"რაც კი გამოიკვლია, იმანაც შედეგი ვერ გამოიღო, ბაზარზე არაფერი შეცვლილა"
მარიკა გოგოხია
02.11.2018

 კონკურენციის სააგენტოში რეორგანიზაცია იწყება. ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ იგი საბჭოდ ჩამოყალიბდება, თუმცა არ არის გამორიცხული, საერთოდ გაუქმდეს, რადგან არსებულ პრობლემებს თავი ვერ გაართვა. ფაქტია, რომ კონკურენციის სააგენტო ამ ფორმით ვერ იარსებებს. ხადურის უწყებამ ვერ შეძლო ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა და რაც კი გამოიკვლია, მანაც შედეგი ვერ გამოიღო.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოდან პირველია, რომელიც კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ცვლილების საჭიროებას ხედავს. რომან კაკულიას მიაჩნია, რომ სააგენტო ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და, საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, მას ინსტიტუციური გაძლიერებაც სჭირდება.

ცვლილების მომხრეა საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ექსპერტთა წრეებიდანაც.

"კონკურენციის, სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს, რომ არსებული კანონპროექტით კონკურენციის სააგენტოს საბჭოდ გადაკეთება იგეგმება.

"აპირებენ, მთლიანად სისტემა შეცვალონ, კონკურენციის სააგენტოს მაგიერ საბჭო შექმნან, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ქაღალდზეა და ბოლომდე არც არის გაწერილი. წესით, ახლო მომავალში უნდა შევიდეს კანონპროექტი პარლამენტში და როგორც ვიცი, სურვილი ნამდვილად არის, რომ სააგენტოს ნაცვლად შეიქმნას საბჭო, რომელშიც რამდენიმე ექსპერტიც შევა. ისინი იმუშავებენ საბჭოს სახელით და თავმჯდომარეზე არ იქნება მხოლოდ პასუხისმგებლობა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუკი შეიქმნება საბჭო და უფრო კომპეტენტური პირები იმუშავებენ, გადაწყვეტილების მიღება ერთ ადამიანს აღარ მოუწევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი მთავრობისაგან და პარლამენტისაგან", - ამბობს სოლომონ მენაბდიშვილი.

სისტემურ ცვლილებას დადებითად აფასებს ეკონომისტი რამაზ გერლიანი, თუმცა მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატივა, რის გარეშეც სააგენტოს გაუქმება არასწორი იქნება.

"კონკურენციის სააგენტო თუ გაუქმდება და მის ადგილზე გაჩნდება ახალი სამართალმემკვიდრე, ეს არსებითად არაფერს შეცვლის. აუცილებელია, რომ სააგენტოს ალტერნატივა შეიქმნას. მან რეალურად უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და რა ერქმევა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ბოლო და წინა პერიოდსაც თუ დავაკვირდებით, კონკურენციის სააგენტო დაკისრებულ ფუნქციას ნამდვილად ვერ ასრულებდა. იმ რესურსით, რაც მას აქვს, პრაქტიკულად, ვერც შეასრულებდა. სულ რადენიმე კაცი მუშაობს, თუმცა მეტის გაკეთება შეეძლოთ.

მონოპოლიებთან მიმართებით და ასევე კომუნიკაციის კუთხითაც სააგენტოს პოზიცია სუსტია. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოეკვლიათ და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. თუკი კონკურენცია იზღუდება ამა თუ იმ სეგმენტში, პირდაპირ თუ ირიბად რაღაც პრობლემა უჩნდება კონკურენციას, მაგრამ ამ ფუნქციას ისინი ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ", - განუცხადა "რეზონანსს" გერლიანმა.

შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტომ თავი ვერ დააღწია ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციას, რა ფორმითაც იგი ადრე მუშაობდა.

