თამარ შუკვანი
02.11.2018

 „მგონია, რომ ეს სვლა მომავლის პროგნოზირებით გაკეთდა. საარჩევნო თვალსაზრისით, რესპუბლიკური პარტია რეალურად ძალიან დასუსტდა. ელექტორატის მხარდაჭერით ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა არა მარტო ელექტორატით, გარკვეულწილად, ისედაც დასუსტდა. ბუნებრივია, რომ ეძებს საყრდენს, რომ პოლიტიკური წონა თუ რამე დარჩა, შეინარჩუნოს," - რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რესპუბლიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, - განცხადება დღეს პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.

ვახტანგ ძაბირაძე: ასეთ ვითარებაში მას მოუწია არჩევანის გაკეთება. ამომრჩეველი და პარტია რამდენად მიიღებს ამას, ეს ცალკე საკითხია. არჩევანი გააკეთა არა საპრეზიდენტო მმართველობის, მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროგნოზით და შედეგებით.

მომავალში თუ იქნება კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში, რაშიც ეჭვი მეპარება, რომ პარტლამენტში გაერთიანებული პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" დასჭირდეს, რესპუბლიკელებმა შესაძლოა შეინარჩუნონ იმის შანსი, რომ ისევ პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ძალა გახდნენ.

„რეზონანსი": ოპოზიციიდან კიდევ ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი გრიგოლ ვაშაძეს?

ვ.ძ: თუ ვინმეს უნდოდა მხარდაჭერა, აქამდე გამოთქვამდა სურვილს. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებია შანსია, რომ ვინმემ ასეთი განცხადება გააკეთოს. არ მგონია, რომ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ვინმეს დამატება დასჭირდეს, თუმცა წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ იქნებიან. ყველა პოლიტიკური ძალა არჩევანს გააკეთებს იმის მიხედვით, 2020 წლისთვის რა პერსპექტივა გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დამთავრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები. 2020 წლისთვის „ქართულ ოცნებასაც" ძალიან გაუჭირდება.

„რ": საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი თვეა დარჩენილი. კონკრეტულად, რა შეიძლება შეიცვალოს ამ ერთ თვეში, თუნდაც „ქართული ოცნებისთვის?"

ვ.ძ: რესურსი „ქართულ ოცნებას" აქვს, მაგრამ ეს ისეთი რესურსია, რომლის მოძრაობაში მოყვანას დიდი შრომა, ენერგია, ფიქრი, ფრთხილი და სწორი გათვლა სჭირდება, ასევე სწორი აქცენტების გაკეთებაც.

პირველი წამყვანი ძალად ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ არა იმ ფრაზეოლოგიით, რაც პირველ ინტერვიუში მოვისმინეთ. შემდეგი საკითხია, დღეს „ოცნებაში" არის თუ არა ისეთი ჯგუფი, რომელიც ამ რესურსს გამოიყენებს. ორგანიზაციული მხარე აუცილებელია, მაგრამ თუკი მხოლოდ ორგანიზაციული მხარე იქნა, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს.

მას სჭირდება ძალიან სერიოზული პიარკამპანია, რომელიც ზურაბიშვილის მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ნულის ტოლი იყო. დაპატიმრებები ახლა ყოფილი მაღალჩინოსნებისა თუ სახელგანთქმული პიროვნებების ამ არჩევნებზე არ იმოქმედებს. სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი.

თუ ეს რესურსი ამოქმედდა, „ოცნებას" საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. თუ ეს რესურსი არ ამოქმედდება და მხოლოდ „ნაციონალების" უბედურებაზე ისაუბრეს, ამ შემთხვევაში „ოცნებას" მოგება გაუჭირდება.

„ქართულმა ოცნებამ" არჩევნები საკმაოდ კარგად უნდა მოიგოს. თუ არჩევნებზე 1,8 მილიონზე ნაკლები მივიდა, უკვე პრობლემები იქნება არჩევნების ლეგიტიმურობაზე. თუ არჩევნები გაყალბდა, ეს ყველაზე უარესი სცენარი იქნება.

„რ": დღეს „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების რეალურ შანსზე შეიძლება ვისაუბროთ?

ვ.ძ: ამ არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია გავიძახი, რომ „ქართული ოცნება" რეიტინგს კარგავს და რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ ეს პროცესი შემობრუნდეს. თითქოს რაღაცა გააკეთეს, ოღონდ არასწორად. ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ არა იქ, სადაც უნდა დაბრუნებულიყო.

იყო პერიოდი იმასაც კი ვფიქრობდი, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში ვერ გავიდოდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს და მეორე ტურში გადასვლის შანსიც გაიზარდა, მაგრამ მეგონა, რომ ამ ორ კანდიდატს შორის 5-7% მაინც იქნებოდა სხვაობა, თუმცა სხვაობა ნამდვილად არ არის.

პრობლემები „ქართულ ოცნებას" მუდამ ექნება. „ნაციონალური მოძრაობა" ამ არჩევნებს წააგებს თუ მოიგებს, უკვე შეიქმნა რაღაცნაირი პოლიტიკური ცენტრი. „ქართული ოცნებისთვის" შემდეგი ორი წელი ძალიან პრობლემური იქნება. „ოცნება" უნდა დაემშვიდობოს მშვიდ დღეებს, რადგან იქნება ურთულესი პერიოდი.

შეძლებს კი, ქართული საზოგადოება მესამე ალტერნატიული პოლიტიკური ძალისა და ჯგუფის შექმნას? ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა, მაგრამ თუ ვერ შეძლებს, რა თქმა უნდა, ის ჯგუფი მოიგებს, ვინც დღეს რეალური კონკურენტია.

მესამე ჯგუფში არ ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს." მესამე ჯგუფში ვგულისხმობ „ოცნებისა" და „ნაციონალების" მიღმა არსებულ ჯგუფებს. თუ ისინი შეძლებენ გაერთიანებას და ცენტრად ჩამოყალიბებას.

თუ არჩევნები გაყალბდა, ამან შესაძლოა პროცესი დააჩქაროს და არასტაბილურრი გარემო მივიღოთ. ნურავინ ილაპარაკებს, რომ ოპოზიციას შეუძლია დესტაბილიზაცია მოაწყოს. ოპოზიცია, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, რაღაც პროვოცირება შეუძლია, მაგრამ რეალურად დესტაბილიზაცია დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. ვინმეზე გადაბრალება მიუღებელია.

„ქართული ოცნება" ზედმეტად თავდაჯერებული იყო, მათ შორის ივანიშვილიც, რომელიც ბოლო წუთამდე ამბობს, რომ ჭარბი ნდობა აქვს და ეს ჭარბი ნდობა კი აორთქლდა. თუ საზოგადოებაში ვინმეს აქვს პოლიტიკური წონა, ეს ისევ ივანიშვილია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა იდეოლოგიური და იდეურ პოსტურატებს ჩადებენ ამ ერთ თვეში. აქ ლაპარაკი უკვე პრეზიდენტობაზე კი არ უნდა იყოს, არამედ მომავალზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×