ეკატერინე ბასილაია
02.11.2018

 არჩევნებში ფაქტობრივი წაგების შემდეგ „ქართული ოცნება" ხალხის და ეკლესიის გულს მოსაგებად თუ „მოსაფერებლად" დიდ მობილიზებაზე გადავიდა და პირველი ნაბიჯებიც გადადგა. ხელისუფლებას მეორე ტურს წინ გაახსენდა მშიერი ბავშვებიც და კანაფის კულტივაციის შესაძლებლობით უკმაყოფილო ხალხი და ეკლესია.

დილით პატრიარქთან ირაკლი კობახიძისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ გაცხადდა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვევა, შუა დღისთვის კი მამუკა ბახტაძემ იანვრიდან სოციალურად დაუცველი 16-წლამდე მოზარდებისთვის 10-ლარიანი დახმარების 50-ლარამდე გაზრდა დააანონსა.

პლუს, ერთი დღით ადრე, ხუთშაბათს კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც ამ არჩევნებზე „ოცნების" შტაბის უფროსი და შესაბამისად პარტიის მთავარი სახე იყო. დააპატიმრეს ასევე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაც.

კახა კალაძემ კი დაანონსა, რომ ორშაბათიდან ხალხში გავლენ და „ყველა სახლში და სოფელში მივლენ". როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, კარლო კოპალიანმა ახსნა, „ხალხს მოეფერებიან".

„თუ მთავრობა ხალხს მოეფერება და დავინტერესდებით მათი პრობლემებიც, არჩევნებს მოვიგებთ", - მმართველი პარტიის სტრატეგია ახსნა კოპალიანმა.

რა იქნება „ქართული ოცნების" შემდეგი ნაბიჯი, რომ ხალხის გული მოიგოს და მეორე ტურში გაიმარჯვოს „ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯერ არ ვიცით. თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ნაბიჯები ხალხის გულის მოსაგებად არასაკმარისია და მმართველ ძალას „ნემსის ყუნწში უფრო მეტად გაძრომა" მოუწევს.

საგულისხმოა ის, რომ ყველა ეს ნაბიჯი, კანაფის კულტივაციის კანონპროექტიც, სოციალური დახმარების გაზრდაც ბავშვებისთვის და კორუფციის გამო დაკავებაც, ანალიტიკოსების თვალსაზრით სწორედ არჩევნებში „ოცნების" წაგებას უკავშირდება, თუმცა თავად მმართველი პარტია ასე არ მიიჩნევს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ კანაფის თემაა არჩევნებთან კავშირში და რომ მათმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განცხადა მათ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებზე ყველგან ხალხის ყველაზე დიდ უკმაყოფილებას კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იწვევდა და ამიტომაც გადაწყდა ამ პროექტის შეჩერება. დანარჩენი თემები კი უბრალოდ დაემთხვა არჩევნებს.

რაც შეხება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდას, ეს სიახლე ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და განაცხადა, რომ 50-ლარამდე დახმარების გაზრდა შეეხება 140 000 ბავშვს, რომ ამ საკითხზე მთავრობა დიდი ხანია მუშაობდა, მას შემდეგ, რაც „იუნისეფის" კვლევა გამოქვეყნდა და ამდენად ეს ცვლილება არჩევნებს არ უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ „იუნისეფის" კვლევა, სადაც სიღარიბის ზრდაზე იყოს საუბარი, ზაფხულში გამოქვეყნდა და 13 ივნისს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომის მიზეზადაც სწორედ „იუნისეფის" კვლევა და სიღარიბის ზრდა დასახელდა. ხელისუფლებას კი ამ კვლევიდან 4 თვის შემდეგ და არჩევნების წაგებიდან 5 დღის შემდეგ გაახსენდა სოციალურად დაუცველი ბავშვები.

ასევე კორუფციის ბრალდებით ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავების კავშირი არჩევნებთან კატეგორიულად გამორიცხა შს მინსტრმა. გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანების დაკავება და მათზე ბრალდების წარდგენა მოხდა მაშინ, როდესაც მტკიცებულებები შეიკრიბა.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას შეფასებით, მეორე ტურში „ოცნების" პრესტიჟს ექმნება საფრთხე, ამიტომაც მმართველი ძალა ცდილობს ნემსის ყუნწში გაძვრეს და ამიტომ დიდი მობილიზებაა.

„ოცნება" ყველანაირად ცდილობს ნემსის ყუნწში გაძვრეს, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც მათ განუდგა, უკან დაიბრუნოს. ამიტომ ეძებენ სხვადასხვა გზებს და ყველაზე ადვილი გზა ეს იყო კანაფის კანონპროექტის უკან გაწვევა. თან ეს ისე გააკეთეს, რომ თითქოს სახეც შეინარჩუნეს, მივიდნენ პატრიარქთან და თითქოს პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინეს. პატრიარქმა მანამდეც სთხოვა მათ რომ ეს პროექტი უკან გაეწვიათ, მაგრამ მაშინ იგნორირება გაუკეთეს, რადგან არჩევნებში წაგების ხიფათი არ ჰქონდათ. კიდევ ერთხელ გამოიყენეს პატრიარქის ავტორიტეტი. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შემწეობის გაზრდაც და ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებაც, ყველაფერ ამას დაჰკრავს ელფერი, რომ არჩევნებთანაა კავშირში. თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად უშველით, იმიტომ რომ ეს ორი თემა იყო მხოლოდ პრობლემების ნაწილი, უფრო მნიშვნელოვანი, სერიოზული პრობლემებია, რომელიც ამომრჩეველს არ მოსწონს. ამასთან დაკავშირებით თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებები , რომელიც ზოგიერთი ოფიციალური პირი აკეთებს, მათ არაფერი ეტყობათ, რომ პრობლემები გაიგეს. მაგალითად, რომელიღაც დეპუტატი ამბობს, რომ ახლა ხალხს უნდა მივუცუცქდეთ და სპეციალურად მოვეფეროთ, რომ არჩევნები მოვიგოთ-ო. ზუსტად არ მახსოვს რა სიტყვები იხმარა. ასევე თქვეს, რომ ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო და აქამდე სად იყვნენ! ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვერაფერი გაიგეს. მათ უბრალოდ გაიგეს, რომ მათ მმართველობა საფრთხე ემუქრება და მათი პრესტიჟი დგას საფრთხის წინაშე, ამიტომ აქვთ დიდი მობილიზება", - ამბობს კაკაჩია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×