"ამ დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომლებიც არჩევნების პირველ ტურში არ მივიდნენ, რომ ამ იდიოტებმა ეს საშიში მკვდარი გააცოცხლეს, ახლა მივალ და ხმას მივცემ არა "ოცნებას", არამედ სააკაშვილის წინაღმდეგო. ასეთები კი ბევრნი არიან" - ამბობს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.
პეტრე მამრაძე: შედეგი კომპლექსურად დადგა. პირველი ის, რომ ივანიშვილის მიმართ ხალხში ნდობა და მხარდაჭერა აღარ არის, ანუ ნდობის დეფიციტია. მეორე, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწბილებულია იმით, რომ "ოცნების" ცნობილი სახეები ზრუნევენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და არა ხალხზე და მზად არიან შეეკრან "ნაციონალებს", როცა ეს მათ ხელს აძლევს. მესამე ფაქტორი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში "ოცნების" გარკვეული ნაწილი ვერ იტანს, ამიტომ "ოცნების" მაჟორიტარები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ რაიონებში ამომრჩევლის დარაზმვა, მუშაობით თავს არ იკლავდნენ. მეოთხე, სააკაშვილმა საარჩევნო კამპანია ჩაატარა უკეთ, ვიდრე ქოცებმა, რადგან ეს საქმე "ნაციონალებმა" უკეთ იციან.
"რეზონანსი": თუმცა მეორე ტურისთვის "ოცნება" იმედს არ კარგავს, რომ ერთსულოვნება იქნება. რა უნდა გააკეთოს, რომ მეორე ტურში მისთვის სასურველი შედეგი დადგეს?
პ.მ: "ოცნებას" წესით დიდი არჩევანი არც აქვს. ახლა რომ დაიწყოს დაჭერები და ლოზუნგების სროლა მოსახლოებაში, ნდობას და სიმპატიას მაინც ვერ მოიპოვებს და ყველა იფიქრებს, რომ არჩევნების გამო აკეთებენ ამას და თუ გაიმარჯვებს, ისევ იგივეს გააგრძელებს. "ოცნებას" შეუძლია უხმაუროდ იმუშაოს მოსახლოებასთან ადგილებზე და რაღაც კონკრეტული შესთავაზოს.
"რ": მეორე ტურში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს "ევროპული საქართველო" და "რესპულიკელები" და იმედი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ.
პ.მ: "ევროპულ საქართველოს" ჰქონდა არჩევანი სააკაშვილსა და "ოცნებას" შორის, მაგრამ ისინი ანგარიშს უწევენ დასავლეთში საქართველოს პარტნიორების აზრს, იქ კი მიაჩნიათ, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა და პოლიტიკური მონოპოლიაა, მმართველ გუნდს პარლამენტში ჰყავს საკონტიტუციო უმრავლესობა და ფიქრობენ, რომ დემოკრატიული გზით პრეზიდენტი მაინც იყოს არჩეული. "ევროპულ საქართველოს" "ოცნებისთვის" ღიად რომ დაეჭირა მხარი, გამოვიდოდა, რომ მხარს უჭერენ პოლიტიკურ მონოპოლიას და არაფორმალურ მმართველობას. თანაც ისედაც "ევროქოცებს" ეხახიან და ეს თვითლუსტრაცია იქნებოდა. ოფიციალური განცხადება კი გააკეთეს, მხარს ვაშაძეს ვუჭერთო, მაგრამ იმ 10%-იდან, ბაქრაძემ რომ მიიღო, რამდენი მისცემს ხმას მეორე ტურში სააკაშვილს, საკითხავია.
რაც შეეხება "რესპულიკელებს", მათი ეს პოზიცია ახალი არ არის, ისინი ხომ მუდამ მზად არიან შეეკრან იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შანს მისცემს შევიდნენ პარლამენტში. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, ამ დღეებში ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება და სხვებსაც ეუბნებიან, ამ ორი პოლიტიკური ძალიდან მხარს არცერთს ვუჭერთ, მაგრამ ამ იდიოტებმა ეს საშიში მკვდარი გაცოცოხლეს, ამიტომ მივალ არჩევნებზე, ხმას მივცემ "ოცნებას" კი არა სააკაშვილის წინააღმდეგო. ანუ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დაბრუნების წინამღდეგი არიან. ასეთები კი საკმაოდ ბევრნი არიან.
"რ": თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის დაბრუნებით "ოცნება" ხალხს ვეღარ დააშინებს...
პ.მ: საკაშვილი ჩამოსვლას ნამდვილად არ აპირებს, რადგან კარგად იცის, რომ კიდევ ორი საქმეა ძიებაში და ვაშაძე ვერ შეიწყალებს, თუ ჩამოვა ჩაავლებენ ხელს და ციხეში ჩასვამენ. ისიც ძალიან კარგად იცის, რომ ვინც პირველ ტურში არ მივიდა, მივა მეორე ტურში მისი მიმართ სიძულვილისა და შიშის გამო და ხმას "ოცნებას" მისცემს. ამის განეიტრალებას ცდილობს დღეს სააკაშვილი, ყოველდღე ბოდიშის მოხდით და ფიცით, რომ ამიერიდან ცუდს არაფერს გააკეთებს. რადგან კარგად ვიცნობ სააკაშვილს, ვალდებული ვარ ყველას ვუთხრა, იგი ნამდვილად არ შეიცვლება და უარეს გააკეთებს, ვიდრე გაუკეთებია, ამბიციის გარდა, ახლა შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი.