაძე
31.10.2018

 ესტონეთში მოქმედი ქართული სათვისტომო „ქართული სახლი" ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული და აქტიურია ქართულ სათვისტომოებს შორის მთელს ევროპაში. ნოვატორული იდეები, დიდი მოტივაცია და საქართველოს ინტერესების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით - ეს არის „ქართული სახლის" მთავარი დამახასიათებელი თვისებები.

„ქართული სახლი" უმნიშვნელოვანეს პროექტებს ახორცილებს ესტონეთში, რათა ქართული კულტურის, ტრადიციების, ხელოვნების პროპაგანდა განახორციელოს და ესტონელებს საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივოს.

ორგანიზაციის მთავარ პროექტებს შორისაა: საკვირაო ქართული სკოლა „მზიური", რომელიც უკვე მრავალი წელია ადგილობრივ ქართველ ბავშვებს ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში ეხმარება, 30-წუთიანი ქართულენოვანი გადაცემა ესტონურ რადიოში, ემიგრანტებისგან შემდგარი ქართული საფეხბურთო გუნდი, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალაა მთელს რეგიონში, ვებ და ფეისბუქგვერდების ამუშავება, რაც ქართველების კონსოლიდაციის კიდევ ერთი ეფექტური გზაა, აგრეთვე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ქართული ღონისძიებების გამართვა მთელი ესტონეთის მასშტაბით.

ტალინის გარდა ერთ-ერთი ქართული კერაა შექმნილი პატარა ქალაქ კივიოლიში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები კომპაქტურად ჩასახლდნენ და თეიმურაზ ქარდავასა და მისი ოჯახის ძალისხმევით ქართული სული იქ მუდამ ცოცხლობს და აფხაზეთიც არასოდეს ავიწყდებათ.

კივიოლიში ყოველთვის აღინიშნება აფხაზეთის ტრაგედიასთან დაკავშირებული მოვლენები (ფოტოგამოფენები, საფეხბურთო მატჩი ბავშვებს შორის, სადაც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც იწვევენ ხოლმე).

„ქართული სახლის" პრეზიდენტმა ზაზა წერეთელმა შეძლო თავის გარშემო განათლებული და პროგრესზე ორიენტირებული გუნდის შექმნა, სადაც ესტონეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები არიან გაერთიანებულნი და მათი მიდგომები სათვისტომოს ეფექტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მართლაც მეტად საინტერესოა.

შეიძლება ითქვას, რომ „ქართული სახლის" გუნდი სათვისტომოს სრულიად ახალ ორგანიზაციულ მოდელს ქმნის, როგორ შეიძლება იფუნქციონეროს დიასპორულმა ორგანიზაციამ უცხოეთში და მინიმალური რესურსების პირობებში მაქსიმალური ეფექტი მიიღოს. „ნაკლები სადღეგრძელო და მეტი საქმე" - ასე ვხედავ მე ორგანიზაციის მიდგომას საქმისადმი და შედეგები უკვე არის.

„ქართული სახლის" მოღვაწეობაზე, მის პრობლემებზე და მომავალ გეგმებზე „რეზონანსს" ორგანიზაციის პრეზიდენტი ზაზა წერეთელი ესაუბრა.

ზაზა წერეთელი: ორგანიზაციას 2009 წლიდან „ქართული სახლი" ეწოდება და ის სადღეისოდ 6 ქართულ ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ესტონეთში ფუნქციონირებენ. ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირება მოვახერხოთ, რომლებიც ესტონეთში ცხოვრობენ და მათი „ქართული სახლის" აქტივობებში ჩართვა შევძლოთ.

ესტონეთში მრავალი წარმატებული და ღირსეული ქართველი ცხოვრობს, რომლებმაც თავისი შრომით და განათლებით ბევრს მიაღწიეს და გვინდა, რომ ამ ხალხის სახით ვაჩვენოთ წარმატებული ქართული ემიგრაციის სახე, რის შესახებაც ინფორმაცია საქართველოში ფაქტობრივად არ არის.

როდესაც ემიგრაციაზე იწყება საუბარი, მაშინვე ასოციაცია ჩნდება გარკვეულ არალეგალურ და არაკანონიერ ქმედებებთან, მაგრამ, აქ ესტონეთში ქართველებმა თავისი მოღვაწობით კარგი რეპუტაცია შეიქმნეს, ბევრი პატივსაცემი ქართველი ცხოვრობს აქ და გვინდა, რომ სამშობლოშიც გაიგონ ამის შესახებ.

