ირაკლი ქარსელაძე: "ყველა ტენდერი დაიწყოს და დასრულდეს დათქმულ ვადაში და ხარისხიანად"
მარი ჩიტაია
01.11.2018

 გზების მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი დაძლეულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკონტრაქტება წლის ბოლომდე მოესწრება. მასშტაბური პროექტების პრობლემა ძირითადად მშენებლობის ვადის გახანგძლივებას უკავშირდება, რაც უმეტესწილად უცხოური კომპანიების შეუსრულებელი ვალდებულებებია.

სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ყველა ტენდერი დაიწყოს და დასრულდეს საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით. უფრო ვრცლად, თუ რა არის პრობლემა, რამდენად დაჩქარდება მშენებლობის ტემპი და როგორ აპირებს სამინისტრო უცხოელ კონტრაქტორებთან არსებული პრობლემის მოგვარებას? "რეზონანსის" კითხვებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე პასუხობს.

"რეზონანსი": რის გამო ფერხდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, რა სირთულეებია იმ კომპანიების წინაშე, რომელთაც დათქმულ ვადაში ვალდებულებების შესრულება უჭირთ?

ირაკლი ქარსელაძე: მშენებლობის ტემპის შენელება სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება. მართლაც არის დაუსრულებელი პროექტები, რადგან ზოგ შემთხვევაში მოხდა ვადის გადაწევა. ამ მხრივ პრობლემური აღმოჩნდა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი. პირველ მონაკვეთზე უკრაინულ კომპანია "ალტკომთან" გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია კონტრაქტორების შეუსაბამო მოქმედებისა და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. კომპანიამ სატენდერო პირობები დაარღვია. საქმეს იძიებენ.

პარალელურად ახალი ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული გამოვლინდა, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სატენდერო პირობით გათვალისწინებული საავანსო და უზრუნველყოფის გარანტიები, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება. გამარჯვებულმა კომპანიამ 1-ელ ნოემბრამდე უნდა წარმოადგინოს გარანტია, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება.

მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ, გრუნტის პრობლემების გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა გზის საფარის მოწყობა. მესამე მონაკვეთზე იტალიურ კომპანიას, უკვე 1 წელია, არ დაუწყია მუშაობა. ყველა შემთხვევაში, სადაც კონტრაქტორი არ თუ ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ტარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით.

"რ": რა პრინციპით ხდება კომპანიების შერჩევა, მასშტაბურ პროექტებში ქართულ კომპანიებს მონაწილეობის შესაძლებლობა თუ აქვთ. ოპონენტების კრიტიკა ხშირად სატენდერო პირობების ამ ნაწილს უკავშირდება.

ი.ქ: ოპონენტების მოსაზრება ეფუძნება იმას, რომ ტენდერები ცხადდება ისეთი პირობებით, რომ ქართული კომპანიები შეზღუდული არიან მონაწილეობისათვის. სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა პირობა - საკვალიფიკაციო, ტექნიკური და ფინანსური - პროექტის მასშტაბიდან გამომდინარეა. ჩვენი ამოცანაა ისეთი კვალიფიციური კომპანიების შერჩევა, რომლებსაც კონკურენტუნარიან ფასად აქვთ, მინიმუმ, ამ გამოცდილების 80%, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.

მაგალითისთვის, თუ 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი, მსურველს უნდა ჰქონდეს, მინიმუმ, 6 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის გამოცდილება. გზის საფართან დაკავშირებითაც თავისი მოთხოვნაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, რაც დიდი ტენდერების ჩატარების კუთხით მოქმედებს, საბოლოოდ კი ხარისხიანად შესრულებული პროექტები უნდა მივიღოთ.

"რ": ბოლო პერიოდში რამდენად გაძლიერდა კონტროლი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ან ხომ არ ფიქრობთ სატენდერო პირობების გამკაცრებას, რამაც შეიძლება საბოლოოდ მშენებლობის ტემპი დააჩქაროს?

ი.ქ: დიდი ყურადღება ექცევა საპროექტო გადაწყვეტილებების ხარისხის კონტროლს და ჩვენ უკვე დავნერგეთ შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც საპროექტო გადაწყვეტილებების ეტაპობრივად მიღებას ითვალისწინებს.

გამკაცრდება კონტროლი საკვლევი სამუშაოების პროცესშიც, რამდენად სწორად და სიღრმისეულად ტარდება გეოლოგიური თუ სხვა ტიპის გამოკვლევები ადგილზე, რასაც ეფუძნება კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტილებები. ბევრი სხვა ინოვაციაა, რაც დეპარტამენტის ფარგლებში უკვე დაწყებულია და განხორციელდება.

"რ": როცა კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობთ, კორუფციის რისკი რამდენად არის გათვალისწინებული?

ი.ქ: სწორედ იმისთვის, რომ ეს რისკი საბოლოოდ აღმოიფხვრას, მოხდა პრევენციული ზომების მიღება. ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული მიმართულება, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბებას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება მსგავსი ტიპის საქმეებზე დროული რეაგირება და ღონისძიებების და რეკომენდაციების შემუშავება. ეს უზრუნველყოფს უკვე არსებული პრობლემებისა და ნებისმიერი მსგავსი ფაქტებისგან თავის არიდებას. კონტროლი ამ მიმართულებით იქნება უმკაცრესი.

ნამდვილად არის პოზიტიური ძვრები. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა წლის ბოლომდე მოესწროს რამდენიმე მსხვილი პროექტის დაკონტრაქტება, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ყველა ტენდერი დაიწყოს და დასრულდეს საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით - დათქმულ ვადაში და ხარისხიანად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×