პოლონეთში 28 წლის ქალის სასტიკად მკვლელობის ბრალდებით კიევში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ხუცურიანმა ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ გააუპატიურა და მოკლა.
ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა, სავარაუდოდ, დანით ყელი გამოჭრა, რადგანაც მას დაზიანებები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ის ინტერპოლის მიერ ძებნაზე იქნა აყვანილი. ასევე არსებობდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ის სამშობლოში დაბრუნებულიყო, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
„დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამეკავშირეო ოფიცერის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათაო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით", - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.
გარდაცვლილი გოგონას ახლობლები პოლონურ მედიასთან აცხადებენ, რომ 28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს მას შემდეგ იპოვეს, რაც ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტიკად არის ნაცემი. ექსპერტიზის მიხედვით, პაულინა დ. კისრის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
მკვლელობის დღეს, ახალგაზრდა გოგონა ქალაქ ლოძში, პიოტრკოვსკას ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამუკა ხეცურიანმა ახალგაზრდა გოგონა ჰოსტელში მიიყვანა. მას ფიზიკურად გაუსწორდა, იძალადა, სავარაუდოდ, გააუპატიურა, შემდეგ კი დანით მოკლა.
სამართალდამცველებმა პაილინა დ.-ს ცხედარი იანას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
"ჩვენი ვერსიით, ქალი სცემეს და შემდეგ მოკლეს. დამნაშავე სექსუალური მოტივით მოქმედებდა. სიკვდილის მიზეზი კისრის არეში ჭრილობა გახდა. სავარაუდოდ, დანაშაულის იარაღი არის დანა", - ამბობს ლოძის პროკურატურის წარმომადგენელი, კაზშიტოფ კოპანია.
მისივე განმარტებით, დანაშაულში მონაწილე 3 პირია დაკავებული - 28 და 41 წლის ორი ქართველი და 44 წლის ბელორუსის მოქალაქე ქალი. ბელარუსის მოქალაქეს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც ედება. ხოლო დაკავებულ ქართველებს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. პროკურატურის მოთხოვნით, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გავრცელებული ინფორმაციით მამუკა ხეცურიანი წარმოშვებით ქუთაისიდან არის და ის პოლონეთში ცხოვრობდა.
ვიდეო იხილეთ აქ.