„რეზონანსი": რა ტიპის აქტივობებს ახორციელებს „ქართული სახლი" და საერთოდ რა არის თქვენი მიზანი?

ზ.წ: „ქართული სახლის" მთავარი მიზანი საქართველოს მაქსიმალური პოპულარიზაცია და ძლიერი დიასპორული ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც ყოველთვის პატივსაცემი ძალა იქნება და ღირსეულად შეძლებს სამშობლოს წარდგენას.

არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების საშუალებით საქართველოს პრესტიჟი და მიმზიდველობა ესტონეთში კიდევ უფრო გავზარდოთ.

ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა „მზიური" ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც ქართული ენისა და ტრადიციების შესწავლაა შესაძლებელი, მოვახერხეთ ესტონურ რადიოში 30-წუთიანი ქართული გადაცემის დაფუძნება, ჩვენი საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირებში და ვმართავთ ამხანაგურ შეხვედრებსაც, ვმართავთ ღონისძიებებს საქართველოს დღესასწაულებთან დაკავშირებით, სადაც ვიწვევთ ესტოენელებსაც, რათა მათ კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო. ფუნქციონირებს ჩვენი ფეისბუქ და ვებგვერდიც.

„რ": ესტონეთის სახელმწიფოსგან და ესტონელი ხალხისგან როგორი დამოკიდებულებაა თქვენდამი და საერთოდ საქართველოსადმი?

ზ.წ: დამოკიდებულა უაღრესად თბილი და კეთილგანწყობილია. ესტონელებს დიდი სიყვარული აქვთ საქართველოსადმი და კარგად ესმით ჩვენი პრობლემები. პირდაპირ აღნიშნავენ, რომ ჩვენ ყოველთვის კარგად გავუგებთ ერთმანეთს, ვიდრე სხვა, რადგანაც საერთო ისტორია გვაქვს გამოვლილიო.

ესტონური სახელმწიფო კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ აქ თავისუფლად მუშაობა და ცხოვრება შევძლოთ, ხოლო ჩვენმა ორგანიზაციამ იფუნქციონეროს.

ამჟამად ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ „ქართულ სახლს" არ აქვს ოფისი და ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლების დახმარება გვჭირდება. თავშივე ვიტყვი, რომ ქართული სახელმწიფოსგან არ ვითხოვთ საამისოდ ფინანსებს, უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ესტონეთის მთავრობას ოფიციალურად მიმართოს თხოვნით, რათა საოფისედ ადგილი გამოგვეყოს, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ.

„რ": საერთოდ, კომუნიკაცია თუ გაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და როგორია დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა სათვისტომოებთან მიმართებაში?

ზ.წ: კი, კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სამწუხაროდ ან ეტაპზე სახელმწიფოს არ გააჩნია სტრატეგია სათვისტომოების მიმართ, უმეტეს წილად ვერ ვგრძობთ დაინტერესებას მათი მხრიდან და შესაბამისად კავშირიც სუსტია. თუმცა არის დადებითი მაგალითიც, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა და უსასყიდლოდ გამოუყო ჩვენი სათვისტომოს საფეხბურთო გუნდს ეროვნული ნაკრების სატამაშო კომპლექტი... შეიძლება ითქვას რომ დღეს-დღეისობით ესტონეთის სახელმწიფოს უფრო დაინტერესებულია ჩვენი საქმიანობით.

„რ": სადღეისოდ ესტონეთში ქართული ემიგრაცია რა რაოდენობისაა და ქართველი სტუდენტების წილია როგორია ამ რიცხვში?

ზ.წ: სადღეისოდ ესტონეთში დაახლოებით 500-მდე ქართველი ცხოვრობს. რაც შეეხება სტუდენტებს, ყოველწლიურად ესტონეთში 100-130 ქართველი ახალგაზრდა ჩამოდის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით.

ესტონეთის განათლების სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მთელს ევროპაში, ესტონელები განათლებაში მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ და შედეგებიც სახეზეა.

ამიტომაც ქართველი სტუდენტებისათვია აქ განათლების მიღება მეტად სასარგებლო და პრესტიჟულია.

საერთოდ, ესტონეთში განათლება, ნოვატორული იდეები ძალიან წახალისებულია. იცით ალბათ, რომ ქვეყანა ელექტრონულ მმართველობაზეა გადასული, რაც ყველა ოპერაციას მაქსიმალურად ამარტივებს და უამრავი სტარტაპებიც ფინანსდება.

გვსურს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმაც მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ ამ სიახლეებში და მაღალი დონის განათლებას დაეუფლონ, რათა მომავალში საქართველოს გამოადგნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×