ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „იმედი" შესაძლოა ჟურნალისტებმა კიდევ დატოვონ. ტელეკომპანია იმედის ორი ჟურნალისტის, მართა არდაშელიას და ქეთი ბრაჭულის მიერ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არც ჟურნალისტებს და არც ტელევიზიის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ინფორმაცია იმის შესახებ რომ "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადების გამო, ჟურნალისტებმა "ქრონიკა" დატოვეს, გუშინ გავრცელდა. ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტურ წრეებში, იმედიდან კიდევ ორი ჟურნალისტის შესაძლო წამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია - "იმედი" შესაძლოა ქრონიკის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვოს და მასთან ერთად არხიდან "იმედის კვირის" ჟურნალისტი წამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც არხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - " ტელეკომპანია „იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ „იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამი იყო განცხადებაში.
როგორც ჟურნალისტები პირად საუბრებში აცხადებენ, "იმედის" განცხადება მათთან და არხის სხვა თანამშრომლებთან შეთანხმებული არ იყო, რამაც მათი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია.
დაზუსტებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედი" დატოვა გადაცემა „იმედის კვირის" ჟურნალისტმა მართა არდაშელიამ. ჟურნალისტი ამ ეტაპზე დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის არ არის ერთადერთი, ვინც „იმედში" საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ სამსახურიდან წამოვიდა.
მართა არდაშელია გავრცელებულ ინფომაცია მედიასთან ადასტურებს. არდაშელიას თქმით, ის კომპანიიდან პირველ ნოემბერს წამოვიდა. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება, ტელევიზიის მიერ არჩევნების მეორე ტურში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას, ჟურნალისტი არ პასუხობს.
მედიაში ვრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედი, ასევე იმედის კვირის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა დატოვა. „რეზონანსი" მასთან დაკავშირებას ეცადა თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ასევე დეტალების დაზუსტების მიზნით საინფორმაციო სამსახურის უფროსთან, ნანა ლეჟავასთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ტელეკომპანია იმედი ასევე დატოვა ქრონიკის წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ და გადაწყვეტილების მიღების მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.