"ჩვენ არ გვახსოვს სააგენტოს ჩართულობა თუნდაც სხვადასხვა საკანონმდებლო გადაწყვეტილების დროს, როცა ირიბად ჩანდა, რომ კონკურენცია იზღუდება და ის პრობლემას უქმნის ეკონომიკას. კონკურენციის სააგენტოს საქმე მხოლოდ მონოპოლიების დევნა არ არის, ადრე სწორედ ამ ფუნქციითაც იყო აღჭურვილი ეს სამსახური.

სინამდვილეში ეს უწყება უნდა იყოს კონკურენციის სადარაჯოზე, ამით მონოპოლიების გაჩენის ალბათობა, პრაქტიკულად, ნულოვანი იქნება. ის არ უნდა ასრულებდეს მეხანძრის როლს, არამედ წესრიგის დამცველად გვევლინებოდეს. ამისთვის კი წინსწრებით უნდა აანალიზებდეს, რამ შეიძლება შექმნას პრობლემა კონკურენციის ბაზარზე. საბჭოს ჩამოყალიბების შემთხვევაში კი მან ეს ფუნქცია ჯეროვნად უნდა შეასრულოს", - აცხადებს ეკონომისტი.

სისტემური ცვლილების აუცილებლობას ხედავს ფინანსისტი ირაკლი მაკალათია, რომლის შეფასებითაც, სახელის შეცვლა საქმეს ვერ უშველის, თუ ამ ნაბიჯს მნიშვნელოვანი ძვრა არ მოჰყვება.

"კონკურენციის სააგენტო უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ის მხოლოდ ბიუჯეტის ფულის მფლანგველია და რეალური შედეგი მის საქმიანობას არ მოჰყოლია. ჩვენ დავინახეთ, რომ არც ერთ მის მიერ შესწავლილ საქმეს საბოლოოდ შედეგი არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით მიზერულ ჯარიმებს, რისი გადახდის შემდეგაც კომპანიები უცვლელად აგრძელებენ საქმიანობას და კონკურენციასაც ზღუდავენ.

სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ბაზარი კონკურენტუნარიანი იყოს. რეალურად, ჩვენ გვაქვს მონოპოლია, რისი გამოსწორებაც სააგენტომ ვერ შეძლო. ჯარიმის გამოწერა არ არის გამოსავალი, რადგან კომპანიები იხდიან ამ თანხას, მაგრამ ისევ თამაშის ჩვეული წესით მოქმედებენ, ბაზარზე არსებული ვითარება კი უცვლელი რჩება.

სააგენტოს მუშაობას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ წლიდან წლამდე მისი რესურსი იზრდება, მაგრამ ვერაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში, მისი საქმიანობის შედეგი ბაზარზე არ ასახულა. სააგენტოს მიმართ ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხი არ გვაქვს. სავსებით სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი მისი გაუქმების საკითხი დადგება დღის წესრიგში.

რაც შეეხება საბჭოდ გადაკეთებას, რა სახელს დავარქმევთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ეფექტურად არ იმუშავებს. ვხედავთ, რომ ამ სახით არანაირი სურვილი და რესურსი არ აქვთ, ამიტომ სამომავლოდ ამ უწყებაშიც იგივე ხალხი და შემართება დარჩება. მხოლოდ სახელის შეცვლით, საეჭვოა, ვითარება გამოსწორდეს", - ამბობს "რეზონანსთან" მაკალათია.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების საპასუხოდ კონკურენციის სააგენტომ "ბიემს" წერილობითი ფორმით უპასუხა.

"საქართველოს პარლამენტი, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებაზე. ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა ცვლილებები და გადაიგზავნა ყველა შესაბამის სამინისტროში, მარეგულირებელ ორგანოსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ახლო მომავალში მოხდება კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის უფლებამოსილი პირების მიერ და განხორციელებული ცვლილებების შესახებ გეცნობებათ. ცვლილებები შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ მოწყობას, უფლებამოსილებების დახვეწასა და მექანიზმების უზრუნველყოფას, რაც უფრო ეფექტურს გახდის სააგენტოს მუშაობას", - ნათქვამია სააგენტოს წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×