მეორე ტურის წინ აქამდე წარმოუდგენელი დაპირებები გაიცემა
მარი ჩიტაია
02.11.2018

 ამომრჩევლების გულის მოგებას მთავრობა სოციალური პროექტებით ცდილობს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები დაასაქმონ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შემწეობის თანხა 5-ჯერ იზრდება. ამით, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოსახლეობა უფრო მეტად გახდება იოლ ფულზე დამოკიდებული და სტატუსის მოსაპოვებლადაც გაასმაგებით იბრძოლებს. მით უმეტეს, რომ, ფულადი დახმარება  მოქალაქეებს შემოსავლის გაჩენის შემთხვევაშიც შეუნარჩუნდებათ, მაგრამ შეიქმნება თუ არა სამუშაო ადგილები, ჯერჯერობით არავინ საუბრობს. 

ფაქტია, რომ მთავრობის უმოქმედობით განაწყენებული მოქალაქეების შემოსაბრუნებლად  მმართველი პარტია ყველა დათმობაზე წავა. ასეც იყო მოსალოდნელი - რეგულაციების გადავადდა, მარიხუანას კულტივაციის საკითხი მოიხსნა. უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში სხვა უამრავ დაპირებებსაც მოვისმენთ. სპეციალისტები კი ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების  სტრატეგიაზე ყურადღების გამახვილებას და უმუშევრობის შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

თუმცა, პირველ რიგში, მთავრობა აქცენტი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე აკეთებს. როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, 

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 

აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება. ცვლილება მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

მთავრობა ამასაც არ დასჯერდა და სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში გარკვეული სახის დახმარება მაინც შეუნარჩუნდება. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წინასაარჩევნოდ და შემდეგშიც მთავრობა კიდევ რამდენიმე შეღავათის შესახებ განაცხადებს, რამდენადაც წინ საპარლამენტო არჩევნებია და ამომრჩევლების კეთილგანწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სოციოლოგ პაატა აროშიძის თქმით, მთავრობამ უკვე გაითვალისწინა შეცდომები და ხალხს მეტ ყურადრებას მიაქცევენ. სოციალურად დაუცველთატვის შეღავათის დაწესება არ არის ცუდი გადაწყვეტილება, თუმცა უმჯობესია აქცენტი მათ ღირსეულ დასაქმებასა და უმუშევრობის შემცირებაზე გაკეთდეს.

"არჩევნების მეორე ტურამდე 3 კვირაა დარჩენილი, აქ ისეთი რადიკალური ზომების გატარება, რითაც "ქართული ოცნება" ამომრჩეველთა გულს მოიგებს, საკმაოდ რთულია. საჭიროა რაღაც ისეთი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მოსახლეობას დანახებს, რომ საქმე კეთდება და სოციალური პრობლემების გაუმჯობესებისკენ ნაბიჯი გადაიდგა. ჩვეულებრივ სიტუაციაში, არაწინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ეს კარგ ნაბიჯად ჩაგვეთვალა ხელისუფლებსითვის, მაგრამ დღეს ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება წინასაარჩევნო ქმედებად აღიქმება. 

მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიძნელეებს თუ გადალახავს, დარჩენილი 2 წელი უფრო მეტად იზრუნებს მოსახლეობაზე, სხვა გამოსავალი არ აქვს. გაცილებით უკეთესია, შემწეობის გაცემის ნაცვლად, მთავრობამ მათი დასაქმება უზრუნველყოს. ასე რომც განეცხადებინა, დავუშვათ, რომ ნოემბრიდან შექმნის სამუშაო ადგილებს, ვერავინ დაიჯერებდა. ურჩევნიათ, რაღაც რაოდენობით გაღებული თანხა, ვიდრე დაპირება, რომ მოქალაქეებს დაასაქმებენ“, - აცხადებს "რეზონანსთან" აროშიძე და დასძენს, რომ ამ ტიპის შეღავათებით მოსახლეობას რეალურად უმუშევრობისკენ წაახალისებენ. 

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდაჭერას ექსპერტების ნაწილი იწონებს, მაგრამ ასევე თვლიან, რომ ეკონომიკურ პროექტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე დამატებით იმ საკითხებზეც საუბრობს, რაზეც აქცენტის გაკეთება მთავრობისთვის პოპულისტური ნაბიჯი იქნება. 

"გადასახადების კუთხით შეღავათს არ ველოდები, მაგრამ თუ დაარეგულირებს ლარის კურსს, მთავრობას ესეც ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაეთვლება. უნდა ვაღიაროთ, რომ არაორდინალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. რა თქმა უნდა, საკითხი, რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ასე ერთბაშად ეს საკითხი ვერ მოგვარდება. 

მთავრობის ინიციატივაში ცუდ ვერაფერს ვხედავ, მაგრამ სამუშაო ადგილების მაძიებლებს დასაქმებაში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. ბევრი იკითხავს, ამ პერიოდში რატომ, მაგრამ იმდენად აუცილებელია მსგავსი აქტივობები, რომ სხვანაირად სოციალურად დაუცველთა მდგომარეობას ვერაფერს მოვუხერხებთ. 

სოციალური პროექტების გარდა, ამომრჩევლებს კიდევ ბევრი შეიძლება შევთავაზოთ,  მაგალითად, ვუთხრათ, რა ეტაპზე იქნება ეკონომიკური ზრდა, პენსიების მატება რეალურად რამდენით არის შესაძლებელი, დასახულ მაჩვენებლებს რა ვადებში მივაღწევთ, რამდენით შეიძლება გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა, მინიმალური ხელფასი რას მიაღწევს უახლეოს წლებში, რა გაკეთდება ინფრასტრუქტურაში და სხვა. ვერავის დავარწმუნებთ, რომ პენსია გახდება 400 ლარი, მაგრამ ამომრჩეველს შეგვიძშლია ვითხრათ, როდის მიაღწევს 270 ლარს. საორიენტაცია თარიღის დასახელება უკვე შესაძლებლად მიმაჩნია და ხელისუფლებამაც მსგავს საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება", - ამბობს "რეზონანსთნა" სილაგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×