ეკატერინე ბასილაია
02.11.2018

 „პატრიარქმა მანამდეც სთხოვა „ოცნებას" კანაფის კულტივაციის პროექტის გაწვევა, მაგრამ მაშინ იგნორირება გაუკეთეს, რადგან არჩევნებში წაგების ხიფათი არ ჰქონდათ. ახლა კი კიდევ ერთხელ გამოიყენეს პატრიარქის ავტორიტეტი... ამ არჩევნებით რეალურად გაიზომა ხელისუფლების რეიტინგი და ამან შექმნა პრობლემები. ამ რეიტინგის შემდეგ აღმოჩნდა, რომ "ოცნების" უძლეველობის შესახებ მითი დაიმსხვრა,"- აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

„რეზონანსი: დღეს დაანონსდა, რომ „ოცნება" კანაფის კულტივაციის კანონს პარლამენტიდან გაიწვევს და სოციალურად დაუცველ ბავშვებს 50 ლარამდე გაუზრდიან შემწეობას. „ოცნება" ამტკიცებს, რომ კანაფის თემა არჩევნებს უკავშირდება, რადგან ამომრჩეველს ყველაზე მეტად ეს არ მოსწონს, მაგრამ შემწეობის გაზრდა არჩევნებთან კავშირში არ არის. აღქმაა, რომ წაგების გამო გაახსენდა ხელისუფლებას ხალხის უკმაყოფილება და პრობლემები. თქვენი შეფასება როგორია, "ოცნება" ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს?

კორნელი კაკაჩია: მათ იციან, რომ ამ არჩევნებში მათ პრესტიჟს ექმნება საფრთხე და ყველანაირად ცდილობენ ნემსის ყუნწში გაძვრნენ და ის ამომრჩეველი, რომელიც მათ განუდგა, უკან დაიბრუნონ. ამიტომ ეძებენ სხვადასხვა გზებს და ყველაზე ადვილი გზა ეს იყო კანაფის კანონპროექტის უკან გაწვევა. თან ისე გააკეთეს, რომ თითქოს სახეც შეინარჩუნეს, მივიდნენ პატრიარქთან და თითქოს პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინეს. პატრიარქმა მანამდეც სთხოვა მათ პროექტის გაწვევა, მაგრამ მაშინ იგნორირება გაუკეთეს, რადგან არჩევნებში წაგების ხიფათი არ ჰქონდათ. კიდევ ერთხელ გამოიყენეს პატრიარქის ავტორიტეტი. ეს ორივე თემა წორდ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ არ ვიცი რამდენად უშველით, იმიტომ რომ, ეს ორი თემა იყო მხოლოდ პრობლემების ნაწილი, უფრო მნიშვნელოვანი, სერიოზული პრობლემებია, რომელიც ამომრჩეველს არ მოსწონს. ამასთან დაკავშირებით თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებებით, რომელსაც ზოგიერთი ოფიციალური პირი აკეთებს, მათ არაფერი ეტყობათ, რომ პრობლემები გაიგეს.

„რ": რას გულისხმობთ?

კ. კ: მაგალითად, რამდენიმე დეპუტატი საუბრობს, რომ ახლა ხალხს სპეციალურად უნდა მივუცუცქდეთ... ზუსტად არ მახსოვს სიტყვები...

„რ": განაცხადეს, რომ ხალხს თუ მოვეფერებით, არჩევნებს მოვიგებთო და დააანონსეს, რომ ორშაბათიდან დაიწყებენ ხალხში გასვლას.

კ.კ: სწორედ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვერაფერი გაიგეს. მათ უბრალოდ გაიგეს, რომ მათ მმართველობას საფრთხე ემუქრება, მათი პრესტიჟი დგას საფრთხის წინაშე და ამიტომ არიან მობილიზებულები. დიდი მობილიზებაა, ხედავენ, რომ სასწრაფო რეჟიმში რაღაც შესაცვლელია, თუმცა ის, რომ კონკრეტულად რამე გაიგეს, არავის ეტყობა, თუ მათი განცხადებებით ვიმსჯელეთ.

„რ": ხუთშაბათს დააპატიმრეს ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, ოცნების საარჩევნო შტაბის უფროს და პარტიის სახე. „ოცნება კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ დაკავებას არჩევნებთან აქვს კავშირი...

