გვანცა წულაია
02.11.2018

 კანაფის კულიტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ. ამის შესახებ ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა. საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ილია მეორეს და სასულიერო პირებს შეხვდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება.

კობახიძის თქმით, ამ არჩევნებმა ხელისუფლებას საზოგადოების განწყობა აჩვენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოების განწყობას.

„ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ფართო კონსენსუსის საფუძველზე. არჩევნებსაც უკავშირდება, შემიძლია გითხრათ. კერძოდ, გუშინ როდესაც ქალბატონი სალომე მის პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობდა, მან თავისი პოზიცია დაასაბუთა იმ შეხვედრებით, რომელსაც ის საარჩევნო პროცესში რეგიონებსა თუ ქალაქებში ატარებდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებმაც გვაჩვენა დამატებით ის განწყობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ესეც გახდა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება".

შინაგას საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ იურიდიული თვალსაზრისით კანონპროექტს პარლამენტიდან გასაწვევი არაფერი სჭირს, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის საარჩევნო და საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის გაწვევის შესახებ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კანაფის მოხმარების რეგულირებას ეხება და რასაც უდიდესი შედეგი ექნება როგორ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების ნაწილში. დღეს პატრიარქთან ასევე ვიმსჯელეთ კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის თემაზე. ამ საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკური კონტექსტი დაედო. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია კანონპროექტის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსის მიღწევა ამ ეტაპზე შეუძლებელია საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე. პარტიაში იყო შეხვედრა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. ჩვენ დავთანხდით, რომ უახლოეს პერიოდში კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×