მარიამ კუპატაძე
01.11.2018

 მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 10:00 საათზე დაიწყო.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ "ოცნების" ლიდერები საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ.

„ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა გაიმართა, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა მიმდინარეობს, გოგა ხაინდრავა გამოჩნდა. ხაინდრავამ მას შემდეგ რაც ოფისის წინ ჟურნალისტები შენიშნა, ტერიტორია მალევე დატოვა, ისე რომ მედიამ მისი კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. თუმცა მოგვიანებით ის ავტომანქანით "ოცნების" ფარეხის შესასვლელიდან შევიდა. უცნობია რასთან დაკავშირებით მივიდა ხაინდრავა იქ და ესწრება თუ არა ის ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია.

„შედეგები ცივი შხაპივით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს. ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება", - განაცხადა ქანთარიამ.

„ვისაუბრეთ პოზიტივზეც და ნეგატივზეც" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, გარკვეული ხარვეზები არსებობს.

„ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, პოზიტივზეც , ნეგატივზეც. არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ტექნოლოგიებს, არის ხარვეზებიც: აქტივობა, ჩართულობა, გუნდის ძველი წევრების აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა, კოორდინატორების აქტიური მუშაობის აუცილებლობა და ა.შ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი, პარტიის ლიდერები პარტიის წევრებს ყოველდღე ხვდებიან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×