კ.კ: როგორ არ აქვს კავშირი?! ამ საკითხისთვის სინამდვილეში ახლა არავის ეცალა, არც არავინ მოისაკლისებდა, რომ ამ ადამიანებისთვის გადაევადებინათ და არჩევნების შემდეგ შეეფარდებინათ პატიმრობა. გარდა ამისა, ამ კორუფციულ საქმეში სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორზეც იყო ლაპარაკი და საერთოდ გაურკვეველია, მასთან დაკავშირებით რა მოხდება, გამოძიება მიმდინარეობს თუ როგორ არის. ეს ორი ადამიანი გაახსენდათ უცებ წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა დაჰკრავს ელფერი, რომ ეს დაკავება წინასაარჩევნოდ გამოიყენეს.

„რ": ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წაგებული არჩევნების გამო გაუხსენეს ამ ადამიანებს კორუფციის ბრალდება და ამით ლიფსიტაც გადაუგდეს ამომრჩეველს. თქვენ ასე აღიქვამთ?

კ.კ: სულ არაფერს მათი დაკავება სჯობდა. სხვა ოფიციალური პირების მიმართაც იყო კორუფციაზე საუბარი და მათ არ ჯერჯერობით ეხებიან, იმიტომ რომ, ეს ნიშნავს ღრმად უნდა წავიდნენ და ამით ხელისუფლება დაზარალდება.

„რ": არ ელოდებით, რომ კვირიკაშვილს, ქუმსიშვილს და ალავიძეს შეეხებიან?

კ.კ: ამ არჩევნების პერიოდში არ მგონია, რომ ეს გააკეთონ. რეალურად ეს ნიშნავს, რომ ის ტოტიც უნდა მოჭრან, რაზეც სხედან. ამიტომ ეს არარეალური იქნება. იმ ტოტს რომ შეეხონ, სადაც სხედან, შესაძლოა ისეთი რაღაცები გამჟღავნდეს, რომ ამას მთელი სისტემის ჩამოშლა მოჰყვეს. სისტემა დაინტერესებულია მინიმალური დანაკარგებით გავიდეს ფონს, რომ კორუფციას სისტემური ხასიათი კი არ ჰქონდა, არამედ ერთეული შემთხვევები იყოს. თუ გამჟღავნდა, რომ ამ დონეზეა კორუფცია, რომ მინისტრებიც არიან გარეულები, ამან შეიძლება უფრო წაახალისოს ამომრჩეველი მათ საწინააღმდეგოდ, რომ ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება მმართველობაზე ჰქონდეს პრეტენზია.

„რ": „ოცნების" ეს ნაბიჯები უშველის მათ, რომ მეორე ტურში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს?

კ.კ: ეს ნამდვილად არ ვიცით. ვხედავთ, რომ სახანძრო რეჟიმში ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ რამდენად უშველის და რამდენად დამარწმუნებელი იქნება, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.

რაც არ უნდა იყოს, ეს არჩევნები რომ წააგოს „ოცნებამ", ეს პერსპექტივისთვის ცუდია, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მთავრობის ცვლილების საკითხი დგება. ამიტომ ახლა წაგება არ არის ტრაგედია და სამოქალაქო ომზე მუქარად და შანტაჟის ენით საუბრად არ ღირს ეს არჩევნები, მაგრამ ვხედავთ, რომ "ოცნებამ" ცოტა გადაამლაშა. ყველა ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ ერთ დღეს შეიძლება წააგოს. ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს და ამომრჩეველზე იქედნურად საუბარი, რომ თითქოს ვერ გაუგო „ოცნებას", არ მგონია პროდუქტიული იყოს. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ან საკუთარი კანდიდატი დაესახლებინათ ან პირდაპირ გადაელოცათ პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციისთვის და მთელი კონცენტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის გაეკეთებინათ. ასევე, ყველაზე მთავარი რაც არის, ამით აირიდებენ იმას, რაც ახლა მოხდა. ახლა რეალურად გაიზომა ხელისუფლების რეიტინგი და ამან შექმნა პრობლემები. ამ არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ "ოცნების" უძლეველობის შესახებ მითი დაიმსხვრა და მიზეზი მათ მიერ დაშვებული შეცდომებია, რის გამოსწორებასაც თითქოს ახლა ცდილობენ, მაგრამ ძალიან ტრაგიკულად აღიქვამენ ამ დამარცხებას. ამ პარტიულ პოლიტიკას და ვიწრო პარტიულ კინკლაობას არ უნდა გადავაყოლოთ ქართული დემოკრატიის განვითარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×