2021 წელს საქართველოს ნატო-ში სავარაუდო შესვლის გამო რუსეთი "კოლოსალური" სამხედრო ხარჯებისთვის ემზადება. რუსეთის ფედერაცია სოჭთან ახლოს ე.წ. "სამხედრო სარტყელის" აშენებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლის სურვილს განიხილავენ, როგორც პრობლემას, რომლის გადასაჭრელად მათთვის საჭირო იქნება თავდაცვის სისტემაში მეტი ინვესტიციის ჩადება.
დიპლომატმა განმარტა, რომ ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რათა პირობითი მოწინააღმდეგის მხრიდან წამოსული საფრთხე თავიდან აიცილონ:
"სოჭთან ახლოს მოგვიწევს სამხედრო სარტყლის აგება, ამისთვის კი კოლოსალური რესურსების დახარჯვა მოგვიწევს, რაც გარდაუვალია," - დასძინა კელინმა.
თუმცა ანდრეი კელინმა გამოთქვა "იმედი", რომ ნატო-ს წევრობა როგორც კიევისთვის, ასევე თბილისისთვის ახლო მომავალში განსახილველი საკითხი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ივლისში საქართველოში ყოფნისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.
2018 წლის მაისის ბოლოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო 2021 წელს გახდება ნატო-ს წევრი.
ცნობისათვის, პარასკევს, 2 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში შემოვიდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო გაერთიანების (SNMCMG2) 5 გემი, რომელთა შორისაა გერმანიის, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ესპანეთის ხომალდები.
სავარაუდოდ, ნატო-ს მიერ გამოგზავნილი გემები საქართველოს ტერიტორიაზე ორშაბათამდე, 5 ნოემბრამდე იქნება.
დაგეგმილია, რომ სამი დღის განმავლობაში ნატო-ს წარმომადგენლები საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩაატარებს ერთობლივ მანევრებს. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთქმედების დონე უნდა გაიზარდოს.