არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" მეორე ტურში დამატებით ხმების აღებას. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციისგან ხმების დამატება უკვე გარანტირებული აქვს, თუმცა რას აპირებს მმართველი გუნდი, ჯერჯერობით უცნობია.
ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში საგანგებო შეხვედრა გამართა და დაანონსდა მმართველი გუნდის დეპუტატებისგან, რომ გარკვეული ცვლილება იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, მოხდება თუ არა სამთავრობო ცვლილება, ან პარტიაში რეორგანიზაცია თუ იგეგმება.
საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გატანაც მოხდეს. არის თუ არა საკმარისი ერთი თვე და რა უნდა გააკეთოს "ოცნებამ", რომ გაბრაზებული და გულაყრილი ამომრჩეველი მეორე ტურში მიიყვანოს. რამდენად შეძლებს მმართველი გუნდი საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანების მობილიზებას.
პოლიტოლოგები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ მმართველ გუნდს, ოპოზიციისგან განსხვავებით, ამომრჩევლის მობილიზება ძალიან გაუჭირდება.
იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ "ოცნებას" მეორე ტურის მოგება საკმაოდ გაუჭირდება. ხელისუფლებას ახლა არც საკადრო ცვლილება და არც სხვა პრობლემური საქმეების გადაწყვეტა უშველის, რადგანაც საზოგადოება მიხვდება, რომ ამას მხოლოდ არჩევნების მოსაგებად აკეთებს. ახლა მმართველი გუნდი ამომრჩევლისთვის უფრო მეტი თანხის შეთავაზებას თუღა შეძლებს. იურისტის თქმით, არის ინფორმაციები, რომ მოსახლეობის მოსასყიდმა თამასამ უფრო ზემოთ აიწია, რადგან მმართველი გუნდი მოსახლეობას მიშას ჩამოსვლითაც ვეღარ შეაშინებს, ეს ფანდიც აღარ ჭრის. ამის ნათელი მაგალითი მეორე ტურია.
"ახლა "ოცნებას" ვერაფერი ვეღარ უშველის, მიშას ჩამოსვლის კოზირიც ხელიდან არის გაშვებული, რადგანაც ხალხმა ის უკვე, დიდი ხანია, მოიშორა და მისი სამუდამოდ პოლიტიკიდან გაცილება თავად "ოცნებამ" ვერ შეძლო.
"ახლა მათ არც საკადრო ცვლილება და არც იმ პრობლემური საკითხების მოგვარება უშველით, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიური იყო. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას მაინც ვერ გაბედავს. მართალია, ისეთი გამბედავი პროკურორი არ გვყავს, რომ ის მაშინვე დააკავოს, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს ფარცხალაძე, რომლის შიშითაც საქართველოში ვერავინ ვერ დადის.
"ამიტომ ამ თემის გააქტიურებითა და მიშას შიშით გაბრაზებულ ამომრჩეველს შეირიგებენ, აღარ გამოვა. ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის უფრო ძვირად მოსყიდვას შეეცდებიან. როგორც ვიცი, თამასა გაზრდილია", - აცხადებს მუხაშავრია "რეზონანსთან".
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება გაუჭირდება, რადგანაც მას ორასი ათასი ხმის დამატება სჭირდება, რათა ვაშაძეს მოუგოს. ზურაბიშვილი კი ოპოზიციიდან ამ ხმას ვერ მოიტანს, რადგანაც მათი ამომრჩეველი ხმას ვაშაძეს მისცემს. ვაშაძეს მხოლოდ "ევროპული საქართველოდან" ხმების დამატებაც ეყოფა.
მისი აზრით, ოცნებაში არ არის ის ხალხი, ვინც შეძლებს და მიხვდება, რაში დაუშვეს შეცდომა. წინასაარჩევნოდ "ოცნებას" ნული პიარი ჰქონდა და მათმა თავდაჯერებამ უკუშედეგი მოიტანა. ახლა უნდა დასხდნენ, დაიდონ შედეგები და გააანალიზონ, სად რა და რატომ მოხდა. ახლა ყველაზე მთავარი არა საკადრო ცვლილება და გადაწყვეტილებები, არამედ საზოგადოებაში არსებული იმ უარყოფითი მუხტის გაფანტვაა, რომელიც შუაშისტ ამომრჩეველს მეორე ტურში მიიყვანს და ხმას ზურაბიშვილს მისცემს. არადა, "ოცნებაში", ბიძინა ივანიშვილის გარდა, ერთი ადამიანიც არ არის, საზოგადოების ნდობით ან ავტორიტეტით სარგებლობდეს.
"ივანიშვილს ეგონა, რომ კვლავ საზოგადოების ჭარბი ნდობა ჰქონდა და სწორედ ამაში შეცდა. სად არის ამ არჩევნებზე პრემიერი ბახტაძე? რატომ იღებენ წინასაარჩევნოდ ასეთ გადაწყვეტილებებს?
"მე ვურჩევ "ოცნებას", რომ სარალიძის საქმეს, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ კითხვებს, კანაფის კულტივაციაზე დაწყებულ დაპირისპირებას სასწრაფოდ ბოლო მოეღოს და ხალხმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღოს. წავიდნენ გარკვეულ დათმობაზე, თორემ ამ არჩევნებს წააგებენ, თუ, რა თქმა უნდა, მოგება უნდათ.
"მე რასაც ვუყურებ, ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ხალხს არ უსმენენ. სასწრაფოდ შესაცვლელია პიარი და არჩევნების ხელმძღვანელი გუნდი. ის ადამიანები უნდა ჩაერთონ საქმეში, ვინც ეს საქმე იცის. ვინ არის ახლა "ოცნებაში" ისეთი, ვინც ამ პრობლემას გაუმკლავდება. ეს საგანგებო შეხვედრები რას უშველით, გუნდის რეორგანიზაცია თუ არ მოხდა", - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან".